ტოტალიტარიზმი მოკვდა, გაუმარჯოს ტოტალიტარიზმს(!)? - კვირის პალიტრა

ტოტალიტარიზმი მოკვდა, გაუმარჯოს ტოტალიტარიზმს(!)?

მე ბედნიერი თაობის წარმომადგენელი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ პურის რიგშიც ვმდგარვარ, ჰუმანიტარული დახმარების (ღმერთმა იცის რა შემადგენლობის მქონე) კატლეტები და ბურღულიც მიჭამია, სანთლის შუქზეც დამითხრია კითხვით თვალები და "სიგუას ნამცხვარიც" გასინჯული მაქვს, მაინც ბედნიერი თაობის წარმომადგენელი ვარ.

მე დავიბადე, მაგრამ არ მიცხოვრია საბჭოთა კავშირში. მხოლოდ გადმოცემით ვიცი, რომ იმ ძველ და კეთილ დროს, ბენზინი ცხრა თეთრი ღირდა და 37 მანეთად გადაფრინდებოდი მოსკოვში; ვიცი, რომ ქვეყნიდან გასვლა არ შეგეძლო და განსხვავებულ აზრს დევნიდნენ; ვიცი, რომ თავისუფალი სიტყვის ცნების მნიშვნელობა არავინ იცოდა და აკრძალული ხილი მაშინაც ისევე გემრიელი იყო, როგორც ყოველთვის. გადმოცემით კიდევ რაღაცები ვიცი და, მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს ვენდობი იმას, რაც საკუთარი თვალით არ მინახავს, დარწმუნებით ვამბობ, რომ მე ბედნიერი თაობის წარმომადგენელი ვარ.

შემეცნების დიდი გზა ჯერ კიდევ წინ მაქვს, მაგრამ საუკუნის მეხუთედის მანძილზე უკვე გავაცნობიერე, რომ ორი რაღაცის მეშინია:

1. სიკვდილის - როცა აგვისტოს ომის დროს თვალებში ჩავხედე;

2. ტოტალიტარულ რეჟიმში ცხოვრების - რომ არ მქონდეს გამოხატვის თავისუფლება.

მაშინ, როცა მაისის აქციები დაიწყო, გაკეთდა განცხადებები და ა.შ. ჩემს თავს ყველაზე უარესისთვის ვამზადებდი და ვცდილობდი, წარმომედგინა, რა მოხდებოდა, თუ უცებ ჩემი ქვეყნის ხელისუფლებაში მოვიდოდნენ ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ ოპოზიციის რიგებში ყოფნისას თითს მიქნევდნენ და მემუქრებოდნენ, არ დაგინდობო. ვფიქრობდი, როგორ ვიცხოვრებდი და, მივხვდი, რომ საერთოდ არ მინდოდა ტოტალიტარულ გარემოში ცხოვრება. მერე თავის დამშვიდება მწარე სიმართლით დავიწყე, რომ ადამიანი ყველაფერს ეჩვევა..

KvirisPalitra.Geსიმართლე გითხრათ, აქციის დარბევისა და შემდგომ, ურთიერთგამომრიცხავი დეტალების გავრცელების პარალელურად, იმის გამორკვევა დავიწყე, სად იწყება თავისუფლება და მთავრდება ტოტალიტარიზმი და პირიქით. დავიწყე და მივხვდი, რომ აზრი არ აქვს, რადგან თუ დავუკვირდებით, ეს ორი ცნება ერთმანეთისაგან დიდად არ განსხვავდება და თან ადამიანი მართლა ყველაფერს ეჩვევა თურმე: 2.40 ლარიანი ბენზინის ყიდვასაც და პირში წყლის ჩაგუბებასაც; ერთი და იმავე ქვეყნისადმი "ფობიასაც" და "ფილიასაც"; ერთდროულად ბედნიერ ქვეყანაში ცხოვრების ილუზიასაც და იმასაც, რომ ეს ილუზიაა და ბოლოს: შიშში ცხოვრებასაც ეჩვევა ადამიანი.

მაშინ, როცა განაზღვრული ჯგუფები, კონკრეტული მოცემულობის შემთხვევაში ტოტალიტარიზმში ცხოვრებით მაშინებენ და შემდეგ ამ რეჟიმისათვის დამახასიათებელ ქმედებებს თავად სჩადიან, ეჭვი მიჩნდება - ტოტალიტარიზმში ცხოვრების ეჭვი და როცა ამ ეჭვს არგუმენტების მოყვანის საშუალებას ვაძლევ, უკვე მესამედ ვრწმუნდები, რომ მართლა ყველაფერს ეჩვევა ადამიანი.

დიახ, მე ბედნიერი თაობის წარმომადგენელი ვარ. დარწმუნებული ვარ, ასევე ფიქრობდნენ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში მცხოვრები ახალგაზრდები.

თამარ კარელიძე (სპეციალურად საიტისთვის)