რატომ აღარ შევჭამ ხინკალს აღარასოდეს: ქართული კერძების სავალალო მდგომარეობა - კვირის პალიტრა

რატომ აღარ შევჭამ ხინკალს აღარასოდეს: ქართული კერძების სავალალო მდგომარეობა

უილიამ დანბარი: ქართველები ზედმეტად გაანებივრეს კომპლიმენტებით მათი სამზარეულოს მიმართ

"თვალი გავუსწოროთ სიმართლეს, არჩევანი წარმოუდგენლად შეზღუდულია. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მე ხაჭაპურის წინააღმდეგი ვარ, უბრალოდ, მე არ მინდა მისი ყოველდღიურად ჭამა ხინკალი? ცომში გახვეული ხორცი - განა რამე ისეთია, რაზეც ინგლისში ვინმეს მოვუყვები?"

ForbesGeorgia საქართველოში მოღვაწე ბრიტანელი ჟურნალისტის, უილიამ დანბარის სტატიას აქვეყნებს, სადაც იგი ქართული კერძების გაუარესების ტენდენციაზე მსჯელობს:

"ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც ერთხელ მაინც ყოფილა საქართველოში, იცის, რომ აქ კარგი საჭმელია. ხალხი სტუმართმოყვარეა, მთები ლამაზი და საჭმელიც გემრიელი - ეს აქსიომად ჩამოყალიბდა. ჰოდა, ქართველებიც ზედმეტად დარწმუნებულნი არიან ამაში და ქვეყანაც სავსეა ქართული რესტორნებით, რომლებიც, თავის მხრივ ქართველი ხალხით არის სავსე. ჩემს უგულობას მიზეზი აქვს: მე ვარ ადამიანი, რომელსაც წლების განმავლობაში ძალიან ბევრჯერ გაუცრუვდა იმედი და ვსვამ კითხვას- იქნებ ეს ყველაფერი ტყუილია? იქნებ ქართული საჭმელი სინამდვილეში ძალიან მოსაბეზრებელია და ჩვენ უბრალოდ ისე გავისიგრძეგანეთ ქართული საჭმლის განსაკუთრებულების იდეა, რომ მართლაც ვიწამეთ მისი?

ვფიქრობ, ქართველები ზედმეტად გაანებივრეს კომპლიმენტებით მათი სამზარეულოს მიმართ. 200 წლის განმავლობაში ქართული სამზარეულო რუსულ სამზარეულოს უწევდა მეტოქეობას და ჩვენ ყველამ კარგად რუსული სამზარეულოს ამბავი. საბჭოთა კავშირის დროს გამხმარი ხაჭაპურიც კი მადის აღმძვრელად გამოიყურებოდა ხორციანი ჟელეს კატასტროფასთან შედარებით, სახელად "ხალადეცი". და ის ფაქტი, რომ ქართველები ეროვნული სალათების მომზადებისას მაიონეზს არ იყენებდნენ ალბათ საბჭოთა ჩაგვრისგან სულის მოთქმას ჰგავდა.

აი სწორედ აქედან ირევა ყველაფერი. უცხოელი სტუმრები საქართველოში მოსკოვის გავლით ჩამოდიან, ვიტამინ "ცე"-ზე დახარბებულები და ღორის ქონითა და არყით დაბეჩავებულები. მათ, ვინც გაყინულ ჩრდილოეთში, კვირების განმავლობაში, უშედეგოდ ეძებდა არამჟავე კიტრს, ქართული სამზარეულო ნამდვილ აღთქმულ მიწად ეჩვენებოდათ და, შესაბამისად, გულწრფელად ეუბნებოდნენ თავიანთ მასპინძლებს: თქვენი საჭმელი ძალიან გემრიელია, გაცილებით უკეთესი, ვიდრე რუსეთში.

მაგრამ გქონდეს უკეთესი საკვები, ვიდრე რუსულია, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იგი უმაგრესია, ეს მხოლო იმას ნიშნავს, რომ იგი რუსულ საჭმელზე უკეთესია. მეტწილად, ქართული კერძები მარტივია (ამას ვამბობ მე, ადამიანი ინგლისიდან, აგრეთვე "მარტივი სამზარეულოს" ქვეყნიდან) და მოდი, თვალი გავუსწოროთ სიმართლეს, არჩევანი წარმოუდგენლად შეზღუდულია. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მე ხაჭაპურის წინააღმდეგი ვარ, უბრალოდ, მე არ მინდა მისი ყოველდღიურად ჭამა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ამ გაღმერთებული ყველის ღვეზელის შემთხვევაში, ერთადერთი ამაღელვებელი სიახლე შეიძლება იყოს ის, რომ ყველს მის ზედაპირსაც დაურთავენ, ან (ჩშშშშ...!) შიგთავსს კარტოფილს დაამატებენ. ამ დროს, ცხადია, რამე სხვას გაუსინჯო გემო. ხინკალი? ცომში გახვეული ხორცი - განა რამე ისეთია, რაზეც ინგლისში ვინმეს მოვუყვები?

თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოს კარგი კერძები არ გააჩნია. მიყვარს საცივი, ნაკლებად ცხიმიანი აჯაფსანდალი და ცხარე ხარჩო. ჩიხირთმა მშვენიერი წვნიანია და კარგი გულიანი ჩანახიც საუცხოოა ზამთრის ღამეს. აი ვწერ და ჩემი მუცელიც ხმებს გამოსცემს. თუმცა ფაქტია, რომ იმ ადგილების ჩამოსათვლელად, სადაც ამ კერძებს გემრიელად მიირთმევ, ერთი ხელის თითებიც საკმარისია. და ჩვენც წყალწყალა ლობიოსა და მლაშე ტყემლის ოკეანეში ვიძირებით.

ქართულ რესტორნებში მოსიარულეებმა თვალები უნდა გაახილონ და იგრძნონ უცხო სუნელის სუნი: თქვენ ვერასოდეს მიიღებთ ისეთ საკვებს, როგორსაც იმსახურებთ (თუმცა ქართულ სამზარეულოს ამის დიდი პოტენციალი აქვს) თუ მუდმივად კმაყოფილი იქნებით იმით, რომ ყოველდღე მიირთვათ კიტრისა და პომიდვრის სალათი, თუნდაც ზედ ნიგოზმოყრილი. ქართულმა რესტორნებმაც უნდა შეცვალონ მუშაობის პრინციპები და შეეშვან ერთმანეთისგან გავრცელებული კერძების უაზროდ გადაღებას, თუ არა და, ხალხს მობეზრდება მსგავსი ტიპის კვება და გადავლენ ვენდი'ს-ში. მე მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე საკმარი ხინკალი უკვე მივირთვი და აგრეთვე, ბოსტნეულით სხვა უამრავ რამესაც მოამზადებ, გარდა ფხალისა. აი ღვინოზე კი გადაკრული სიტყვა არ დამცდება..."

იხ. ბმული