გვყავს თუ არა უგზო-უკვლოდ დაკარგულები?! - კვირის პალიტრა

გვყავს თუ არა უგზო-უკვლოდ დაკარგულები?!

26 მაისის შემდეგ ქართველმა უფლებადამცველებმა იმ პიროვნებების სია შეადგინეს, რომლებსაც ახლობლები ეძებდნენ და დაკარგულად მიიჩნევდნენ. ჩვენ დავინტერესდით, რამდენი მათგანი დაუბრუნდა ოჯახს და დღესდღეობით არიან თუ არა ჩვენს ქვეყანაში დაკარგულები. ამის გასარკვევად არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოებრივი დამცველის" ხელმძღვანელს, ირინა ფუტკარაძეს მივმართეთ. ქალბატონი ირინა აქტიურად იყო ჩართული დაკარგულთა მოძიების პროცესში:

- მაისის მოვლენების შემდეგ დაკარგული ადამიანების სია რამდენიმე ორგანიზაციამ შეადგინა. მათ შორის ჩვენი ორგანიზაციაც იყო. ცხელ ხაზზე განუწყვეტლივ შემოდიოდა მოქალაქეთა ზარები, ისინი გვიკავშირდებოდნენ, მოდიოდნენ და გვაწვდიდნენ ინფორმაციას თავიანთ ახლობლებზე, რომლებსაც 26 მაისის ღამის შემდეგ ვერ პულობდნენ. ამ წყაროების მიხედვით შეიქმნა სია, რომელმაც ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. შინაგან საქმეთა სამინისტრო დღემდე გვარწმუნებს, - დაკარგული და გაუჩინარებული ხალხი არ გვყავს იმიტომ, რომ ჩვენთვის არავის მოუმართავსო. უნდა გითხრათ, რომ 9 ადამიანი ამ სიიდან ჩვენ ვიპოვეთ: ზოგიერთი მათგანი დროებით დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა, ზოგიერთი თავად იმალებოდა სხვადასხვა მიზეზების გამო. დღემდე რჩებიან ადამიანები, რომელთა ადგილსამყოფელი ჩვენ არ ვიცით, არც ის ვიცით დაბრუნდნენ ოჯახებში თუ არა.

- ქალბატონო ირინა, რატომ გახდა აუცილებელი ამ სიის შედგენა?

- 26 მაისის ღამეს, როცა ეს საშინელი დარბევა მოხდა, ძალიან ბევრი ადამიანი დააკავეს და გადაიყვანეს დროებით დაკავების იზოლატორებში. მათ "კონვეიერული სისტემით" მიუსაჯეს პატიმრობა, ამიტომ ბევრ მათგანს ადვოკატიც კი არ ჰყოლია სასამართლოზე.

თანაც, დაირღვა მათი კიდევ ერთი უფლება: არ მისცეს საშუალება ოჯახის წევრებს დაკავშირებოდნენ, ეს მაშინ, როცა დაკავებულს აქვს უფლება ერთი ზარით შეატყობინოს ოჯახს თავისი ადგილსამყოფელი. სისხლის სამართლის კოდექსში ეს პირობა პირდაპირ არის ჩადებული.

აქედან გამომდინარე, ოჯახის წვერებმა არ იცოდნენ ვინ სად იმყოფებოდა, ზოგს გარდაცვლილი ეგონა თავისი შვილი, ძმა, ან ქმარი და ბუნებრივია, ღელავდა მის გამო.

- ერთი კონკრეტული მაგალითი მოგვიყვანეთ, რომელიც ძალიან ჰგავს სხვებს...

- ძალიან ნიშანდობლივი იყო მირზა კოჩაძის ამბავი, რომლის პოვნაც მე პირადად, წერილობით ვთხოვე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც და შინაგან საქმეთა მინისტრსაც. მართალია, ვიცოდით, რომ დაკავებული იყო, მაგრამ ოჯახს აინტერესებდა, სად იყო ის. გვეგონა, რომ  თბილისის ნომერ მე-2 დაკავების იზოლატორში იქნებოდა, მაგრამ ნახევარი საქართველო მოატარეს - ჯერ გადაიყვანეს ბორჯომში, მერე ხაშურში და ბოლოს ახალციხეში აღმოვაჩინეთ. რამდენიმე დღის განმავლობაში ოჯახი მირზა კოჩაძეს უშედეგოდ ეძებდა. ანალოგიურ მდგომარეობაში იყო ბევრი დაკავებული.

დღეს არავინ იცის დაკარგულთაგან გამოჩნდა თუ არა ყველა, მით უმეტეს, რომ ეს სია სავარაუდო იყო, ის არ იყო ზუსტი, ახლობლებმა არ იცოდნენ სად იყო მათი ოჯახის წევრი, ზოგიერთი ღამის 2-3 საათზეც კი გვირეკავდა და სიაც მათი მონაცემების მიხედვით შევქმენით. საბედნიეროდ, ზოგიერთი მათგანი გამოჩნდა, ზოგი ალბათ აღარ შეგვეხმიანა და ამიტომ გადაჭრით რაიმეს თქმა მიჭირს.

- რატომ არ სურდათ, რომ დაკავებულები ოჯახის წევრებს ენახათ?

- ძალიან ბევრ მათგანს მოატარეს ნახევარი საქართველო, ისევე, როგორც მურმან დუმბაძეს, რომელსაც იმდენად რთული მდგომარეობა ჰქონდა, რომ მის სანახავად წითელი ჯვარი შევიდა. რატომ ჰქონდათ გასაიდუმლოებული პატიმრების ვინაობა? - თბილისის დროებით დაკავების იზოლატორთან ჩემი თვალით ვნახე ძალიან ბევრი უმოწყალოდ ნაცემი მოქალაქე. ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია ცდილობდა დაეცვა ამ ადამიანთა უფლებები. აქედან გამომდინარე, არ უნდოდათ ჩვენს ადვოკატებს ეს დაზიანებები ენახათ, ზოგს ცხვირი ჰქონდა მოტეხილი, ზოგიერთი დალურჯებული და სასტიკად ნაცემი იყო. აქედან გამომდინარე, შსს-ის ეს უწყება გვიმალავდა, თუ სად იყვნენ ეს მოქალაქეები. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც მათ მალავდნენ.

- რამდენი ადამიანი არ გამოჩენილა დაკარგულთა სიიდან?

- იმ სიაში, რომელიც ჩვენმა ორგანიზაციამ შეადგინა და შემდეგ სხვებიც შემოგვიერთდნენ, სულ 49 ადამიანი იყო. ბევრი მათგანი გამოჩნდა, მაგრამ ჩვენ ხელთ არა გვაქვს ყველას საკონტაქტო ინფორმაცია, ამიტომ არ შეგვიძლია გადავამოწმოთ. აქედან გამომდინარე, ეს სია უკვე აღარ არის სანდო. ამ 49 კაციდან დაახლოებით 17-ის ადგილსამყოფელი ჩვენთვის უცნობია, თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ ისინი უკვე შინ დაბრუნდნენ.

დანამდვილებით ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ვფიქრობ, რომ დაკარგულები აღარ გვყავს.

ამ გაურკვევლობისა და ქაოსის შექმნაში მე პირადად შს სამინისტროს და მის დაქვემდებარებულ უწყებებს ვადანაშაულებ. ორი-სამი დღის განმავლობაში ადვოკატებს არ უშვებდნენ დროებით დაკავების იზოლატორებში. მხოლოდ დიდი განგაშისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარევის შემდეგ გახდა შესაძლებელი მათი მონახულება. სწორედ ამიტომ შეიქმნა ქაოსი.

ხათუნა ჩიგოგიძე (სპეციალურად საიტისთვის)