რა ხდება ”მედია პალიტრაში” - კვირის პალიტრა

რა ხდება ”მედია პალიტრაში”

შემოწმების 56-ე დღე

შემოწმება დასრულდა, შემოწმება გრძელდება...

29 ივლისს შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული შემოწმების ვადა ამოიწურა, თუმცა ახალი ბრძანებით შემოწმება კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდა.

როგორც ცნობილია, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა 7 ივნისს "მედიაპალიტრის" ექვს სხვადასხვა ორგანიზაციაში არაგეგმური შემოწმება ერთდროულად დაიწყო. სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის პროცესში დალუქული იყო 4 ორგანიზაციის საწყობები, სადაც შემოსავლების სამსახურის შესაბამისმა დეპარტამენტმა ასეულობით დასახელებისა და მილიონობით ლარის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები დაწვრილებით აღწერა. 28 ივლისის აქტებით ცნობილი გახდა ინვენტარიზაციის ოფიციალური შედეგები: შპს "პოლიგრაფიული მასალების" შემთხვევაში სხვაობა ბუღალტრულ და ფაქტობრივ ნაშთებს შორის ძალზე მცირე იყო, შესაბამისად ჯარიმა მხოლოდ 200 ლარით განისაზღვრა. შპს "ჯეპ"-ში გამოვლენილი დანაკლისისა და ზედმეტობისთვის საერთო ჯამში ჯარიმა 1. 372 ლარით განისაზღვრა. "გამომცემლობა პალიტრა L"-ს ჯარიმა 3.495 ლარი დაეკისრა; შპს "კოლორის" სტამბისთვის (სადაც სხვადასხვა გამომცემლობის 200-ზე მეტი დასახელების პერიოდიკა იბეჭდება) დაკისრებული ჯარიმის ოდენობა 10. 556 ლარს შეადგენს.

ნუგზარ ლეკიაშვილი ("მედიაპალიტრის" ფინანსური მენეჯერი): "რა თქმა უნდა, ინვენტარიზაციის ასეთ შედეგებს ველოდით, ამიტომ დასკვნა ჩვენთვის მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა. ვფიქრობ, ის მცირედი ცდომილებებიც, რომლებიც აღმოჩნდა, ბუღალტრული აღრიცხვის დროს დაშვებული მექანიკური შეცდომებით იყო გამოწვეული. ჩვენთან მატერიალური ფასეულობების საკმაოდ დიდი ბრუნვაა და ასეთ დროს მცირე ხარვეზების ალბათობა ყოველთვის არსებობს და შეიძლება ითქვას, რომ სამუშაო პროცესის თანმხლებია. მსგავსი მოლოდინი გვაქვს ფინანსური დოკუმენტაციის აუდიტის შედეგების თვალსაზრისითაც. ჩვენი მხრიდან გადასახადების დამალვას და საგადასახადო კოდექსის დარღვევას ადგილი არასდროს ჰქონია, ამიტომ შესაძლოა იქაც მხოლოდ მცირედი მექანიკური ან უნებლიე ცდომილებები აღმოჩნდეს."

ირაკლი ლექვინაძე (ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში): "შედეგები, რომელიც "მედიაპალიტრის" 4 დამოუკიდებელ სტრუქტურაში ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად დადგა, ცხადყოფს, რომ ყველა ეს სტრუქტურა წლების განმავლობაში სწორი და გამართული ბუღალტერიით მუშაობდა. იმთავითვე, როდესაც შემოსავლების სამსახური ერთდროულად, მოულოდნელად შევიდა "მედიაპალიტრის" რამდენიმე ორგანიზაციაში, ამან საზოგადოებაში ძალიან ბევრი ეჭვი და ვარაუდი გააჩინა. ფინანსური სამსახურის მოულოდნელი სტუმრობა მედიაჰოლდინგში უმალ იქცა საზოგადოების ინტერესის საგნად. გაჩნდა მოსაზრებები მათი რეალური "სტუმრობის", შესაძლო მიზნების შესახებ. და არცთუ უსაფუძვლოდ, რადგან ბოლო დროს ბევრი ისეთი შემთხვევის მოწმე გავხდით, როდესაც კომპანიებს არარსებული დარღვევების გამო მასშტაბურ ჯარიმა-საურავებს არიცხავენ. ზოგჯერ ასეთი ვითარება კომიკურიც კი ხდება იმის გამო, რომ დაკისრებული ჯარიმა-საურავები დაჯარიმებული კომპანიის ფინანსურ შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად აღემატება.

თუმცა, ასეთი მოულოდნელი შემოწმების პირობებში ჩატარებულმა ინვენტარიზაციამაც კი საუკეთესო შედეგები აჩვენა. ის, რომ "მედიაპალიტრის" 4 კომპანიაში უმნიშვნელო განსხვავებები აღმოჩნდა, მიუთითებს იმაზე, რომ ეს ორგანიზაციები აბსოლუტურად გამართულად მუშაობდნენ და ყველა ის ვალდებულება, რომელიც გააჩნდათ პარტნიორების, მომხმარებლების თუ სახელმწიფოს წინაშე, პირნათლად სრულდებოდა.

უნდა გამოგიტყდეთ, ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ "მედიაპალიტრის" ორგანიზაციებში ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგები ასეთი დადებითია და მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელ ვითარებაში ბიზნესის ასეთი გამართული მუშაობა მართლაც დასაფასებელია.

შესაბამისად, თუ ინვენტარიზაციის ნაწილში ყველა დოკუმენტი ფაქტობრივად წესრიგში იყო, იმედი მაქვს, მსგავსი შედეგი დადგება ფინანსური აუდიტის დასრულების შემდეგაც."

ინვენტარიზაციის შედეგების კომენტირება თავად შემოსავლების სამსახურსაც ვთხოვეთ, მაგრამ ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო, მათ თავი შეიკავეს. "შედეგები სახეზეა და რა შეფასება უნდა გავაკეთოთო", - დაახლოებით ასეთი პასუხი გაგვცეს.

მართალია, ინვენტარიზაცია დასრულდა და შედეგებიც სახეზეა, მაგრამ ფინანსური აუდიტი 6-ივე კომპანიაში ისევ გრძელდება.

ნუგზარ ლეკიაშვილი: "იმედი გვქონდა, რომ შემოსავლების სამსახურის საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფი 1 თვის ვადაში ჩაეტეოდა და ფინანსური დოკუმენტაციის რევიზიას ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში დაამთავრებდნენ. თუმცა, როგორც ვადის ამოწურვის შემდეგ გახდა ცნობილი, მათ "მედიაპალიტრაში" ყოფნის ვადები კიდევ ერთი თვით გაიხანგრძლივეს და თან 3 რევიზორი კიდევ დაიმატეს. ახლა მთლიანობაში შემოწმებაში 25 სპეციალისტია ჩართული.

კანონის შესაბამისად, საგადასახადო უწყებას უფლება აქვს ორჯერ თითო თვით გადაავადოს ფინანსური აუდიტის ვადები და შემოწმების საერთო ვადა სამ თვემდე გაიხანგრძლივოს, მაგრამ საამისოდ, ობიექტური მიზეზი უნდა არსებობდეს, მაგალითად, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უნდა წარადგინონ მყარი არგუმენტი, თუ რატომ ვერ მოასწრეს განსაზღვრულ ვადებში წარმოდგენილი დოკუმენტების შემოწმება.

მას შემდეგ, რაც "მედიაპალიტრაში" შემოსავლების სამსახურმა არაგეგმური შემოწმება დაიწყო, 2 თვე იწურება. როდემდე გასტანს "მედიაპალიტრის" ნებისმიერი თანამშრომლისთვის ეს არცთუ სასიამოვნო პროცესი, უცნობია.

"მედიაპალიტრაში" მიმდინარე პროცესებს ყურადღებით აკვირდებიან სხვა მედიასაშუალებები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები. კოალიციამ "მედიის ადვოკატირებისთვის" 28 ივლისს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია: "მედიაპალიტრის" სრული საფინანსო შემოწმება ამ ეტაპზეც მიმდინარეობს. ეს პროცესი კვლავ რჩება კოალიციის ინტერესის სფეროში. ამ მიზნით, კოალიცია გეგმავს დამოუკიდებელ აუდიტორთა ჯგუფთან თანამშრომლობით დეტალურად შეისწავლოს საგადასახადო ორგანოს შემოწმების შედეგები და საზოგადოებას მიაწოდოს ალტერნატიული მოსაზრებები შემოწმების შედეგების კანონიერებისა და სამართლიანობის თაობაზე".

"მედიაპალიტრა" მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს თუ ორგანიზაციას, ვინც ამ ხნის განმავლობაში "მედიასახლში" მიმდინარე მოვლენებით ინტერესდება და თანადგომას გვიცხადებს.