"რა ვუყოთ, რომ შავი ვარ..." ანუ გენაცვალოთ უილ სმიტი! - კვირის პალიტრა

"რა ვუყოთ, რომ შავი ვარ..." ანუ გენაცვალოთ უილ სმიტი!

ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობი უილ სმიტი ქართული ყანწითა და ხანჯლით ხელში, - კადრი რაღა თქმა უნდა, აღტაცებასაც იწვევს და უმარავ კითხვასაც ბადებს. სად უილი და სად ქართული საბრძოლო და საქეიფო ატრიბუტები?! ფოტო ერთ-ერთ სოციალურ ქსელში გავრცელდა მცირე ანოტაციით, რომ სმიტი მოსკოვის ქართულ რესტორან "გენაცვალეში" იმყოფებოდა, სადაც გვარიანად მოილხინა და ყანწის, ხანჯლისა და ქართული ღვინის "მისტერიასაც" ჩასწვდა.

როგორც შევიტყვეთ, უილ სმიტი მოსკოვს ორჯერ სწვევია. ერთ-ერთი ვიზიტის დროს კი მასპინძლებს ქართულ რესტორანში საგანგებოდ მისთვის მოუწყვიათ ვახშამი. შევეცადეთ სმიტის "გენაცვალეში" სტუმრობის შესახებ ინტერნეტში უფრო ზუსტი ინფორმაცია მოგვეძიებინა. ასე წავაწყდით "გადარეული" ჰოლივუდელის შთაბეჭდილებებს.

მსფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა მსახიობმა თურმე ჯერ კიდევ რესტორანში სტუმრობისას გამოხატა აღფრთოვანება. მისი თქმით, “გენაცვალეს" გზაზე ქართული ნაციონალური კერძებითა და სტუმართმოყვარეობით განცვიფრებულმა აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, კოლინ პაუელმა დააყენა. თურმე მან დაჟინებით ურჩია "გენაცვალე VIP-ს" სწვეოდა. "მოსკოვში ჩაფრენისთანავე ვთხოვე ვიზიტის ორგანიზატორებს "გენაცვალეში" წავეყვანე. საღამომ მოლოდინს გადააჭარბა. ქართველებმა საჩუქრად გადმომცეს ძვირფასი ქვებით მოოჭვილი ხანჯალი და კავკასიური ყანწი, რომლითაც შესანიშნავი წითელი ღვინო მივირთვი და საუკეთესო ვახშამსაც გეახელით", - აღნიშნავს სმიტი.

ამბობენ, რომ  უილმა განსაკუთრებული ყურადღება მიიქციაო. თურმე, სმიტმა რესტორანში შესვლისთანავე ჰკიდა თვალი ქართულ ნაციონალურ ნივთებს და ნაბადი, ჩოხა და ფაფახიც კი მოიზომაო. ქართული ღვინით რომ შეზარხოშებულა, ყანწი აუღია და უთქვამს, აბა, ახლა ამ სასმისის ძალაც მაჩვენეთო. უილს სულმოუთქმელად დაუცლია ყანწი, რომელშიც დაახლოებით ლიტრამდე სასმელი ჩადის და მასპინძლების მიბაძვით გვარიანი სადღეგრძელოებიც უთქვამს. ამბობენ, რესტორნიდან გასვლის დროს ფეხი ერთხელაც კი არ არევია, არადა ღვინო ხარივით სვაო. არ ვიცით, ჩვენმა საინფორმაციო წყარომ იხუმრა, თუ მართლა ასე იყო, მაგრამ იმასაც ამბობენ, რომ ქართველებმა უილს სიმღერაც ასწავლეს ცნობილი ქართული კინოფილმიდან , "სიყვარული ყველას უნდა" - "რა ვუყოთ რომ შავი ვარ, დამწვარი ვარ მზისაგანო". თურმე უილი ჰოლივუდური აქცენტით მასპინძლებთან ერთად დრო და დრო მღეროდა. რესტორნიდანაც ამ მელოდიის ღიღინ-ღიღინითა და ჭირიმე-გენაცვალეთი გასულა.

ეკა ლომიძე (სპეციალურად საიტისთვის)