ფრთხილად, კურორტიდან პირდაპირ ინფექციურში არ მოხვდეთ! - კვირის პალიტრა

ფრთხილად, კურორტიდან პირდაპირ ინფექციურში არ მოხვდეთ!

მთის სუფთა ჰაერი, ნაძვისა და ფიჭვის ტყეები, ისტორიული ძეგლები, მათ შორის, სურამის ციხე, გულში ჩამწვდომი ლეგენდით - სურამს დიდი შანსი აქვს საერთაშორისო ტურიზმის სიაში მოხვდეს, მაგრამ საკმარისია დაბაში რამდენიმე წუთი გაატაროთ, რომ სურამის პოტენციალზე საუბარი მხოლოდ ფუჭ ოცნებად მოგეჩვენებათ.

წელს სამთო კურორტი დამსვენებლებს აბსოლუტურად მოუმზადებელი შეხვდა. როგორც კი დაბის მთავარ ქუჩას დასასვენებელი პარკისკენ ავუყევი, მივხვდი - სურამში ადამიანი ფილტვებს გაისუფთავებს, მაგრამ დიდი შანსი აქვს, ნაწლავური ინფექციით დაავადდეს. აქაურობა ნაგავს მიაქვს, თვით მდინარე სურამულაც კი ეკოლოგიური კატასტროფის ზღვარზეა.

სურამელები მდინარეში საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ყრიან და თავს იმით იმშვიდებენ, რომ შემოდგომაზე მოსული წვიმებისგან ადიდებული მდინარე ნაგავს მტკვარს გააყოლებს.

აქ ბავშვებისთვის განკუთვნილი პარკიც კი არ სუფთავდება - სხვა ნარჩენებთან ერთად, მოჭრილი ტოტებისა და ბოთლების გროვა დგას. საბავშვო პარკში ხეების ჩრდილში გაწოლილ ძროხებსაც შენიშნავთ.

რატომ არ იყრება ნაგავი ურნებში? როგორ ჩაიყრება, როცა სკვერში ნაგვის ურნები უბრალოდ არ არსებობს! აქ მხოლოდ ძველ კასრებს თუ შენიშნავთ, ისიც ალაგ-ალაგ და ისე მოშორებით, მასთან მისვლის სურვილი დაგეკარგებათ.

მარინა შეყილაძე, დამსვენებელი: "ჩემს ვაჟს სასუნთქი გზების პრობლემა აქვს, ამიტომ წლებია, შვილები სურამში მომყავს. ყოველ ჯერზე ერთი და იგივე სურათი გვხვდება: ყველგან ნაგავი ყრია, წელს ანტისანიტარიის გამო დაბაში ბუზებიც მომრავლდა. მიკვირს, ასეთი მნიშვნელობის კურორტი უპატრონოდ რატომ მიაგდეს?!"

ლია ენუქიძე, ადგილობრივი: "ანტისანიტარიის გამო, დამსვენებელს სურამში ჩამოსვლის სურვილი უქრება. ყურადღებას არავინ გვაქცევს. ფულის დარიგებას ხომ არ ვითხოვთ, პარკი მაინც მოაწესრიგონ".

სურამში უნიკალური გოგირდოვანი წყლებიც მრავლადაა, რომელთა სათავეში წლების განმავლობაში აბანო ფუნქციონირებდა. იქ ათეულობით ადგილობრივი იყო დასაქმებული, დღეს კი აბანოების ტერიტორია ისეა გავერანებული, რომ ნანგრევების პოვნაც გაგიჭირდებათ. მის ადგილზე ერთი დაბრეცილი მილია შემორჩენილი, რომელშიც გოგირდოვანი წყალი საცოდავად მოწანწკარებს.

დაბა სურამში პარკამდე მისასვლელი გზა ამორტიზებულია, რის გამოც ქუჩიდან წამოსული მტვერი სახლებში იყრება.

"კვირის პალიტრა" სურამის გამგებელს, ვანო გელაშვილს დაუკავშირდა:

- ნაგვის ურნები ზინდისის ტყეში 2012 წელს დაიდგა, თუმცა ყველა მათგანი დაიკარგა. ტერიტორიის დასასუფთავებლად არაერთი აქცია ჩავატარეთ, მაგრამ ურნების არარსებობის გამო პარკი მაინც ნაგვიანდება.

- სამი წლის განმავლობაში ნაგვის ურნების მონტაჟი რატომ ვერ მოახერხეთ?

- ფული არ გვქონდა. შესაძლებლობა რომ გვქონოდა, გავაკეთებდით. ახლა შესყიდვებისთვის ვემზადებით და პარკს ნაგვის ურნებით მოვამარაგებთ.

რუსუდან შელია