ნოვოდვორსკაია & ბოროვოი: "ივანიშვილმა ოსტატურად გაასულელა ქართველი ხალხი" - კვირის პალიტრა

ნოვოდვორსკაია & ბოროვოი: "ივანიშვილმა ოსტატურად გაასულელა ქართველი ხალხი"

ცნობილმა რუსმა ოპოზიციონერებმა, ნიკოლაი ბოროვოიმ და ვალერია ნოვოდვორსკაიამ თავიანთი მორიგი ერთობლივი გამოსვლა საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს დაუთმეს:

"ის, რისთვისაც იბრძოდა მიხეილ სააკაშვილი - რომ ქართველები არ ყოფილიყვნენ უბრალოდ მწვადის შეწვით გართული ლეკურის მოცეკვავე აბორიგენები, როგორც ჩანს ფუჭი აღმოჩნდა. ამაყი ოცნება, რომ საქართველო ქცეულიყო დასავლურ ქვეყანად, დასავლური ეკონომიკითა და ღირებულებებით, პოლიციით, რომელიც კანონს იცავს, იმის მაგივრად რომ მოსახლეობა გაყვლიფოს, თანდათან აქტუალობას კარგავს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ესაა თავად ქართველი მოსახლეობის არჩევანი. კარგად მესმის სააკაშვილის ცრემლების - საქართველომ შეიძლება დაკარგოს ყველაფერი, რასაც რეფორმების შედეგად მიაღწია. ეს ყველაფერი კი იმ ადამიანების სინდისზეა, ვინც არჩევნებში "ქართულ ოცნებას" მისცა ხმა. რამდენიმე წლის შემდეგ მწარედ ინანებთ სააკაშვილის დაკარგვას და იმას, რომ რეფორმები წყალს გაატანეთ, მაგრამ ეს ყველაფერი თქვენ თვითონ, ქართველებმა დაიტეხეთ თავზე. რა იყო ქართველი ერის ასეთი არჩევანის მიზეზი? ძნელია ამას ცალსახად უპასუხო - თავისი როლი ითამაშა რეფორმებისგან დაღლილობამ და ცივილიზებულ ქვეყანაში ცხოვრების სურვილის არ ქონამაც. - განაცხადა ბოროვოიმ.

პოლიტიკური პარტნიორის განწყობას იზიარებს ნოვოდვორსკაიაც, რომელიც ამბობს, რომ ქართველი ხალხის გამო რცხვენია:

"როგორც სააკაშვილმა განაცხადა, და ეს მის მდგომარეობაში მყოფისთვის გმირული ნაბიჯი იყო, უკანასკნელი ორი არჩევნების შედეგები სხვა არაფერია თუ არა უკან, წარსულში გადადგმული ნაბიჯი. ჩემი აზრით კი, ეს ნაბიჯი კი არა, მთელი მარში იყო წარსულისაკენ. ივანიშვილმა მოახერხა და ძალზე ეფექტურად და ოსტატურად გაასულელა ქართველი ხალხი. გარდაუვალია ეკონომიკური დაღმასვლა - ასე რომ, იმის გაგება, რომ თურმე სააკაშვილი იყო ნამდვილი და მართალი ქართული არჩევანი, ქართველებს მშიერი კუჭის ხარჯზე მოუწევთ. ვერაფრით ვიფიქრებდი, რომ ამდენი მოღალატე გამოჩნდებოდა, რომელიც დახარბდებოდა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების დაპირებას, და ეს იმის ფონზე, რომ რუსეთი სწორედ ის ქვეყანაა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გბომბავდათ, თბილისის მისადგომებთან იდგა და დღესაც ოკუპირებული აქვს ქვეყნის მეხუთედი. თუ ვინმე უნდა ცდილობდეს ურთიერთობის დალაგებას და ცოდვების გამოსყიდვას, ეს რუსეთია და არა თქვენ. იმედია ამას მალე გაიგებთ და შეცდომების გამოსწორებას შეეცდებით. ზიანი, რომელიც "ქართულ ოცნებას" თქვენი ქვეყნისთვის და პირადად თქვენთვის მოაქვს, კოლოსალურია. მართლა გვრცხვენია თქვენს გამო - თქვენი გვშურდა, თქვენით აღტაცებულები ვიყავით, თქვენგან ვაპირებდით მაგალითის აღებას, თქვენ კი, "ვარსკვლავური ომების" საუკეთესო ტრადიციების დაცვით, ღიმილით უღალატეთ საკუთარ თავისუფლებას. ვიმედოვნებთ, რომ მალე მოეგებით გონს და სამუდამოდ წარსულში არ დარჩებით"