"სუხოი აფერისტობა"
მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირის გენერალურ მდივანად ანდროპოვი დავნიშნეთ, გურიაში ერთი საინტერესო ამბავი მოხდა. ანდროპოვმა, აქაოდა დიად საბჭოთა კავშირს ახალი დიადი საქმეები სჭირდებაო, დანიშვნიდან სულ მოკლე ხანში "სუხოი ზაკონი" შემოიღო, - აიკრძალა ალკოჰოლური სასმლის წარმოება და მისი მოხმარება. ამ ამბავმა ნამეტანი შეაწუხა საბჭოთა მილიცია. ატყდა სოფელ-სოფელ სირბილი და არყის სახდელი ქვაბების კონფისკაცია. კირილეს ყველა მეზობელ-ამხანაგისთვის ჰქონდა გადანახული კარალიოკის "ოტკა". "სუხოი ზაკონი" რომ შემოიღო მთავრობამ, კი იცოდა კირილემ, მაგრამ გურიის მაღალმთიან სოფელშიც თუ მიაკითხავდნენ არ ეგონა. ერთ მშვენიერ დღეს კირილეს მეზობელმა მილიციელმა შეაპარა, მილიციაში ანონიმკა მევიდა, კირილეს სპირტიანი სასმელების წარმოება აქვს გაჩაღებული და ხვალ მთელი მილიციის განყოფილება თავზე დაგეცემაო. წაი, ბიძიკო, შენ სახლში და მილიციისა და ობეხეესის საცოდაობას გაყურებიებ ხვალეო, - დაამშვიდა გულშემატკივარი წესრიგის დამცველი კირილემ. იმავე საღამოს ექვსი ოცლიტრიანი ბოცა წყლით გაავსო და ოდის გვერდით, "ქუხნაში" ჩაამწკრივა. მეორე დილით მილიცია და ობეხეესი დაეცა კირილეს.
- რა დავაშავე, ბატონო? - გაიკვირვა კირილემ.
- რა და არყის წარმოება მოგიწყვია აქო!
- ცილს მწამებს ვინცხა, - ხელები გაასავსავა კირილემ.
- ესაა, ცილს მწამებენო? - გადირია უფროსი "ობეხე", - ასი ლიტრი ოტკა აგერ ქვეყნის დასანახავად გამოგიწყვია ვიტრინაში და კიდევ ბედავ უარსო?
- რავა გეკადრებათ, ბატონო, არაა მაგი ოტკაო, - დაიფიცა კირილემ, - გასინჯეთ, თუU გნებავთო. მილიციელები ბოცებს მისცვივდნენ და ობეხეესის თანამშრომლებს ღვინის ჭიქებში ყველა ბოციდან ანკარა სითხე ჩამოუჩხრიალეს. პირველი ბოცა რომ გასინჯეს, წყალი აღმოჩნდა, მეორეშიც, მესამეშიც... გაოცდნენ მილიციელები. რად გინდა ეს წყლით სავსე ბოცები რომ ჩაგიმწკრივებია, შე ოჯახდაქცეულო, ხუთი ჭა გაქ ეზოში, გვიპასუხე, თორემ დაგალპობთ ციხეში სუხოი აფერისტობისთვისო.
- ცხონებული მამაჩემი რომ კტებოდა, დამიბარა, ჩემი ნაბანი წყალი არ გადააქციოთ, ჩემი ცოლიც მაგ წყლით უნდა გაბანოთ და ისე გააცილოთ უკანასკნელ გზაზეო. მამაჩემის სიტყვას რავა გადუუხვევ, ბატონო, და მაგ ბოცებში სწორედ მამის ნაბან წყალს ვინახავო!
იქ ამბავი დატრიალდა, "სუხოი ზაკონს" რომ შეეფერებოდა, სწორედ ისეთი! კარალიოკის არყის რა გითხრათ, მაგრამ წყალი რომ კარგა ხანს არ დაულევიათ უბედურ მილიციელებს, დანამდვილებით ვიცი!