ჩვენმა სატკივარმა ინგლისელი დააფიქრა!..2009 წლის 7 სექტემბერს "კვირის პალიტრა" წერდა: "თუშეთში კულტურის ძეგლებს ნგრევა ემუქრება. ღვთის ანაბარა მიტოვებული კოშკები მოუვლელობის გამო იბზარება და მერე უცებ გადაეშვება ხოლმე უფსკრულში. ასეთ, წელში გაწყვეტილი ციხეების ნაშთებს, ბევრს წააწყდებით თუშეთში". მაშინ ძალზე საშურ საქმედ მივიჩნიეთ სოფელ დართლოს თავზე არწივივით წამომართული ულამაზესი სოფელ კვავლოს ერთადერთი კოშკის გადარჩენა...
...მიიტანეს თუ არა გულთან ამ კოშკის ტკივილი იმათ, ვისაც ამისთვის ხელფასს ვუხდით, თუ ფეხებზე დაიკიდეს კოშკი?!
მოუვლელობა, გულგრილობა და დრო ერთად ანადგურებს საუკუნეების წინათ შექმნილ ძვირფას მემკვიდრეობას - წვიმა, თოვლი და ყინვა აფუჭებს უპატრონოდ მიტოვებულ საუკუნოვან ნაგებობებს. კვავლოში შემორჩენილი კოშკი ვეღარ უძლებს ამდენ განსაცდელს. რამდენიმე თვის წინ ვწერდით და ახლაც ვიმეორებთ, თუ ციხე ჩაიქცა, სოფელი სამარეს დაემსგავსება, კოშკი კი უძველეს ისტორიას თან წაიღებს. თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტ ნუგზარ იდოიძის თქმით, გმირ გიორგი თილიძის კოშკი, თუშეთის სხვა კოშკებივით, სამი-ოთხი საუკუნისა უნდა იყოს.
კოშკზე ბზარი დიდი ხნის წინ გაჩენილა და ბუნებრივია, მისი დანგრევის საფრთხე გაიზარდა. ახლა მოსახლეობა (რომელსაც აქ მხოლოდ ზაფხულში ნახავთ) ლოცულობს, რომ კოშკმა როგორმე ზამთარს გაუძლოს და გაზაფხულზე ნესტისგან დაბერილი მკერდი კიდევ უფრო არ გაეხლიჩოს.
ორიოდე დღის წინ შევიტყვეთ, რომ კვავლოს კოშკის ამბავი მხოლოდ თუშებს როდი ადარდებთ. მის გადასარჩენად ზრუნავს ინგლისელი მეცენატი პიტერ ნესმიტიც, რომელიც კოშკის რეაბილიტაციის პროექტის შესადგენად და განსახორციელებლად დონორს ეძებს.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელ გიორგი შონვაძის თქმით, პიტერს სწორედ "კვირის პალიტრაში" დაბეჭდილი წერილის გაცნობის შემდეგ გადაუწყვეტია კოშკზე ზრუნვა:
- პიტერს საქართველო რომ ძალიან უყვარს, მის გაცნობამდეც მსმენოდა, მაგრამ არ მეგონა, რომ თუ ასე დაწვრილებით იცნობდა ჩვენი ქვეყნის პრობლემებს. ჩვენი ერთ-ერთი პირველი შეხვედრა შედგა ლონდონში, საერთაშორისო გამოფენაზე, სადაც საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტი და დაცული ტერიტორიების სააგენტო წარადგენდა. ტურიზმის დეპარტამენტის პრესკონფერენციას, მასმედიის წარმომადგენლებისა და ტუროპერატორების გარდა, პიტერ ნესმიტიც ესწრებოდა. მას კვავლოს კოშკზე დაწვრილებითი ინფორმაცია ჰქონდა, სტატია წაუკითხავს. ბატონი პიტერი ფიქრობს, რომ სასწრაფოდ დონორების მოზიდვაა საჭირო და მზად არის ამ პროცესში მონაწილეობისთვის. სარეაბილიტაციო პროექტზე უცხოელი დონორების მოძიება ჩვენც გვქონდა დაგეგმილი და პიტერ ნესმიტის თანადგომა დიდად დაგვეხმარება.
პიტერ ნესმიტი დაახლოებით 12 წელია საქართველოში საქმიანობს. საქართველოზე ორი წიგნიც კი აქვს გამოცემული: "საქართველო პოეზიის მთებში" და "ფეხით მოვლილი კავკასია". ის საქართველოს შესახებ კონსულტაციებსაც უწევს უცხოელ ტუროპერატორებს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკა ვაჩეიშვილმა ჯერ კიდევ სექტემბერში განაცხადა, რომ უკვე გაკეთებულია თუშეთის რამდენიმე სოფლის სრული სარეაბილიტაციო პროექტი, რომელშიც კვავლოს კოშკიც შედის. რეაბილიტაცია გაზაფხულზე უნდა დაიწყოს, მაგრამ თუ მანამდე სახსრები არ იქნა მოძიებული, ეს პროცესი დაყოვნდება და ძეგლების ნგრევის საფრთხე გაიზრდება.
დასანანია, რომ ერთმანეთის ხელებში შემყურეთ წარსული თავზე გვენგრევა. ყველამ რომ მოვინდომოთ და წინაპრებისგან გადმოცემული სიმდიდრის გადარჩენაში დროულად და შეძლებისდაგვარად შევიტანოთ წვლილი, საეჭვოა საქმე იქამდე მივიდეს, რაც ახლა კვავლოს კოშკს სჭირს. იქნებ პიტერ ნესმიტის საქმემ მაინც წაგვაქეზოს.












სანაპიროზე ამ ქალს თითქმის ყველა იცნობს და მეტსახელად "ბებოს მაზებს" ეძახიან. 68 წლის გუგული მიმინოშვილი მზეზე დამწვარ-დახრუკულ დამსვენებლებს თავისი მალამოებით ტკივილს უამებს.
"კვირის პალიტრის" #29-ში გამოქვეყნებულ სტატიას "შეგიძლიათ წაიკითხოთ მხოლოდ სომხურად ან ინგლისურად!.." საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მომრავლებული უცხოენოვანი წარწერები საქართველოს ზღვისპირეთში, სადაც ჩვენი სახელმწიფო ენა უგულებელყოფილი იყო, მკითხველის განსჯის საგანი გახდა.
მშობლებისგან ხშირად გაიგონებთ, პატარებისათვის სურამის ჰაერი მისწრებააო, მით უმეტეს, თუ ბავშვს ფილტვების და სასუნთქი გზების პრობლემა აქვს. ან სხვისი თქმა რად მინდა, სკოლიდან დაგვითხოვდნენ თუ არა, დედა "გრანდიოზულ სამზადისს" იწყებდა სურამში დეიდასთან 3 თვით გასამგზავრებლად.
შემაწუხებელი სიცხისგან გასარიდებლად ორიოდე დღით მეგობრებთან ერთად მანგლისში წავედი. მეგონა, დავისვენებდი, მაგრამ საინტერესო ამბებისა და პროფესიული ცნობისმოყვარეობის გამო დასვენება არ მეღირსა.
ურეკი... აქ ღამის დისკოთეკებზე უცხოური მუსიკის რიტმს აყოლილი ახალგაზრდების მხიარულება ჯერჯერობით ნაკლებად იგრძნობა. რა ხანია, უცხოური მუსიკა სომხურმა ჰანგებმა შეცვალა.
"მე რა მამღერებს..." ანუ რამ დაგვაყრუა?!
სწორ გზაზე სანამ ვიყავით, რა გვიჭირდა, გარედან შემოსული ხვატისა და ტრანსპორტში კონდიციონერის არარსებობის მიუხედავად, მაინც ერქვა, რომ ვმგზავრობდით. მაჩხაანისა და მერე მირზაანისკენ მიმავალ გზას რომ დავადექით, ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ყველანი დიდ კოლბაში ჩავყრილიყავით, რომელსაც გამეტებით ანჯღრევდა ვიღაცა.
14 ივლისს ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 149 წელი შესრულდება. ერთი წელიც და საქართველო საზეიმოდ აღნიშნავს პოეტის ამქვეყნად მოვლინებიდან საუკუნე-ნახევრის გასვლას.
ჩვენ, ქართველებს, ვინ იცის რამდენჯერ აგვიწევია ჭიქა და დაგვილოცია - იმ სიმღერას გაუმარჯოს, კოსმოსში რომ გაგზავნეს და იქ ქართველების ამბავი წაიღოო! ახლა, მთელი საქართველო ამ სიმღერასავით ალალბედზე ვართ გაშვებული, - როგორც ბოთლი ტალღებზე, იქნებ ვინმე ღვთისნიერმა იპოვოს, გახსნას, ჩვენი გასაჭირი გაიგოს და მოგვეშველოს.
დილაუთენია ავტომანქანაში ვჯდები და გეზს არხილოსკალოსა და ქვემო ქედისკენ ვიღებ. გზა საკმაოდ გრძელი და დამღლელია, ძველისძველი და ძნელად სავალი. იქ გველოდება შრომისმოყვარე ხალხი, რომელიც არცთუ ისე განებივრებულია ჟურნალისტებისა თუ სხვა მომკითხავებისგან.












