ქართველებს შვილებისთვის ქართული სახელების დარქმევას უკრძალავენ - კვირის პალიტრა

ქართველებს შვილებისთვის ქართული სახელების დარქმევას უკრძალავენ

”უყურადღებობას განვიცდით საქართველოსგან”

"გავოცდი, ტაძართან ანთებული სანთლით ხელში მუსლიმანები რომ დავინახე”

”უკვე თათრები ყიდულობენ ჩვენს მიწებს, აქვე ალიევმაც მოიწყო რეზიდენცია, ცოტა ხანში ალბათ ქართველებისგან სულ დაიცლება სოფელი”

ამონარიდი გაზეთ ”ყველა სიახლიდან”:

ჩემმა მეგობარმა გეოგრაფმა, თსუ-ის პროფესორმა გიორგი დვალაშვილმა შემომთავაზა შემოგვიერთდიო და ცხადია, სიხარულით გავყევი ჰერეთში. საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ძალიან ბევრ ქართველს შევხვდით - ნაცნობებსაც და უცნობებსაც,

გიორგი დვალაშვილი: - 20-მდე ხეობაში, 100 კილომეტრის ტერიტორიაზე ათი ქართული სოფელია და მთლიანად დაახლოებით 15 ათასი ქართველი ცხოვრობს. კახის რაიონში ძირითადად მართლმადიდებლები არიან, ზაქათალისა და ბელაქნის ქართველობა კი მუსლიმია. სწორედ მათ უწოდებენ ინგილოებს ანუ ”ძალით გამუსლიმანებულს”.

სოფელ იტიტალას ნაკლებად სტუმრობენ საქართველოს ქართველები, რადგან იქ მოსახვედრად ცენტრალური გზიდან საგანგებოდ გადახვევაა საჭირო. აქ თურმე ქართველებს შვილებისთვის ქართული სახელის დარქმევას უკრძალავენ, არც ქართული გვარის ტარების უფლება აქვთ. მართალია, ქურმუხის წმინდა გიორგისკენ მიგვეჩქარებოდა, ერთობლივი გადაწყვეტილებით ამ სოფლის მოსანახულებლად გზიდან მაინც გადავუხვიეთ. ერთ-ერთ ჭიშკართან რამდენიმე მამაკაცი იდგა, ქართველები იყვნენ და ძალიან გულთბილად შეგვხვდნენ. რომ მოვიკითხეთ, კარგად ვართ, მშვიდობითო, ხალისიანად გვიპასუხეს. მერე გვიამბეს, 500 ოჯახი ვცხოვრობთ, ძირითადად, ქართველები. კარტოფილი და სიმინდი მოგვყავს, თხილი და კაკალი გვაქვს, მესაქონლეობასაც მივდევთ, ჩვენი შვილები სკოლაში ქართულს სწავლობენ, მერე კი თბილისში მოდიან უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლადო.

ცოტა ხნით ქართული სოფლის, ალათემურის ქართულ სკოლასთანაც შევისვენეთ. გავიხარეთ, სკოლის შენობასა და განცალკევებით მდებარე დიდ აბრაზე თვალსაჩინოდ დაწერილი ”ჩემი ხატია სამშობლო, სახატე მთელი ქვეყანა” და ”მამული, ენა, სარწმუნოება” რომ ამოვიკითხეთ. როგორც იქნა, შუა საუკუნეების ჯვარგუმბათიან ულამაზეს ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიამდეც მივაღწიეთ, რომელიც მდინარე ქურმუხისწყლის ხეობაში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დამსახურებით ბოლო დროს არა მარტო 23 ნოემბერს, 6 მაისსაც დაიწყეს აქ გიორგობის აღნიშვნა. გიორგობას ჰერეთში ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის ეპისკოპოს მელქისედეკთან ერთად სხვა სასულიერო პირებიც ჩაბრძანდებიან ხოლმე და კახის წმიდა გიორგის ეკლესიაში წირვის ჩატარების შემდგომ ქურმუხის ეკლესიისკენ მიემართებიან, სადაც პარაკლისს აღასრულებენ. ქურმუხში მართლაც ნამდვილი სახალხო-საეკლესიო დღესასწაული დაგვხვდა - უამრავ ადამიანს მოეყარა თავი - ქართველებსაც და აზერბაიჯანლებსაც, მუსლიმანებსაც და ქრისტიანებსაც. გავოცდი, ტაძრის სიახლოვეს, კლდესთან, ანთებული სანთლით ხელში მუსლიმანები რომ დავინახე. სანთლის დანთების შემდეგ ფეხშიშველები ადიოდნენ ტაძართან და ქრისტიანების მსგავსად სამჯერ უვლიდნენ გარს ეკლესიას, გაბრწყინებული სახით ულოცავდნენ ერთმანეთსა და მართლმადიდებლებს გიორგობას. გამოვკითხე, ქრისტიან წმინდანს როგორ უნთებთ სანთელს-მეთქი, სიამაყით მიპასუხეს: წმინდა გიორგი ძლევაშემოსილია და რასაც შევთხოვთ, ვიცით, ყველაფერს შეგვისრულებს, მისი ძალიან გვჯერაო. ქურმუხის ტაძრის აღმართზე შესანიშნავი ქართულით მოსაუბრე გულანთებულ ქართველებს შევხვდი. საქართველოს ქართველობისგან ყურადღება მოკლებულებს გამოლაპარაკებისას სამართლიანი საყვედური დასცდათ ალაზანს იქითა ქართველების მისამართით, თუმცა იმ საყვედურსაც საქართველოსა და ქართველობის მათი დიდი სიყვარული გასდევდა.

თემურ სუყაშვილი, სოფელ ალიბეგლოს მცხოვრები:

- წმინდა გიორგის ძალა და მადლი ფარავდეს მთელ საქართველოს. რთულია სხვა ქვეყანაში ცხოვრება და აქ ქართველობის შენარჩუნება. უყურადღებობას განვიცდით საქართველოსგან. ბევრი პრობლემა გვაქვს - კულტურის სახლები ვერ მუშაობს, ცეკვის, სიმღერის წრეების ამოქმედება ურიგო არ იქნება. მე თვითონ ორი თვეა, მარნეულის აზერბაიჯანულ სკოლაში ვასწავლი და იქ მყოფი აზერბაიჯანული მოსახლეობის ყოფას აქ მყოფი ქართველების ყოფას რომ ვადარებ, ცასა და დედამიწასავით განსხვავებას ვპოულობ. ჩვენიდან ახალგაზრდების მასობრივი მიგრაციაც დაიწყო საქართველოში, უფროსი ადამიანები კი რუსეთში მიდიან და სოფლები, ფაქტობრივად იცლება.

სტატია სრულად იხილეთ გაზეთ ”ყველა სიახლის” ოთხშაბათის ნომერში.