ვიცი, რომ შვიდისრიანი ღვთისმშობლის ხატი არსებობს. რას ნიშნავს ღვთისმშობლის ხატზე 7 ისარი. ვისი შემწეა ეს ხატი?
დედაღვთისმშობელი ყველას შემწეა, ვინც მასთან გულწრფელად მივა და შველას შესთხოვს. ეს ხატი ერთგვარად ასახავს იმ წინასწარმეტყველებას, რომელიც ჩვილი იესოს მირქმის დროს მართალმა სვიმეონმა ყოვლადწმინდა დედას აუწყა: «...თვით შენს სულშიც გაივლის მახვილი». რიცხვი 7 წმინდა წერილში «სრულყოფილებად» მოიხსენიება. ხატი დაბრძანებულია ვოლოგდასთან მდებარე იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში. შვიდისრიანი ღვთისმშობელი ხატზე მარტოა გამოსახული, ჩვილის გარეშე. იგი შვიდი ისრითაა განგმირული: 4 მარცხენა მხარესაა, სამი - მარჯვნივ. ამ ხატის პირველ დიდებით შემოსვაზე შემორჩენილია შემდეგი თქმულება: ერთ ხეიბარ გლეხს, რომელსაც მრავალი წლის მანძილზე სტანჯავდა საერთო სისუსტე და მტკივნეული ფეხი, ესიზმრა, რომ თუკი იოანე ღვთისმეტყველის ტაძარს მოინახულებდა, სამრეკლოზე მიაგნებდა ღვთისმშობლის ხატს და მის წინაშე ილოცებდა, განიკურნებოდა. გლეხი ორჯერ მივიდა ტაძარში, ჰყვებოდა თავის სიზმარს და ითხოვდა, შეეშვათ სამრეკლოში, მაგრამ მას არ უჯერებდნენ და თხოვნაზე უარს ეუბნებოდნენ. საბოლოოდ, მესამე ჯერზე, შეიბრალეს და სამრეკლოზე აუშვეს. აქ მან მაშინვე მიაგნო სწორედ ამ შვიდისრიან წმინდა ხატს, რომელიც ძილში იხილა. იმ ადგილას, სადაც კიბე უხვევდა, ის ფიცრის ნაცვლად იყო ჩასმული. ნაპოვნ ხატს მოაშორეს ჭუჭყი და ჩიტების ნაფიფქი, რომლითაც მთლიანად იყო დაფარული. დასნეულებულმა გლეხმა ითხოვა ხატის წინ პარაკლისის გადახდა და მიიღო კიდეც განკურნება. 1830 წელს, როცა ვოლოგდაში ქოლერა გაჩნდა, შეშინებულმა მოსახლეობამ გადასარჩენად ხატს მიმართა; იგი ქალაქის გარშემო შემოატარეს დიდი პატივით და მალე ქოლერამ უკან დაიხია. მას შემდეგ ხატმა სახელი გაითქვა, როგორც სნეულთა სასწაულებრივმა განმკურნებელმა. მას «ბოროტ გულთა მომალბობელსაც» უწოდებენ და მოდავეთა შესარიგებლადაც ევედრებიან.
აღსანიშნავია, რომ 2002 წელს მოსკოვის ერთ-ერთ ჩვეულებრივ ოჯახში დაბრძანებულ ამ ხატის ასლს დიდი რაოდენობით მირონი დასდინდა, რომლის ზემოქმედებით მრავალი ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამავე წელს ხატი საქართველოშიც ჩამოაბრძანეს და საქართველოს სხვადასხვა მონასტერშიც იყო დასვენებული.