ზურაბ სოტკილავა: "ყოველთვის მიმაჩნდა, რომ რუსეთი და საქართველო ერთად უნდა იყვნენ და ამის გამო მკიცხავდნენ" - კვირის პალიტრა

ზურაბ სოტკილავა: "ყოველთვის მიმაჩნდა, რომ რუსეთი და საქართველო ერთად უნდა იყვნენ და ამის გამო მკიცხავდნენ"

როგორ ავაგოთ ხელახლა ურთიერთობები საქართველოსთან სააკაშვილის წასვლის შემდეგ? – ამ კითხვით მიმართავს რუსული გამოცემა Комсомольская правда საზოგადოების წარმომადგენლებს, პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს. როგორც რუსულ გამოცემას ქართველმა ოპერის მომღერალმა, ტენორმა ზურაბ სოტკილავამ განუცხადა, ყოველთვის მიაჩნდა, რომ რუსეთი და საქართველო ერთად უნდა იყვნენ. თუმცა, მისივე თქმით, ასეთი მოსაზრება ჰქონდა სააკაშვილის მმართველობის პერიოდშიც, რის გამოც საქართველოში ზოგიერთები კიცხავდნენ.

"ყოველთვის მიმაჩნდა, რომ რუსეთი და საქართველო ერთად უნდა იყვნენ. ჩემი შეხედულება არც სააკაშვილის დროს შემიცვლია, თუმცა ზოგიერთები საქართველოში ამის გამო მკიცხავდნენ. სააკაშვილმა მოსახლეობის უმრავლესობას დასავლეთისკენ სწრაფვა ჩაუნერგა და ამის გამო ურთიერთობებში სირთულეები არსებობს. თუმცა, ამ სირთულეების გადალახვა და მეგობრობის დაბრუნება შესაძლებელია, თუ რუსეთის მოქალაქეებიც გადადგამენ შემხვედრ ნაბიჯებს საქართველოსკენ", - განაცხადა ზურაბ სოტკილავამ.

დუმის დსთ-ს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ოლეგ ლებედევის თქმით, რუსეთი უკვე აყალიბებს საქართველოსთან ურთიერთობებს და კარგა ხანია, მოლაპარაკებებს მართავს ევროპულ დონეზე.

"დსთ-ს ამასწინანდელ სამიტზე კი ითქვა, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა მზად არის, საქართველო კვლავ თავის ოჯახში იხილოს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის", - აღნიშნა რუსმა პოლიტიკოსმა.

როგორც Комсомольская правда –ს სტრატეგიული ანალიზის ინსტიტუტის დირექტორმა, იგორ ნიკოლაევმა განუცხადა, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ხელახალი აგებისთვის ეკონომიკურ ურთიერთობაში მინიმუმამდე უნდა დავიდეს პოლიტიკა. მისივე თქმით, კარგი იქნება, თუ ეს მოხერხდება, ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებით კი ორივე მხარე მოგებული დარჩება.

ქართველი მომღერლის, სოსო პავლიაშვილის თქმით კი, ურთიერთობების აღდგენა ეკონომიკაში, კულტურასა და სპორტში ურთიერთობის დამყარებით უნდა დაიწყოს.

"დაუშვებელია ერთმანეთთან გაჯიბრება და თავის მოწონება, ვინ უფრო მაგარია, ჭკვიანი, მდიდარია და ვინ ვის მიჭირხნის. ურთიერთობების აღდგენა ეკონომიკაში, კულტურასა და სპორტში ურთიერთობის დამყარებით უნდა დავიწყოთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაფერი ეს ბავშვებშიც განვავითაროთ, რადგან მერწმუნეთ, ჩვენ შვილებში კარგა ხანია დასამარდა ჩვენი ქვეყნების მეგობრობის იდეა", - განაცხადა სოსო პავლიაშვილმა.

აფხაზეთში, მორწმუნე სამხედროებთან მუშაობის კუთხით მე-7 რუსული სამხედრო ბაზის მეთაურის მოადგილის, დეკანოზი იგორ ალექსეენკოს მიაჩნია, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის აღდგენა ერთსულოვანი მართლმადიდებლური რწმენითა და საერთო გმირული წარსულის შეხსენებით უნდა მოხდეს. მისივე თქმით, დავიწყებას არ უნდა მიეცეს, რომ რაიხსტაგზე გამარჯვების დროშა რუსმა ეგოროვმა და ქართველმა ქანთარიამ ააფრიალეს.

"ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ჩვენ ერთ დიად სახელმწიფოში ვცხოვრობდით, რომელმაც სამწუხაროდ 1991 წელს არსებობა შეწყვიტა. რწმენა და საერთო წარსული ჩვენი მომავალი ურთიერთობის ფორმირების საფუძველი იქნება", - განაცხადა დეკანოზმა იგორ ალექსეენკომ.

რუსული გამოცემის ერთ-ერთი მკითხველის აზრით კი, ორი ქვეყნის ურთიერთობის დალაგებისთვის საქართველომ რუსეთიდან ჯერ ის ე.წ. კანონიერი ქურდები უნდა წაიყვანოს, რომელიც სააკაშვილმა რუსეთში გაუშვა.