ასურეთში დამარხული გერმანელების განძი - კვირის პალიტრა

ასურეთში დამარხული გერმანელების განძი

შავსაყდარი ხევისკენ მიცოცავს

შალანის ჩაყრილი ვაზი დღესაც ხარობს

ქართლში, სოფელ ასურეთში თავის დროზე რუსეთის იმპერიამ გერმანელები ჩამოასახლა, რომლებმაც ისე შეიყვარეს ახალი კერა, რომ იქაურობა ააყვავეს - ასურეთი იმ დროის თბილისისთვის ბაღჩეულის უპირველეს მიმწოდებლად ითვლებოდა. მაგრამ გერმანელებს მეორე მსოფლიო ომის დროს, ერთ ბნელ ღამეში დაატოვებინეს სოფელი... გავიდა წლები და როცა საზღვრები გაიხსნა, ასურეთში ერთი რაჭველის ოჯახს (ამბობენ, გიორგობიანებს) გერმანელი ტურისტი ესტუმრა. მოდი, თქვენი სახლის ამა და ამ ოთახის იატაკი ამაყრევინეთ და თუ იქ ის დამხვდა, რასაც ველი, არაფერი გაგიჭირდებათო. არავინ იცის, პირობა რაჭველმა ირწმუნა თუ არა, მაგრამ სახლის ძველ პატრონს და თანაც სტუმარს ხათრი ვერ გაუტეხა - კი ბატონო, ისედაც ვალში ვართ თქვენთან, რაც ამ სახლში ვცხოვრობთ, ლურსმნის მიჭედება არ დაგვჭირვებიაო და რკინის ძალაყინი გამოუტანა იმ ორმაგი იატაკის ასაყრელად, რომელსაც გერმანელები ჩვეულებრივ აგებდნენ დასათბობად. სტუმარმაც, რომელიც თურმე პატარა ბიჭი იყო, როცა ამ სახლიდან გამოაძევეს, შუა იატაკს ძალაყინი დაჰკრა და მხოლოდ ერთი ფიცარი ამოაძრო. მერე დაიჩოქა, ხვრელში ხელი ჩაყო და... ფუთა ამოაძვრინა. იქიდან კი ოქროს მონეტები და ძვირფასი სამკაული გადმოიყარა...

ძვირფასეულობით "მასპინძელიც" დაასაჩუქრა, მერე წინაპრის, გვარად შალანის ჩაყრილი ვაზი, შალა მოიკითხა... რამდენიმე წელიწადში კი ასურეთიდან გერმანიაში შალას ნატურალური წვენის გადაზიდვაც დაიწყო. გერმანელების ჩაყრილი შალას ჯიშის ვაზი შავსაყდარშიც ხარობს, - ასურეთის მეზობელ ამ პატარა სოფელში ახლა 85-მდე კომლი ცხოვრობს. მათ ახლა ბედისწერა უფსკრულში მიაქანებს. ის არაფერს ინდობს, არც ვაზს და არც სიყვარულით გამთბარ სახლებს. ერთ დილას შავსაყდრელები იღვიძებენ და მათი მიწა უკვე ხევშია.

გოჩა ოსიყმაშვილი: - ჩვენი სოფელი ადრე აქედან 2 კილომეტრით დაბლა ყოფილა გაშენებული და იმ ადგილს ვარდისუბანი ერქვა. მერე რაღაც ჭირი მოსდებიათ - დედას რომ შვილი გაუჩნდებოდა, მაშინვე ართმევდა განგება, ასე წყდებოდა სოფელი. ერთხელ ერთ ქალს წლობით ნანატრი ჩვილისთვის ხელი დაუვლია და გადაკარგულა. 40 დღის შემდეგ გამოჩენილა, - ერთ შავ საყდარს ვიყავი შეფარებული, იმ ეკლესიის ანგელოზმა გვაცოცხლა. თუ გინდათ თქვენმა შვილებმაც იცოცხლონ, აიყარეთ და იმ ტაძრის გარშემო დავსახლდეთო. მიჰყვა ქალს უკან სოფელი...

ახლა ჩვენი სოფელი მეწყერს ისევ უკან, ხევისაკენ მიაქვს. ერთი სახლი ღამით მოწყვიტა და სადღაც ჩაკარგა... მისმა პატრონმა ვეღარც ნახა, სად იყო ჩაფლული. თანაც მეწყერი ხომ გვტენის უფსკრულში, მთავრობაც ზემოდან გვაჭერს წიხლს, - სენი პირუტყვს გვინადგურებს და წამლის საყიდელი ფული არ გვაქვს. რამდენჯერ დაგვეხოცა ასე ნალოლიავები საქონელი. აცრებია საჭირო, მაგრამ ეს სახელმწიფომ უნდა ქნას. აბა, გლეხს ვინ მისცა იმის შესაძლებლობა, ყველა დაავადების ასაცრელი წამლები იყიდოს! ჩვენს სოფელში წყალიც არ დაილევა. წლებია, ფილტრები არ გვაღირსეს, ონკანში წყალს ჭიები მოჰყვება. აქ ვინმე გაჩერდება? იმიტომაც არის, ათი წლის წინ სკოლაში 74 ბავშვი გვყავდა, ახლა 17 გვყავს და ზოგიერთი კლასი გაუქმდა კიდეც.

ნანა თეგაძე: - რომ მოსაღამოვდება, სოფელში ვინმეს სახლ-კარი რომ ეწვოდეს, ვერ შემოვა, - ტრანსპორტი არ დადის. არადა, თბილისიდან აქამდე ერთი საათიც არ სჭირდება მიკროავტობუსს. ამის მერე რომელი ჭკუათამყოფელი გვეტყვის, - სოფელი მაინც არ უნდა მიატოვოთო... მაგრამ ჩვენ მაინც არ ვტოვებთ, ვეჭიდავებით კაცსა და განგებას, თუ მოვუგეთ, ხომ კარგი, თუ არა და, აგერ ჩვენ და აგერ ჩვენი უფსკრულიც!

ასურეთი

ძველი ქართული სოფელი ასურეთი   XVIII საუკუნეში მტრის შემოსევების გამო გაუკაცრიელდა. რუსეთის იმპერიამ XIX საუკუნის 20-იან წლებში სოფელში გერმანელი კოლონისტები ჩაასახლა და გერმანული კოლონია, სახელად ელიზაბეტალი, შექმნა. ელიზაბეტალი სოფელს   XX საუკუნის 10-იან წლებამდე ერქვა, შემდეგ დაუბრუნდა ძირძველი სახელი - ასურეთი. სოფლისთვის დღესაც დამახასიათებელია გერმანული არქიტექტურა. შემორჩენილია ძველი გერმანული ეკლესია, რომელიც 1871 წელს აშენდა. აქ გერმანული დასახლება 1941 წლამდე არსებობდა, ვიდრე სტალინის ბრძანებით ისინი სოფლიდან არ გაასახლეს. ასურეთში დღემდე შემორჩა გერმანელების სასაფლაოც. 1941 წელს, მას შემდეგ, რაც სოფელი დაიცალა, ასურეთში ამბროლაურის და ონის რაიონის მოსახლეობა ჩამოასახლეს...