ბესარიონ აპლია რუსულ-აფხაზური "რესტავრაციისა" და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების შესახბ - კვირის პალიტრა

ბესარიონ აპლია რუსულ-აფხაზური "რესტავრაციისა" და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების შესახბ

აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში ქართული ისტორიული ძეგლების "რესტავრაციას" ბედიისა და ილორის წმინდა გიორგის ტაძრებში არსებული უნიკალური ფრესკები შეეწირა. ბედიის ტაძარში ქართველი მეფის საფლავის იავარქმნის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ  2004-2005 წლებში გავრცელდა, თუმცა, ვანდალური ფაქტი კატეგორიულად უარყო აფხაზურმა მხარემ. სხვათა შორის, ბაგრატ III-ის ფრესკის განადგურების შესახებ 2005 წელს აფხაზეთში მალულად გადასული ქართველი რეჟისორი ტარიელს სოხაძეც ჰყვებოდა, რომელიც სეპარატისტებმა "ჯაშუშობის" მუხლით დააკავეს და "გაასამართლეს" კიდეც... მიუხედავად ამისა, აფხაზები ამ ფაქტს პირად საუბრებშიც სიცრუეს უწოდებდნენ და შეურაცხყფოდაც იღებდნენ. მოგვიანებით, როცა აფხაზურ-რუსული სარესტავრაციო სამუშაო დაიწყო, აფხაზ ექსპერტთა დასკვნაში შემდეგი განმარტება ჩაიწერა: "სამუშაოების დროს, ჩამოიშალა ფრესკის გარკვეული ნაწილი, რომელზეც ტაძრის დამაარსებელი იყო გამოსახული". მკითხველი მიხვდება, რომ ეს მოკლე განმარტება ბევრ რამეს იტევს... რა თქმა უნდა, შესწავლილი და დადგენილი არ არის ფრესკების დაზიანების დონე.

ბედიის  ტაძარში სარესტავრაციო სამუშაოებს, აფხაზურ ჯგუფთან ერთად, ქალაქ ვლადიმირში რეგისტრირებული კომპანია "ტექტონიკი" ატარებს, რომელმაც ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის გადაკეთებაზეც იზრუნა: კერძოდ, შეცვლილია გუმბათი და გადალესილ-გადათეთრებულია მისი კედლები.

"სარესტავრაციო სამუშაოები" აფხაზეთის თვითგამოცხადებული ეკლესიის ხელმძღვანელის ბესარიონ აპლიას ინიციატივით დაიწყო.

 ბესარიონ აპლია, ე.წ. "აფხაზეთის ეკლესიის" წინამძღოლი:

- ბედიის ტაძრის ფასადს, აღმოსავლეთის კედლის კუთხეს, ქართულ-აფხაზური ომის დროს ჭურვი მოხვდა და ჩვენ ახლა მის გამაგრებას ვცდილობთ.

- ქართული წარწერებისა და ფრესკული მოხატულობის წაშლის ხარჯზე?

- არა. გთხოვთ, ყურადღებით მოვეკიდოთ ამ საკითხს, - ტაძარში სარესტავრაციო კი არა, საკონსერვაციო სამუშაო ტარდება. ქართული ფრესკებისა და წარწერებისთვის ხელი არავის უხლია, რადგან ეს აფხაზური ისტორიის ნაწილია. ჩვენ არა ვართ ბარბაროსები და ამ ფაქტის ასეთი კუთხით წარმოჩენა ამ ორი ხალხის ურთიერთობას სასიკეთოდ არ წაადგება.

- ქართული დელეგაცია იუნესკოს ილორის წმინდა გიორგის ტაძრის მდგომარეობის შეფასებას სთხოვს, მაგრამ ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებს აფხაზეთში არ უშვებენ. რატომ?

- ჩვენ არა ვართ წინააღმდეგი იუნესკოს აფხაზეთში შემოსვლის, ოღონდ აქ საგულისხმოა ერთი ფაქტორი, თუ როგორ და რა ფორმით შემოვლენ ჩვენს ტერიტორიაზე მისი წარმომადგენლები და კიდევ ერთი, - მნიშვნელოვანია, ვინ იმუშავებს მათთან ერთად. უნდა შეთანხმდეს მხარეთა პოზიციები, რასაც ჯერჯერობით ვერ მივაღწიეთ. ბოლო დროს ხშირად ვამბობ, რომ ქართველებსა და აფხაზებს შორის დიალოგი უნდა დაიწყოს. მიმაჩნია, რომ ქართველებსა და აფხაზებს ერთმანეთთან მისასვლელი გზის პოვნა არ უნდა გაუჭირდეთ. ვერაფრით ვიჯერებ, რომ ორ ძმას ლაპარაკი არ შეუძლია. საჭიროა ამ გზის მუდმივად ძებნა და არა მუდმივად ერთმანეთისთვის რაღაცის დაბრალება. მუდმივად გვესმის ცილისწამება, ბრალდებები, არავინ ლაპარაკობს სიყვარულსა და იმაზე, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ მომავალში...

- თქვენი, როგორც სასულიერო პირის აზრით, როგორ უნდა ვიცხოვროთ?

- აფხაზეთი და საქართველო ორი ძმაა, რომლებიც ერთმანეთს იცავდნენ და ასე უნდა გაგრძელდეს მომავალშიც... აფხაზეთისა და საქართველოს სამეფოები და მათი მმართველები საერთო, დიდი მტრის წინაშე ყოველთვის ერთიანდებოდნენ. დღეს კი მტრებივით ვართ, არადა, საქართველოში არის ბევრი კეთილსინდისიერი ადამიანი, რომელმაც იცის სიმართლე.

- ქვეყნის გაერთიანების იდეა ბაგრატ III-გან წამოვიდა, მაშინდელ საქართველოს ფარგლებში იყო აფხაზეთიც... როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ ისტორიულ სინადვილისადმი?

- რამდენიმე წუთის წინ ჭეშმარიტებასა და სიყვარულზე ვლაპარაკობდი, ამიტომაც თავი ავარიდოთ ჩაძიებებს. ჩემი პასუხი ასეთია - შევეგუოთ იმას, რომ ქართველებსა და აფხაზებს განსხვავებული ისტორიული სინამდვილეები გვაქვს და ასეთ საკითხებს ძალიან ფრთხილად უნდა მივუდგეთ. ისე კი, ბაგრატ III დედის მხრიდან აფხაზური წარმომავლობის იყო და აფხაზეთის საქართველოს ფარგლებში მოქცევას უფრო ადამიანური, ნათესაური დატვირთვა ჰქონდა, ვიდრე პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი.

- ამას წინათ ერთ-ერთ ქართულ გამოცემასთან ინტერვიუში აღნიშნეთ, ქართველი სასულიერო პირები უნდა ჩამობრძანდნენ აფხაზეთში და მოილოცონო. თუმცა, ახლახან ამავე მიზნით აფხაზეთში ჩასული ქართველი მღვდელმონაზონი იონა დააკავეს.

- ეს ძალიან სამწუხაროდ ფაქტია, მაგრამ, ჩემი აზრით, მღვდელმონაზონი იონა აფხაზეთში მოსალოცად კი არა, ინფორმაციის გასატანად ჩამოვიდა, - მღვდელმონაზონი მაშინ დააკავეს, როდესაც ის ილორის ტაძრისთვის ფოტოსურათების გადაღებას ცდილობდა. ქართველი სასულიერო პირების მიმართ ჩემი კეთილგანწყობის დასტურად შემიძლია მეუფე სერაფიმე ჯოჯუას მაგალითი მოგვიყვანოთ, რომელიც ხშირად სტუმრობს აფხაზეთს და არც აქაურ ტაძრებში მოლოცვის დროს ექმნება პრობლემა. სხვათა შორის, ქართველი მღვდელმონაზონი ადრეც არის გალში ნამყოფი, თუმცა, ვიცი, რომ პრობლემები არ შექმნია.

- საიდან იცით?

- აფხაზეთი პატარა ქვეყანაა და არაფერი იმალება.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველი მღვდელმონაზვნის აფხაზეთში ყოფნის შესახებ ადგილობრივმა ე. წ. მილიციამ თქვენგან შეიტყო...

- ვწუხვარ, რომ ასეთი ვერსია საერთოდ გაჩნდა... ისე კი იონას (ერისკაცობაში მამუკა მაისურაძე), 2009 წლამდე საკმაოდ საეჭვო ცხოვრება ჰქონდა, მაგრამ ეს ჩემი საქმე არ არის. უბრალოდ, ის ადრე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში იყო, შემდეგ კი რუსეთში ბიზნესი დაიწყო. სოჭში რუსმა სპეცსამსახურებმა დააკავეს და საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში დასდეს ბრალი. საბოლოოდ, რუსეთში ბიზნესი დაკარგა, მოგვიანებით კი ბერად აღიკვეცა.

- რას ნიშნავს თქვენთვის ის, რომ მღვდელმსახურად საქართველოს საპატრიარქომ დაგასხათ ხელი?

- ყველა კარგ ფაქტს მივესალმები...

გიორგი გაგოშიძე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი:

- განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება მე-11 საუკუნის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას. აფხაზეთში ყველაზე მძიმე ვითარებაში ეს ეკლესიაა, რადგან ე.წ. სარეაბილიტაციო სამუშაობის შედეგად ძეგლის ავთენტურობა სრულიად დაირღვა.

ICOM-ის რუსული ბიუროს ანგარიშში აღნიშნულია, რომ ილორის მონასტერი ნამდვილად შეთეთრებულია და არსებული გუმბათი არაავთენტურია, რაც მას უნდა მოსცილდეს. ანალოგიური ვითარება დრანდის ეკლესიაშიც იყო, კერძოდ, უძველეს სანათლავს რკინაბეტონის სანათლავი დაადგეს, რომელმაც პირვანდელი ძეგლი დააზიანა. ამ ორგანიზაციის წარმომადგენლობა აღნიშნავს, რომ ამ სანათლავის მდგომარეობა გამოსასწორებელია. მძიმე მდგომარეობაა ახალი ათონის სვიმონ კანანელის სახელობის ეკლესიაშიც, სადაც გათხრები  არექოლოგების გარეშე მიმდინარეობს, რაც დაუშვებელია.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)