რა ხდება "მედიაპალიტრაში"? შემოწმებაში ჩარჩენილები - კვირის პალიტრა

რა ხდება "მედიაპალიტრაში"? შემოწმებაში ჩარჩენილები

რევიზია 106-ე დღეს "გაყინეს"

გუშინ, 20 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ შემოსავლების სამსახურმა "მედიაპალიტრის" ექვს ორგანიზაციაში ფინანსური შემოწმება განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა. მანამდე ორჯერ, თითო თვით გახანგრძლივებული ფინანსური აუდიტის ბოლო ვადა რამდენიმე დღეში, 29 სექტემბერს იწურებოდა. ჩვენ ველოდით, რომ შემოსავლების სამსახური ამ დროისთვის რევიზიის შედეგებს წარმოადგენდა, თუმცა შემოწმების პროცესი დასრულების ნაცვლად უვადოდ "მიაძინეს".

საგადასახადო კოდექსის თანახმად, შემოწმების შეჩერება განუსაზღვრელი ვადით მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ დაწყებული საგადასახადო შემოწმება ვერ ხერხდება დაუძლეველი ძალის ან სხვა გარემოებების გამო. თუმცა ბრძანებაში, რომელიც შემოწმების ვადის შეჩერებას იუწყება, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, რომან ჩხენკელს არ განუმარტავს, თუ რა მიზეზით ვერ ხერხდება რევიზიის დასრულება "მედიაპალიტრის" რომელიმე ერთ ორგანიზაციაში მაინც.

გასული სამი თვის განმავლობაში ჩვენი მკითხველი მუდმივად საქმის კურსში იყო "მედიასახლში" მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც 7 ივნისს "მედიაპალიტრის" 6 ორგანიზაციაში შემოსავლების სამსახურის პრევენციის დეპარტამენტი მოულოდნელად შემოვიდა, ეს მოვლენები უმალ მოექცა დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თუ უცხოური მედიასაშუალებების ინტერესის სფეროში. ისინიც ჩვენთან ერთად ელოდნენ შემოწმების დასრულებასა და შედეგებს.

შემოწმების პირველ ეტაპზე პრევენციის დეპარტამენტმა "მედიაპალიტრის" ოთხი ორგანიზაციის საწყობები დალუქა და ინვენტარიზაცია ჩაატარა. ინვენტარიზაციის შედეგებით შემოწმებულ ორგანიზაციებში მხოლოდ მცირე ცდომილებები აღმოჩნდა. ეკონომიკური ექსპერტების შეფასებით, ასეთი შედეგები მხოლოდ ქებას იმსახურებდა და შემოწმებული ორგანიზაციების ბუღალტრების კარგ მუშაობაზე მიუთითებდა. "მედიაპალიტრის" ფინანსური სამსახურის წარმომადგენლები ელოდნენ, რომ მსგავსი სურათი გამოიკვეთებოდა ფინანსური აუდიტის დასრულების შემდეგაც.

ფინანსური დოკუმენტაციის შემოწმების პროცესი "მედიაპალიტრის" ექვს ორგანიზაციაში შემოსავლების სამსახურმა 28 ივნისს დაიწყო. რევიზიაში 27 აუდიტორი იყო ჩართული და თითო ორგანიზაციას საშუალოდ ოთხი მაკონტროლებელი ამოწმებდა. შემოწმება სკრუპულოზურად მიმდინარეობდა: მაკონტროლებლები ხვდებოდნენ "მედიაპალიტრის" ყოფილ და მოქმედ თანამშრომლებს და ე.წ. ჯვარედინ დაკითხვებს აწყობდნენ. შემოწმების პროცესში ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტებიც კი ჩართეს. რევიზორებმა "მედიაპალიტრაში" დოკუმენტაციის შესწავლა დაახლოებით თვე-ნახევრის წინ ფაქტობრივად დაასრულეს. მას შემდეგ "მედიასახლში" აღარც გამოჩენილან და როგორც მაშინ განმარტეს, შემოწმების ვადა კიდევ ერთი თვით, ანალიზის გასაკეთებლად დაიმატეს. შესაბამისად, ყველაფერი იმაზე მეტყველებდა, რომ შემოწმება დათქმულ ვადებში უნდა დასრულებულიყო და მისი განუსაზღვრელი დროით შეჩერების არანაირი ობიექტური საფუძველი არ არსებობდა.

კანონის თანახმად, ფინანსური შემოწმების ვადის გახანგრძლივება უფლებამოსილ პირს მხოლოდ ორჯერ, თითო თვით აქვს. შესაბამისად, კონკრეტულ ორგანიზაციაში აუდიტი შესაძლოა მხოლოდ სამი თვის განმავლობაში გაგრძელდეს, მაგრამ კანონით, იმავე უფლებამოსილ პირს შეუძლია ბრძანების საფუძველზე შემოწმება ვადის ამოწურვამდე შეაჩეროს, ხოლო ბრძანებით განსაზღვრული დარჩენილი ვადა ნებისმიერ დროს გამოიყენოს. "თუ დაწყებული საგადასახადო შემოწმების გაგრძელება ვერ ხერხდება დაუძლეველი ძალის ან სხვა გარემოების გამო, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი იღებს გადაწყვეტილებას საგადასახადო შემოწმების შეჩერების შესახებ", - ნათქვამია საგადასახადო კოდექსის 264-ე მუხლის მე-9 პუნქტში. ღვთის მადლით ქვეყანაში მშვიდობაა და არც "მედიასახლის" ბუღალტრები გაქცეულან სადმე, რომ მაკონტროლებლებს დოკუმენტების მიღებისას შეფერხებები შექმნოდათ. ამიტომ ვცდილობთ, გავარკვიოთ, რა "დაუძლეველი ძალა" აღიმართა შემოსავლების სამსახურის წინაშე ან შეიქმნა თუ არა ისეთი გარემოება, რომლის შესახებაც ჯერ არაფერი ვიცით.

(სპეციალურად საიტისთვის)