რა ზიანი მოაქვს პოლიეთილენის პარკებს?! - კვირის პალიტრა

რა ზიანი მოაქვს პოლიეთილენის პარკებს?!

ალბათ, ყველას გვინახავს ქალაქში თუ სოფლად, ხეებზე, გზებსა და მდინარის პირებზე შეფენილი და ჰაერში "მფრინავი" პოლიეთილენის პარკები. ეს მხოლოდ საქართველოში არ ხდება. სტასტიკის მიხედვით, მსოფლიოში 1 წამის განმავლობაში 1 მილიონზე პოლიეთილენის პარკი იყრება, რომელიც ბუნებაში 1000 წელზე მეტხანს რჩება. გარემოს დაცვითი პროგრამების კოორდინატორის, რეზო გეთიაშვილის თქმით, პოლიეთილენის საჭიროზე მეტი რაოდენობით გამოყენების საკითხი საქართველოშიც მწვავედ დგას. მისი გაუვნებლებისთვის კი რამდენიმე გზა არსებობს.

- რა ზიანს აყენებს გარემოს პოლიეთილენის პარკები?

- სტატისტიკა, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები აქვეყნებენ, მართლაც შემაშფოთებლია; ერთი წამის განმავლობაში, მსოფლიოში ერთ მილიონზე მეტი პარკი იყრება, რომ არაფერი ვთქვათ ვიზუალურ მხარეზე, ყოველდღიური გამოყენების პროდუქტი გარემოს დიდ ზიანს აყენებს. ცელოფანის პარკების პრობლემა თითქმის ყველა ქვეყანაში და მათ შორის - საქართველოში, მწვავედ დგას. გარემოსთვის მიყენებულ ზიანზე რომ არაფერი ვთქვათ, პოლიეთილენის პარკების წარმოებას კიდევ ერთი უარყოფითი მხარე აქვს - მათი წარმოებისას გამოიყენება სასარგებლო წიაღისეული, რომლის მარაგიც ბუნებაში უსასრულო არ არის.

- პოლიეთილენის პარკების განადგურების ერთადერთი საშუალება მათი დაწვაა?

- არა, დაწვის დროს, მავნე ნივთიერებები გამოიყოფა, რომელიც ატმოსფეროს აბინძურებს. მათი განადგურება, ისე, რომ გარემოს ზიანი არ მიაყენოს, ძალიან დიდი პრობლემაა, რადგან მათ შეგროვებას დიდი დრო სჭირდება. მათი გაუვნებლებისთვის ერთადერთი გამოსავალი პოლიეთილენის პარკების შეზღუდული რაოდენობით გამოყენებაა. ანუ,  რაც შეიძლება ნაკლები აწარმოონ და შეძლებისდაგვარად მცირე რაოდენობით უნდა გამოიყენო. პოლიეთილენის პარკების შეგროვებაზე საუბრისას, საქართველოში დღემდე მოუგვარებელი ნაგავსაყრელების თემაც არ უნდა გამოგვრჩეს. მთელ ქვეყანაში სულ თითზე ჩამოსათვლელი ნაგავსაყრელი გვაქვს, რომელიც გამართულად მუშაობს. საქართველოში ოფიციალურად - 28, არაოფიციალურად კი - 63 ნაგავსაყრელი ფუნქციონირებს. მათგან გარემოზე ზემოქმედების ნებართვა და სამშენებლო პროექტი არც ერთს არა აქვს. ხშირ შემთხვევაში, უამრავი სოფლიდან ნარჩენები საერთოდ არ გააქვთ, რის გამოც მოსახლეობა ნაგავს ღია ცის ქვეშ, მდინარის პირზე ან პირდაპირ მდინარეში ყრის, რაც შემდეგ დიდ მანძილზე ვრცელდება. ქარის, მეწყრისა და წყალდიდობის დროს, ნაგავი თავისუფლად იფანტება, რადგან ბევრ მდინარეს სადრენაჟო სისტემა არა აქვს. ასევე, არ ხდება ნარჩენების რეგულარულად დატკეპნა. ასე რომ, ამ მხრივ ქვეყანაში ბევრი რამ არის მოსაგვარებელი...

არსებობს კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ჩვენს ჯანმრთელობას მნიშვნელოვან ზიანს აყენებს - თვითნებურად მოწყობილ ნაგავსაყრელებზე დაგროვილ პარკებში იწყება თვითაალება, რომლის დროსაც მიმდინარეობს მხრჩოლავი წვა. ერთი შეხედვით ისე ჩანს, თითქოს მათ ვინმემ ცეცხლი წაუკიდა, მაგრამ ასე არ არის. სინამდვილეში ეს არის ბუნებრივი პროცესი და ამ დროს ატმოსფეროში საშიში ნივთიერებები გამოიყოფა.

- განვითარებულ ქვეყნებში, მაგალითად, იტალიაში, 2010 წლიდან პოლიეთილენის პარკების გამოყენება აიკრძალა. მიმდინარე წლის აგვისტოში ამავე საკითხზე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროც მუშაობდა. ეს იდეის დონეზე დარჩა?

- იტალიაში პოლიეთილენის პარკების ალტერნატივად ქაღალდის შეფუთვას იყენებენ. მისგან განსხვავებით, ჩვენ პარკებს ვერ ავკრძალავთ, მაშინ მომხმარებელს სხვა რამ უნდა შევთავაზოთ.

- ქაღალდი რატომ არ არის ალტერნატივა, მისი წარმოება უფრო ძვირი ჯდება?

- ქაღალდი გარემოს არ დააბინძურებს და ნიადაგში მოხვედრის შემდეგ მალევე იშლება და ნეშომპალად იქცევა, მაგრამ მისი წარმოება ძვირი ჯდება და რაც მთავარია, ძალიან დიდი ხეტყის რესურსი სჭირდება. საქართველოში კი ბოლო პერიოდში თითქმის მთლიანად გაიკაფა მწვანე საფარი და წარმოიდგინეთ, რა მოხდება, ქაღალდის პარკების წარმოება რომ დავიწყოთ.

- ქაღალდის პარკების უცხო ქვეყნიდან შემოტანა დიდ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული?

- ახლანდელი ტენდენციის თანახმად, ქაღალდი შემოგვაქვს, მაგრამ ხე-ტყე გაგვაქვს. ასე რომ, ეს არ არის გამოსავალი, შეიძლება ქაღალდი ძალიან ძვირად შემოვიტანოთ, მაგრამ მორებისა და ფიცრების მიზერულ ფასებად გატანა არ შემცირდეს... ასე რომ, ამ ეტაპზე პირველი და ერთადერთი გამოსავალი არის ნაგავსაყრებელის მოწყობა, რათა ამ პარკების გაუვნებლება მოხდეს. რაც შეეხება პრევენციას, ალტერნატიული საშუალების პოვნის შემთხვევაში, მისი შეზღუდვა უნდა მოხდეს და რაც მთავარია, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სწორი ინფორმაცია, რაც ბოლო დროს დამკვიდრებული ჩვევის შეცვლაში დაეხმარება. ჩვენი მოსახლეობისთვის პარკში ჩადებული სურსათი თუ ნებისმიერი მოხმარების საგანი, ჰიგიენის ნორმების დაცვასთან ასოცირდება და აუცილებელია, მაღაზიაში შეძენილი ყველა ნივთი ცალ-ცალკე პარკში იყოს ჩადებული. სინამდვილეში კი ამის აუცილებლობა არ იყოს... მსოფლიოში განვითარებულ ქვეყნებში არსებობს პრევენციის სხვადასხვა მეთოდი, გარემოსთვის მავნე პროდუქტის რეალიზაციამდე, მისი მწარმოებელი კომპანია სახელმწიფოს მისი გაუვნებლებისთვის გარკვეულ თანხას უხდის.

- მაგალითად, ირლანდიაში პოლიეთილენის პარკების გამოყენება 15 ცენტით იბეგრება.

- დიახ, ეს არის მაღაზიებისთვის, რათა ნაკლებად გამოიყენონ პარკები, მაგრამ ამისთვის აუცილებელია საზოგადოებაც იყოს მზად და რაც მთავარია, ეს ყველაფერი ისე მოხდეს, რომ ისედაც სიღარბის ზღვარზე მყოფი საზოგადოება უფრო არ დაზარალდეს.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)