"რანი ვიყავით გუშინ, რანი ვართ დღეს..." - კვირის პალიტრა

"რანი ვიყავით გუშინ, რანი ვართ დღეს..."

მომავალ ხუთშაბათს, ჟურნალ "გზასთან" ერთად, მკითხველი ქართული პროზის საგანძურის სერიით მიიღებს სერგი ჭილაიას "შვილებს"

ოფიციალურ დოკუმენტებს დიდი სიზუსტით შეუძლია ადამიანის ცხოვრების ყოველი თარიღის აღნუსხვა, მაგრამ ვერც დოკუმენტები და ვერც აქა-იქ გაბნეული მოგონებები ვერ წარმოაჩენს სრულად ადამიანს. ბევრი რამ დროს გაჰყვება ხოლმე, ისე ჩაივლის, როგორც პეშვი წყალი თითებს შორის. მარტო ოფიციალური მონაცემებით კი, როგორი  სრულიც უნდა იყოს,  ძნელია წარსულის გაცოცხლება. ვკითხულობ სერგი ჭილაიას მოკლე ბიოგრაფიას: დაიბადა მარტვილში. 1936 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1940 წელს გახდა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი. 1929-31 წლებში მუშაობდა პედაგოგად ჯერ საინგილოში (სოფელ კახში), შემდეგ თიანეთის რაიონში (სოფელ სიმონიანთხევში).

1937-42 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი. 1942 წლიდან შეთავსებით მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტში. 1951 წლიდან იყო საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი. 1968 წლიდან 1993 წლამდე მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უახლესი ქართული ლიტერატურის კათედრის გამგედ.

გაცილებით მნიშვნელოვანია სერგი ჭილაიას მეორე სახე - იმ ფიქრებით სავსე, რომელსაც ვერ დაწერდა, ვერც იტყოდა, მზრუნველობით დაღლილი და დროთა სიავით დარდიანი...

ის იყო ადამიანი, რომელსაც შეეძლო მოქიშპეთა დამშვიდება, განმუხტავდა სიტუაციას მაშინაც კი, როცა აღარავის ჰქონდა იმედი. ბევრი რამ ჰქონდა ნანახი და გადატანილი. ისიც კარგად იცოდა, რა ჯოჯოხეთურ დროში ცხოვრობდა, როგორ ამხეცებდა ეს დრო ადამიანებს. თვითონ მოკრძალებით ცდილობდა, თვალი აერიდებინა სხვათა სიმდაბლისა და მოშურნეობისთვის.

არაერთი ღამე თეთრად გაუტეხია იმის მოლოდინში, რომ მასაც მისწვდებოდნენ. ამას ბევრი არ სჭირდებოდა - ერთი პატიმრის ჩვენება, - სერგი ჭილაია ჩემი თანამოაზრე იყოო... მიაჩნდა, რომ ხმამაღალი და საკუთარი ავტორიტეტის "ამამაღლებელი" საპროტესტო გამოსვლები (ასეთებიც იყო იმ დროს) ბევრი არაფრის მომცემი გახლდათ ტოტალურ სახელმწიფოში. საქმით უნდა გაეკეთებინა მეტი, თავისი შემოქმედებით ან თავისი მასწავლებლობით უნდა ეთქვა, რანი ვიყავით და რანი გავხდით...

ასეთი ამბავიც მომხდარა: არცთუ მშვიდ წლებში მისი ერთი სტუდენტი აფორიაქებული შეფრთხიალდა ჭარმაგ ლექტორთან. მისგან არაერთი ამბავი ჰქონდა მოსმენილი ტიციან ტაბიძეზე,  მიხეილ ჯავახიშვილზე... იცოდა, მასთან შეეძლო ეთქვა, რომ საიდანღაც ხელში ჩაუვარდა გრიგოლ რობაქიძის ლექსი, რომ ეს ლექსი ძალიან მოსწონს... უთხრა და წაუკითხა კიდეც თურმე. მდუმარედ უსმენდა ლექტორი. მერე ღიმილი გაუკრთა სახეზე: სხვაგან მაგ ლექსს ნუ წაიკითხავო, - უთხრა, გულში კი დაამატა, - ჯერ ნუ წაიკითხავ, თორემ წყალნი წარვლენ და წარმოვლენ...

ღირსება უმთავრესია, მისთვის ღირს სიცოცხლეც და სიკვდილიც. ღირსების გრძნობით სავსე წერდა "ეკატერინე ჭავჭავაძეს". თავისი წილი პროტესტიც, ახლების გამო, ამ წიგნში ჰქონდა ჩაქსოვილი და თავისი წილი სიამაყეც - ღირსეული ძველების გამო.

სიყრმის მეგობარი სწერდა: "თქვენი "ეკატერინე ჭავჭავაძე" ინტერესით წავიკითხე, დავამთავრე და გული დამწყდა... მომეჩვენა, თითქოს ზოგი რამ უთქმელი დაგრჩათ... სხვა არა იყოს რა, მე ეკატერინეს შვილების ბედიც მაინტერესებდა... ეპილოგში მაინც გეთქვათ ორიოდე სიტყვა მათზე..."

შვილებზე ახალი ნაწარმოები დაიწერა: "შვილები". სერგი ჭილაია წიგნის შესავალში წერდა: "ისე კი, გთხოვთ გამიგოთ, რომ მე ერთი კაცისა და ერთი ოჯახის ბედი არ მაინტერესებს, თუნდაც ისეთი დიდებული ადამიანისა, როგორიც ეკატერინე ჭავჭავაძე იყო. მე უფრო ის მაინტერესებს, რანი ვიყავით გუშინ, რა ინტერესით, ფიქრითა და ოცნებით ცოცხლობდა ჩემი ხალხი, ქართველი ერი, რანი ვართ დღეს და როგორი უნდა ვიყოთ ხვალ...

ამის გასაგებად ერთი კაცის ბედის აღწერა, რაგინდ დიდი ადამიანიც უნდა იყოს იგი, არ კმარა. მე ისიც ვიცი, რომ არც ერთი და ორი წიგნი არ დაიტევს მთელი ეპოქის ამბავს. ამიტომაც ქრონიკა დავარქვი ამ ჩემს წიგნებს. ქრონიკის ენით აღვნუსხე ის, რაც დიდებული და საინტერესო იყო გასულ საუკუნეში, რაშიაც უნდა მივბაძოთ ჩვენს წინაპრებს და ისიც აღვწერე, რაც უღირსი და უვარგისი იყო იმ დროში, რაც უნდა უკუაგდოს და თავიდან ჩამოიბერტყოს ჩემმა ხალხმა. ასე ვფიქრობდი მაშინ, როცა "ეკატერინე ჭავჭავაძეზე" ვმუშაობდი და ასე ვფიქრობ ახლა, როცა ეს მეორე წიგნი დავამთავრე. დიახ, ახლაც იმ აზრისა ვარ, რომ ერთი კაცის საქმენი და ბედი მთელი ერის ბედს არ უდრის. მაგრამ დიდ ადამიანებს დიდი წვლილიც აქვთ ერის ცხოვრებაში, თავიანთი ეპოქის სულიერ სამყაროში...

ჩვენ ალექსანდრე ჭავჭავაძის ულამაზესმა ასულმა დაგვაინტერესა, როგორც ქართველი პოეტების გაუხუნარმა მუზამ, რომელმაც მოხიბლა მთლად საქართველო, რუსეთის იმპერია და თვით პარიზიც განაცვიფრა. ამავე დროს, მისი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ურთიერთობანი, მისი პირადი დამოკიდებულება საყოველთაოდ გამოჩინებულ ადამიანებთან, ყველაზე ტიპურად წარმოგვისახავს მეცხრამეტე საუკუნის საქართველოს. ეკატერინე ჭავჭავაძე ის ოქროს ლურსმანი აღმოჩნდა, რომელზეც აკიდოს დარად ჩამოვკიდეთ, რაც ულამაზესი და უმშვენიერესი იყო ამ დროს საქართველოში. მაგრამ შიგ ძაღლყურძენაც გაერია, რადგან თვითონაც რთული არსება იყო და ეპოქაც გარდამავალი.

ისიც სათქმელია, რომ საქართველოს ეროვნული დროშა კუჭის პატრიოტიზმს აყოლილ ფეოდალებს ლაფში გადაეგდოთ და ვინმე იმათგანი თუ მოიგონებდა ამ დროშას, ისიც საკუთარი კარ-მიდამოსა და პირადი სასახლის კეთილდღეობისათვის.

მაგრამ საქართველო ბედს არ გაეწირა: მის ეროვნულ დროშას მეცხრამეტე საუკუნეშივე გამოუჩნდნენ ნამდვილი პატრიოტები, მამულიშვილები. მათ ჩამობერტყეს ტალახი და მტვერი, ერის სახელით ზეაზიდეს ერთიანი საქართველოს ეროვნული დროშა და ხალხს წაუმძღვარეს. ერთიანი საქართველოს ამ დროშას ეროვნული ლოზუნგები როდი აკმარეს - სოციალურიც წააწერეს: "შრომისა ახსნა" - ეგ არის ტვირთი, ძლევამოსილის ამ საუკუნის...

აქ გაიყარა გზები ძველი და ახალი საქართველოსი. ძველი საქართველოს მშვენება - ეკატერინე ჭავჭავაძე ახალი საქართველოს ბელადებს ჯერ გაებუტა, მერე ჩამოსცილდა სულიერადაც და ფიზიკურადაც.

საქართველო კი კვლავ ფეხზე იდგა, როგორც წაუქცეველი, ფესვმაგარი მუხა"...