რკინიგზის სამასმილიონიანი პროექტი ვადაზე ადრე, 2013 წლამდე დასრულდება - კვირის პალიტრა

რკინიგზის სამასმილიონიანი პროექტი ვადაზე ადრე, 2013 წლამდე დასრულდება

”მეც მაქვს კონსტიტუციით მონიჭებული სუნთქვის უფლება”

რკინიგზის დედაქალაქიდან გატანა და შემოვლითი გზის პროექტი შეიძლება ვადამდე ადრე დასრულდეს, მაშინ, როცა მისი რეალიზება 2013 წლამდე იყო დაგეგმილი. ავჭალაში გვირაბი უკვე გაყვანილია, ახლა გვირაბამდე გზას ამაღლებენ, შედარებით დაბლა კი, სარკინიგზო რელსებიდან 35-ოდე მეტრში, ხალხმა უნდა იცხოვროს. ასეთია შპს ”რკინიგზის” და ეკოლოგიურ საკითხებზე მომუშავე ”გამაჯგუფის” გადაწყვეტილება. რა თანხა დაიხარჯა გასახლებისთვის, რომელი ახალი უბანი გაჩნდება დედაქალაქის ცენტრში და რა სარგებლობას მოიტანს თბილისური ”შანზელიზე”,  სწორედ ამის გარკვევა ვცადეთ.

ნინო ფხაკაძე, შპს ”საქართველოს  რკინიგზის” იურიდიული სამსახურის უფროსი: "დედაქალაქში გამავალი რკინიგზა ქალაქის განვითარებას ხელს უშლის. ის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ხელოვნური ზღუდეა, ბუნებრივი კი მტკვარია, რომელიც ქალაქს შუაზე ყოფს. ამიტომ ბევრი უბანი ინფრასტრუქტურულად ნაკლებადაა განვითარებული. ჩვენ გვაქვს პატარა ცენტრი და ბევრი გარეუბანი, რომელიც სინამდვილეში ცენტრია, მაგრამ მისი სათანადო განვითარება და ინტეგრაცია ვერ ხერხდება. შემოვლითი გზის დაპროექტებაზე საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა და საფრანგეთის რკინიგზის შვილობილმა კომპანიამ გაიმარჯვა. პარიზში 6 სარკინიგზო სადგურია. მართალია, საფრანგეთის დედაქალაქიდან სრულიად არ არის გატანილი რკინიგზა, მაგრამ სატვირთო მატარებლები დედაქალაქში ნამდვილად არ მოძრაობს.

- რა თანხაა საჭირო ამ პროექტისთვის?

- დაახლოებით სამასი მილიონი ევრო. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან აღებული სესხი ას მილიონ ევროს შეადგენს, დაფინანსების მეორე წყარო ევროფონდები და ევროობლიგაციებია, არის რკინიგზის შიდარესურსებიც. შემოვლით გზას ქართულ-ჩინური კომპანია აშენებს. მას  ზედამხედველობას  უცხოური კომპანია უწევს. პროექტის  დასრულება დაგეგმილია 2013 წლისთვის, მაგრამ შეიძლება სწრაფი ტემპით მუშაობაც და ასეთ შემთხვევაში ვადა წინ გადმოიწევს.

უკვე ცნობილია, რომ ფრანგული კომპანია ”აპური” დედაქალაქში გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე ახალი სარეკრიაციო ზონის დაპროექტებაზე იმუშავებს. თბილისის ცენტრში ეკოლოგიურად სუფთა უბანი შეიქმნება და სავარაუდოდ, თბილისი-სიტი დაერქმევა. ყოველი 20 ჰექტარი მონაკვეთის შემდეგ 5 ჰექტარი მაინც იქნება გამწვანებული. მოკლედ, თბილისში ელისეს მინდვრებისმაგვარი ბულვარი გვექნება, საველოსიპედო გზებითურთ.

- გასახლება რომელ უბნებს შეეხო და დასრულებულია თუ არა?

- შეეხო გლდანს, ავჭალას, ზღვის მიმდებარე კერძო საკუთრებაში არსებულ მიწებს, ლილოს დასახლებას. ასე რომ, საჭირო ტერიტორიები გათავისუფლებულია. თავდაპირველად, 600 მიწის ნაკვეთი დავარეგისტრირეთ და კომპენსაციები გავეცით. გარდა ამისა, 80 სახლი ნგრევის ზონაში მოხვდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ კიდევ 200 მიწის ნაკვეთის ყიდვა იყო საჭირო...

- როგორ წარიმართა გასახლების პროცესი?

- ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ამ პროექტით ყველა კმაყოფილი დარჩენილიყო. ტერიტორია 15 ზონად დავყავით. ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ვთხოვეთ გასახლების ზონაში მოხვედრილი ქონების შეფასება. აღირიცხა მიწის ნაკვეთზე არსებული უძრავი ქონება, ნარგავები, მცენარეთა ასაკი, საკომუნიკაციო საშუალებები და ისე შეფასდა მათი თვითღირებულება. ექსპერტიზის ბიურომ გაითვალისწინა იმავე პერიოდში გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებები და ისე განსაზღვრა ფასები - გარდა ამისა, ჩვენ მოსახლეობას მათი ქონების თვითღირებულების 30-40%-ით მეტი თანხა შევთავაზეთ. ბევრს მიწა საჯარო რეესტრში არ ჰქონდა დარეგისტრირებული, რისთვისაც ხარჯი ჩვენ გავიღეთ, ზოგიერთი ფაქტობრივად ფლობდა მიწას, მაგრამ, არ ჰქონდა საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები. მათ ქონება დავუკანონეთ და კომპენსაციის სანაცვლოდ დავათმობინეთ მიწა (რა თქმა უნდა, უკანონოდ მიტაცებულ მიწებს არ ვგულისხმობ). ერთ მოსახლეს საკმაოდ დიდი თანხა, დაახლოებით 650 ათასი დოლარი შევთავაზეთ. მას ავჭალის ტერიტორიაზე რამდენიმესართულიანი სახლი ედგა. კომპენსაციის თანხები 100 ათასიდან დოლარიდან და ზემოთ მერყეობდა. სულ გასახლებისთვის 25 მილიონი ევრო დაიხარჯა.

140 მეპატრონესთან შეთანხმება ვერ მოხერხდა და ტერიტორიის გათავისუფლება ექსპროპრიაციით მოგვიხდა. საკომპენსაციო თანხები მათაც მიიღეს. გამოსათავისუფლებელ ტერიტორიაზე ოცამდე ბიზნესმენთანაც მოგვიხდა მოლაპარაკება. ზოგიერთი ობიექტი უკვე გაჩერებული იყო, მაგალითად, პურკომბინატი, ხის გადასამუშავებელი საწარმო, მათ დავალიანებებიც დავუფარეთ და საკომპენსაციო თანხებიც გადავუხადეთ".

როგორც ”კვირის პალიტრამ” დაადგინა, შპს ”საქართველოს რკინიგზა” გასახლების პროცესს დასრულებულად მიიჩნევს და საკომპენსაციო თანხების გადახდას აღარ აპირებს. სარკინიგზო მაგისტრალის ახლოს დარჩენილი მოსახლეები კი შველას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს სთხოვენ.

მარინა ქემერტელიძე, ავჭალის მცხოვრები: ”რკინიგზის ხაზთან სულ რაღაც 35-38 მეტრი მაშორებს და გასახლება არ შემეხო. ჩემთვის გასახლება უია, გაუსახლებლობა - ვაი! გვირაბამდე გზა 16 მეტრით უნდა ამაღლდეს, გვერდით უნდა იყოს მიწაყრილი, ტერასები და მერე ჩვენი სახლი. აქ ცხოვრება შეუძლებელი გახდება. ხმაურს რომ თავი დავანებოთ, ამ შემაღლებული მიწაყრილის გამო მუდმივად უჰაერობა, ნავთობისა და რკინის სუნი იქნება. სამი ავარია უკვე მოხდა რკინიგზაზე და ერთ დღესაც ამ შემაღლებული ადგილიდან ვაგონი რომ გადმოვარდეს, გასაქცევი ადგილი აღარ მაქვს და გამოდის, მატარებელს უნდა შევაკვდე! როგორც ვიცი, საერთაშორისო სტანდარტით სარკინიგზო ავარიას 100 მეტრში სახლების სრული ნგრევის გამოწვევა შეუძლია. მე კი, როგორც მოგახსენეთ, რკინიგზის ხაზიდან 35-იოდე მეტრში ვცხოვრობ.

გარეუბანში ცხოვრებას ფასი იმით ჰქონდა, რომ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ვცხოვრობდით. სარკინიგზო მაგისტრალის გაყვანა გარემოს დააბინძურებს. სახლის გაყიდვა მინდა, მაგრამ აქაურობას რაღა ფასი აქვს? ვინღა ისურვებს აქ ცხოვრებას? შვილიშვილები მყავს და ვალდებული ვარ მათ ჯანმრთელობაზე ვიზრუნო. ბოლოს და ბოლოს, კონსტიტუციით ყველას გვაქვს უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლება.

ჩემზე ცუდ მდგომარეობაშია ალიოშა ასათიანია, სარკინიგზო ხაზთან ძალიან ახლოს ცხოვრობს, მაგრამ არც მას სთავაზობენ კომპენსაციას. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ადვოკატიც აუყვანა, რომ მისი უფლებები დაიცვას.

”გამაჯგუფი” ადგენს, თუ რამდენ მეტრზე უნდა გავრცელდეს ბუფერული ზონა, რა მანძილზე დაბინძურდება ეკოლოგიურად და ა. შ. თავად ჯგუფის წევრებმა გვითხრეს, ნამდვილად ცუდ დღეში ხართო, მაგრამ დასკვნაში სულ სხვა რამ ჩაწერეს, იმიტომ, რომ ყველანი ერთმანეთთან კუდით არიან გადაბმული.

განცხადებით მივმართე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს და ახლა მის ექსპერტებსა და განაჩენს ველოდები”.

”კვირის პალიტრამ” ერთ-ერთ გასახლებულსაც მიაკვლია.

მალხაზ კეკუტია: ”გასახლების ზონაში ჩემს ბიძაშვილს ხუთსართულიანი სახლი ჰქონდა, დაუნგრიეს, მაგრამ უკმაყოფილო არ დარჩენილა, - დაახლოებით 700 ათას დოლარი გადაუხადეს. იყო შემთხვევები, როცა ხალხი გააფრთხილეს, სასწრაფოდ სახლი უნდა დაცალოთო და ორ დღეში დასანგრევად მიადგნენ. ეს უბანი მიყვარს და ამიტომ ზემოთ, სასაფლაოს ახლოს სახლის აშენება დავიწყე. აქ არაფერი მემუქრება, სასაფლაო მიცავს და იმედია, დასანგრევად არ მომადგებიან”.

 

თბილისის ცენტრში მთლიანად აიღებენ რკინიგზის ლიანდაგს (100 ჰა მიწის ნაკვეთი), დარჩება მხოლოდ დიდუბისა და ნავთლუღის სადგურები.

მგზავრი დასავლეთის მიმართულებით - დიდუბიდან, ხოლო  აღმოსავლეთით ნავთლუღის სადგურიდან გაემგზავრება. სატვირთო მატარებლები მხოლოდ შემოვლითი გზით ივლიან - ზაჰესიდან წამოსული მატარებელი თბილისის ზღვის მაღლობებს შემოუვლის, გაივლის გლდანი-ავჭალას და ლილოს სარკინიგზო ხაზს შეუერთდება. ამ გზაზე შუალედური სადგურიც იქნება.

 

KvirisPalitra.Ge

(სპეციალურად საიტისთვის)