ID ბარათი ახალი სერვისი თუ ადამიანის ტოტალური კონტროლი?! - კვირის პალიტრა

ID ბარათი ახალი სერვისი თუ ადამიანის ტოტალური კონტროლი?!

"პიროვნების საიდენტიფიკაციო რეგისტრაცია სხვა გზითაც არის შესაძლებელი და ჩვენს ქვეყანას ელექტრონული ბარათი არ სჭირდება" - განაცხადა ინგლისის პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა და თავის ქვეყანაში ID ბარათებზე კანონპროექტი გააუქმა...

საქართველოში ელექტრონული ბარათზე გადასვლა ბათუმში გრანდიოზული კონცერტით აღინიშნა და ცენტრალური ტელევიზიების საშუალებით მის განსაკუთრებულ თვისებებს კარგა ხანს აპიარებდნენ; ID  ბარათზე უამრავი ინფორმაციაა დატანილი, მათ შორის - მოქალაქის მისამართი და თუ ადამიანი საცხოვრებელ მისამართს შეიცვლის, მას ID ბარათის გამოცვლა არ მოუწევს... გარდა ამისა, ელექტრონული ბარათი გამოიყენება საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამგზავრო, საბანკო პლასტიკური, დაზღვევის, სტუდენტური, სამსახურებრივი და დაგროვებითი ბარათის ნაცვლად.

იუსტიციის სახლის ვებგვერდზე უკვე მოქმედებს სპეციალური ველი, სადაც მოქალაქემ უნდა მიუთითოს თავისი ბარათის სერიული ნომერი და მისი მისამართი და სხვა პერსონალური მონაცემი ეკრანზე მყისიერად გამოჩნდება. ამ საბუთით შესაძლებელია, პიროვნების იდენტიფიკაცია დისტანციურად, ინტერნეტის საშუალებით. ძველი პირადობის მოწმობის ახალი, ელექტრონული მოწმობით შეცვლა მხოლოდ იმ შეთხვევაშია აუცილებელი, თუ ძველს ვადა გაუვიდა, დაზიანდა, დაკარგეთ, ან მფლობელის სურვილით საკუთარი სახელისა და გვარის შეცვლა მოხდა.

ID ბარათში მოთავსებულია ორი ელექტრონული მატარებელი: კონტაქტური და უკონტაქტო, პირველზე ადამიანის პერსონალური მონაცემებია დატანილი,  მეორე - სხვადასხვა სახის სერვისების მიწოდებისთვის არის განკუთვნილი.

ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ID ბარათით სახელმწიფო მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრების ტოტალურ კონტროლს შეძლებს. მისივე თქმით, შესაძლოა, "ამ ბარათის შემოღება ადამიანთა მუტირებისკენ, ანუ ღმერთისგან ბოძებული თავისუფალი პიროვნებიდან რაღაც მატრიცის შემადგენელ ელემენტად გადაქცევისკენ იყოს მიმართული":

- ამ ბარათის საშუალებით სახელმწიფო ადამიანებს პიროვნულ თავისუფლებას ართმევს და მატრიცაში გადაჰყავს. იმაზე არავინ ფიქრობს, თუ რა ზიანი შეუძლია მოუტანოს მან ადამიანთა სულიერ განვითარებას. გლობალიზაციას ტექნოლოგიური განვითარება მოაქვს, მაგრამ ამავდრიულად ადამიანები ცხოვრებას მატრიცაში იწყებენ. ანუ ამ ბარათით ნებისმიერი ადამიანის ტოტალური კონტროლი შეიძლება. ბარათზე დაგროვილი ნებისმიერი ინფორმაცია, როგორც ლეგალურად, ისე არალეგალურად, სხვადასხვა სახით ადამიანზე ზემოქმედების საშუალება ხდება. თუმცა ზედაპირულად თუ შევხედავთ, ეს არის დამატებითი სერვისი, რაც ადამიანს ცხოვრებას უდვილებს, მაგრამ ეს გაადვილება ე.წ. საბელის დამოკლების ხარჯზე ხდება და ადამიანის პირადი ცხოვრების კონფიდენციალობის უფლებებს არღვევს.

- კი მაგრამ, თუ სახელმწიფოს დასჭირდა, ნებისმიერ მოქალაქეზე სასურველი ინფორმაციის მიღებას ბარათის გარეშეც ხომ შეძლებს?

- დიახ, მაგრამ ეს არის ფარული კონტროლი, რომლის პრევენციაც შეუძლებელი ხდება... მათ ეცოდინებათ, თქვენი საბანკო ანგარიშები და ტრანსპორტით მგზავრობის დროც კი, ანუ რითი სუნთქავს ადამიანი და როცა პიროვნების გაშიფვრა თავიდან ბოლომდე შესაძლებელი ხდება, ამას სასურველი მხარე მის სასარგებლოდ განხორციელდეს.

მაგალითისთვის გეტყვით, თუ ვინმეს ჩემს შესახებ კონსოლიდირებული ინფორმაცია ექნება და ჩემს მიმართ არაკეთილსინდისიერად არის განწყობილი, ნებისმიერი დეტალით მანიპილურებას შეძლებს. ანუ ადამიანი დამოკიდებული ხდება ციფრულ კოდზე, რომლის გაგებისა და ინტერნეტში შეყვანის შემთხვევაში, ეკრანზე ჩნდება სად და როდის ისადილა, როდის და რით იმგზავრა, საბანკო ანგარიშზე რამდენი აქვს, სად რამდენჯერ დარეკა... თან ინფორმაცია მხოლოდ სახელმწიფოსთვის არ იქნება ხელმისაწვდომი, - შესაძლოა, ესა თუ ის ადამიანი ჰაკერების სამიზნეც გახდეც. რაც მთავარია, ამ კოდის დაზიანების შემთხვევაში, შესაძლოა, ადამიანი "გაქრეს".

- რას გულისხმობთ?

- თუ ადამიანს დაუბლოკავენ ყველაფერს, ბიოგრაფიულ და პერსონალურ მონაცემებს, საბანკო ანგარიშებს, რის შემდეგაც, ის უბრალოდ ვერ იარსებებს. გარდა ამისა, პიროვნების იდენტიფიცირება ღმერთისგან ბოძებული თავისუფლებით კი არა, კოდირებული ინფორმაციით ხდება... როცა ტექნოლოგიური განვითარება ადამიანის სულიერ განვითარებას ასწრებს, ეს ცუდ შედეგამდე მიგვიყვანს, მით უფრო - საქართველოს დონის ქვეყანაში.

- მართლმადიდებელი საზოგადოება საუბრობს იმაზეც, რომ ეს არის ანტიქრისტეს ნიშანი...

- თეოლოგიურ საკითხებზე საუბარი მიჭირს, ამაში სასულიერო პირები უფრო კომპეტენტური არიან, მაგრამ ძალიან ბევრი ქვეყნის ხელისუფლებამ ელექტრონული ბარათის გამოყენებაზე უარი თქვეს, რადგან დემოკრატიულ ქვეყანაშიOადამიანის ტოტალური კონტროლი მიუღებელია. არიან მსოფლიოში ისეთი საზოგადოებები, რომელსაც პიროვნულ თავისუფლებას, მატრიცის თავისუფლება ურჩევნიათ, მაგრამ ქართველი საზოგადოება ასეთი არ არის.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)