პარიზში გოიმად და გაუთლელად აღიარებულ ნიკოლა სარკოზის თბილისი მეფური პატივით ხვდება - საფრანგეთის მოქალაქის თვალით დანახული ვიზიტი - კვირის პალიტრა

პარიზში გოიმად და გაუთლელად აღიარებულ ნიკოლა სარკოზის თბილისი მეფური პატივით ხვდება - საფრანგეთის მოქალაქის თვალით დანახული ვიზიტი

თბილისი საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის მასპინძლობს.  საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტს და მის პოლიტიკურ შედეგს პოლიტოლოგები შეაფასებენ, ამჯერად საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტის, საფრანგეთის მოქალაქე პაატა ქურდაძის მონათხრობს გთავაზობთ იმის შესახებ, თუ როგორი თვალით უყურებენ თავად ფრანგები თავიანთ პრეზიდენტს და საერთოდ, როგორ იქცევა ქვეყნის პირველი პირი თავის სამშობლოში. ყოველივე ამაზე ჟურნალისტმა რადიო "პალიტრის" ეთერში ისაუბრა.

- შეიძლება ითქვას, რომ ფრანგების უმრავლესობას სარკოზი არ უყვარს. პირადად მე არჩევნებში ხმა მას მივეცი და ძალიანაც ვნანობ, თუმცა მაშინ სხვა არჩევანი არ მქონდა. მომავალ არჩევნებში ნამდვილად აღარ მივცემ ხმას. რაც შეეხება ფრანგების დამოკიდებულებას, მისი გემოვნებიდან, მანერებიდან გამომდინარე ფრანგები თვლიან, რომ ის, როგორც ჩვენში იტყვიან, გოიმია. განსაკუთრებით თავიდან, როდესაც "რეიბანებით" დადიოდა და ძვირფას "როლექსის" საათებს იცვლიდა. თუ დაუკვირდებით, სიარულის მანერაც რაღაც ,ჯიბგირული აქვს. მოკლედ, ფრანგები თვლიან, რომ მას ის კლასი აკლია, რომელიც მის წინამორბედებს ჰქონდათ, თუნდაც მიტერანს, შირაკს.. თუმცა ის, რაც საქართველოში პრეზიდენტის ირგვლივ ხდება და საერთოდ, როგორც აქაური პრეზიდენტი იქცევა, საფრანგეთში წარმოუდგენელია. მრავალი წელია პარიზში ვცხოვრობ, ხშირად მიწევს მანქანით ელისეს სასახლის ახლოს გავლა და ჯერ არათუ კორტეჟისგან გადაკეტილი ქუჩა არ მინახავს, პრეზიდენტის მანქანისთვისაც არ მომიკრავს თვალი. აქ საქართველოს პრეზიდენტის კორტეჟს რომ ვუყურებ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ გადამეტებული დაცვის ზომებით განზრახ მიუთითებენ პრეზიდენტის ადგილსამყოფელს. სარკოზის ყოველდღე ვერ ნახავთ ტელეეკრანებზე. ის არ დადის ყანებში, არ ხსნის სასტუმროებს, ხიდებს, რესტორნებს, ხოლო რომელიმე პოპულარული მომღერლის კონცერტზე სცენაზე რომ ავიდეს, კვერცხებს დაუშენენ.

საფრანგეთის პრეზიდენტს წვეთი სისხლი არა აქვს ფრანგული. წარმოშობით უნგრელია, ხოლო ბებია ებრაელი ჰყავდა. საფრანგეთის მოსახლეობის მინიმუმ 20%-სთვის ამის გამო მისი პრეზიდენტის პოსტზე ყოფნა მიუღებელია. ასე ფიქრობენ არა მხოლოდ მემარჯვენე შეხედულების მოქალაქეები, არამედ ბევრი მემარცხენეც, უბრალოდ, ამას ფიქრობენ, მაგრამ კორექტულობის გამო ამაზე არ საუბრობენ. არა მხოლოდ საფრანგეთში, მთელ ევროპაში ასეა. დაუფიქრდით, არ ყოფილა შემთხვევა, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი არაბრიტანელი ყოფილიყოს, ან გერმანიის კანცლერი - არაგერმანელი. მართალია,  რაც აქ რობერტ სტურუამ თქვა, ყველანაირ ფორმას სცილდება (მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვხვდები, რატომ მოჰყვა ხელისუფლების ასეთი მძაფრი რეაქცია). პრეზიდენტის სისხლის შემადგენლობას ნაცისტურ გერმანიაში ითვლიდნენ. თუმცა არა მგონია, სტურუას ეს გაანალიზებული ჰქონოდა და ასე ღრმა რასისტი იყოს. ასეთ გამონათქვამს საფრანგეთშიც სკანდალი მოჰყვებოდა, მაგრამ ისიც გავიხსენოთ, რომ მსგავსი რამ და, ალბათ, უარესიც, მანამდე მიხეილ სააკაშვილმა თქვა ზანგებზე. მე ვთარგმნე მისი ნათქვამი და სპეციალური გამოკითხვა ჩავატარე. გამოკითხულთა აბსოლუტურად ყველა ფენის წარმომადგენლებმა ერთი და იგივე აზრი გამოთქვეს - ეს არის რასიზმი. საფრანგეთის პრეზიდენტის დღევანდელ ვიზიტს და ამასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს თუ დავუბრუნდებით, ჩემი აზრით, ეს პროვინციალიზმია. მსგავსი რამ მხოლოდ საქართველოში მინახავს 1981 წელს, როდესაც თბილისში ბრეჟნევი ჩამოვიდა.

დავით შალიკაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ ვიდეო