"ისეთი ქვეყნის მართვა, როგორიც საქართველოა, 4,5 მილიონი კატის მწყემსვის ტოლფასია" - კვირის პალიტრა

"ისეთი ქვეყნის მართვა, როგორიც საქართველოა, 4,5 მილიონი კატის მწყემსვის ტოლფასია"

"სააკაშვილის ერა დასრულდა, მაგრამ მოენატრებათ" - ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა The Moscow Times პოლ რიმპლის წერილს მიხეილ სააკაშვილისადმი.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ მოხარულია საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ეპოქის დასრულებით, თუმცა რთულია, საქართველოს მის გარეშე წარმოდგენა.

"ძვირფასო მიშა, მომენატრები. ცუდად არ გამიგო. მიხარია, რომ შენი ერა დასრულდა. უბრალოდ რთულია, საქართველოს შენს გარეშე წარმოდგენა", - წერს პოლ რიმპლი.

ავტორი ასევე იხსენებს, რომ საქართველოში პირველად 2001 წელს ჩამოვიდა და ბნელი წლების მიწურულს მოესწრო, როდესაც უთანხმოება ნელ-ნელა გადაიზარდა ერთიან შეთქმულებაში და ანტი-სამთავრობო მოძრაობაში.

"მახსოვს, როცა ბარში შემოხვედი და ხალხმა თითების გამოშვერა დაიწყო შენსკენ, სააკაშვილი, სააკაშვილის ძახილით – შენ გამბედავი, ცეცლივით მგზნებარე იყავი და ისეთი ეგო გქონდა, მწვერვალზე რომ აგიყვანდა", - იხსენებს პოლ რიმპლი.

ავტორი ასევე წერს, რომ ის აკვირდებოდა 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებს, რომელმაც ორივე მათგანის ცხოვრება შეცვალა. მისივე თქმით, კორუფცია ქართული ხასიათის ერთ-ერთ ეგზოტიკური ნაწილი იყო, სანამ თავად გახდებოდი ხალხის ხმების ტოტალური გაყალბების მოწმე.

"აღშფოთებული ვიყავი. იმ დღეს მეც ქართველი გავხდი. გახსოვს, ის უზარმაზარი დროშა, კანცელარიასთან რომ აფრიალდა მაშინ, როცა შენ იერიშით აიღე პარლამენტი? ეს მე ვიყავი, ძმაო. მხარს გიჭერდი. "ნუთუ, ეს მართლა ხდება?", - გავიფიქრე. სრულიად ერი იმავე ეიფორულ აღმაფრენას განიცდიდა, რომელმაც საბოლოოდ მასიურ პიკს მიაღწია, თითქოსდა, 12-წლიანი წყვდიადის შემდეგ ყველას ერთიანად გაუნათდა გონებაო

შემდგომი ორიოდე წლის განმავლობაში, მზად ვიყავი ხარვეზები მეპატიებინა შენთვის. მაგრამ 2006 წლის ერთ დღეს, მთავრობის იდიოტთა ხროვის შავი "ლენდ კრუიზერი" წინ გადაუდგა ტაქსის, რომელმაც არ დაუთმო გზა თავისუფლების მოედანზე. ისინი მანქანიდან გადმოვიდნენ და მოხუც მძღოლს სცემეს. ქუჩის მეორე მხარეს მდგარი პოლიციელები კი სიგარეტს აბოლებდნენ. ბამ! ის გულისამრევი ღალატის შეგრძნება დამიბრუნდა, თითქოს წიხლი ჩამარტყეს.

მესმის, ისეთი ქვეყნის მართვა, როგორიც საქართველოა, 4,5 მილიონი კატის მწყემსვის ტოლფასია. მაგრამ ვიმედოვნებდი, რომ უფრო მეტად სცემდი პატივს ხალხს, რომელთაც 2003 წლის იმ ცივ და ჟინჟღლიან დღეებში მხარი დაგიჭირა და შემდეგი წლის იანვარში შენ და შენს ხედვას მისცა ხმას. შენი დაცემა, მიშა, იმან გამოიწვია, რომ შენ და შენი შიდა წრე თვითმმართველობის მომწამვლელ ბუშტში ცხოვრობდი, რეალობას სრულად მოკლებულნი. გახსოვს, როგორ განრისხდი, როცა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დაწერა, რომ საქართველო გაღატაკებული ქვეყანაა?

საქართველო, რომელშიც 2001 წელს ჩამოვედი, შენი და ყველა შენი ამომრჩევლის წყალობით ისტორიის ნაწილია. შენი წასვლა საუკეთესო რამ არის, რაც ამ ქვეყანაში მოხდა მას შემდეგ, რაც შენ გახდი მისი ლიდერი. თუმცა, მეორე მხრივ, უცნაური იქნება, რომ ვეღარ დაგინახავ", - წერს პოლ რიმპლი.