ცირა ორბავშვიანი კლასიდან - კვირის პალიტრა

ცირა ორბავშვიანი კლასიდან

ბარისახოს სკოლაში ცირა ჭინჭარაულს ერთადერთი კლასელი ჰყავს - გოდერძი ლიქოკელი

ახალი სასწავლო წელი კვლავ დაიწყო. მეც დილაობით კვლავ მივდივარ ჩემი სახლის მახლობელ სკოლასთან, და იქ ტრანსპორტს ველოდები. ისიც კვლავ მოდის, ოღონდაც არა ზაფხულივით ჩამკვდარი, არამედ გრიალით - კარი გაიღება თუ არა, ბავშვები ქარიშხალივით გადმოცვივდებიან და "შეშინებული" განზე გავდგები ხოლმე. მარტო მე კი არა, სხვებიც... ჩემ წინ, ტროტუარზე, პირველკლასელები გორგოლაჭებიან ჩანთებს მიაღრჭიალებენ და ხმაური ნერვებს სულაც არ მიშლის... ვდგავარ და ღიმილით შევყურებ. ვიღაცამ რომ დამინახოს, ალბათ მთლად დალაგებული არ ვეგონები, მან ხომ არ იცის, რა მიხარია. უეცრად ცირა მახსენდება, 11 წლის ბარისახოელი ცირა ჭინჭარაული. ახლა ისიც ალბათ სკოლისკენ გარბის - გადმოჭრის მტვრიან შარას და წეროსავით ფეხების წყალობით სკოლა-ინტერნატში სულ 3 წუთშია. იქ პარკეტამოყრილ იატაკზე გაირბენს და... ესეც მისი კლასი და ერთადერთი კლასელი - გოდერძი ლიქოკელი. სხვა იქ არავინ დახვდება... თუმცა, რას იზამ, ამაზეც ბედის მადლობელი უნდა იყოს, მთაში ზოგს სულ არ ჰყავს კლასელი! თანაც კლასელებთან გართობას მაინც ვერ მოახერხებს - შინ უამრავი საქმე ელოდება, - თივაა შესაგროვებელი, პირუტყვი მოსაყვანი. უფროსები იმდენს შრომობენ, რომ თუ ბავშვები არ დაიხმარეს, არაფერი გამოუვათ... ზის ცირა ფანჯარასთან და ხანდახან, როცა ორ მოსწავლესთან მოსაუბრე მასწავლებლის მოსმენით ძალიან დაიღლება, თვალი გზისკენ გაურბის - ეგებ, უცხო სტუმარმაც ამოიაროს. უცხოს ნახვა კი ძალიან საინტერესოა! ასე ავიარე მეც ერთ დღეს ბარისახოს გზაზე და ცირა მამა-პაპის კოშკის კიბეზე წამოსკუპული დამხვდა, - წეროსავით ფეხებს იქნევდა და ცნობისმოყვარედ შემომცქეროდა.

- ცირა, ახლა ზაფხულია და გარეთაც ერთობი, მაგრამ თოვლი რომ მოვა და გზები ჩაიკეტება, მაშინ რაღა უნდა აკეთო?

- რაა? - მეკითხება პასუხად და აშკარად უკვირს, ეს რა კითხვააო, - უსაქმური კი არ ვარ! დედას ვეხმარები, ბევრს შრომობს, მამასაც ვეხმარები, ბიძასაც და... ყველას. ვაგულიანებ კიდევაც.

- რაში აგულიანებ?

- შრომაში! ჯილდოს სიგელიც შევადგინე და დავხატე. ისეთი ლამაზია, რომ... ვინც ყველაზე კარგად იშრომებს, მას მივანიჭებ ამ სიგელს. აი, ასე! - მეუბნება ცქვიტად და ფეხებს აქანავებს.

- აბა, მაჩვენე ერთი, ის შენი სიგელი, - ვთხოვ და ისიც ხალისით გარბის მოსატანად, თანაც დიდი ცელოფანის პარკით რაღაც დიდი მოაქვს. იატაკზე დებს და სიგელს დიდის ამბით მაჩვენებს. ნამდვილი სიგელი შეუდგენია, - წეს-ადათების სრული დაცვით: თავში - გერბი, ბოლოში - მისი ხელმოწერა, შუაში კი შრომაში გამარჯვებულის სახელი და დოსიე. ამ სიგელით ბიძა ჰყავს დაჯილდოებული - ძალიან ბევრი თივა მოიტანა შინო! მერე სიგელს დიდი მოწიწებით მაგიდაზე მიდებს და დიდ პარკსაც ხსნის. იქიდან ხევსურული ტალავრის ხასხასა ფერები ანათებს.

- ეგ რაღაა?!

- რა და, ბებოს ტალავარი. რომ თხოვდებოდა, მაშინ მოქარგა და ჩაიცვა, მერე დედაჩემს აჩუქა, იმანაც ჩვენ - მე და ჩემს დას. ნახე, რა გამხდარი ყოფილა ჩემი ბებო, 19 წლის იყო, რომ გათხოვდა და იმის ტალავარი მე მადგება კარგად!

- ახლა არ მითხრა, ეს ტალავარი მეც ჩემს ქორწილში უნდა ჩავიცვაო!

- რა დროს ქორწილია! - სიტყვას მიჭრის ცირა და ცხვირს მაღლა სწევს, - უნდა ვისწავლო!

- ესე იგი, შენც უნდა წახვიდე, მერე, ცოდვა არ არის შენი სოფელი?!

- ცოდვა? რათა, აქ ვეღარ ამოვალ?! - ისევ გაკვირვებით მიყურებს ცირა და ფეხებს წინაპრის კოშკის კიბეზე აბაკუნებს, - უკვე ტალავარში გამოწყობილი, ხელში თავისი დაწესებული "ჯილდოთი". მეც მის ფეხების ბაკუნს ვუსმენ და ვფიქრობ, - დაე, მათ ქვეყანა გადაიარონ, ოღონდ, ღმერთო, ცხოვრება მაშინ მაინც იყოს ისე მოწყობილი, რომ ცირას სოფელში ყოფნა უნდოდეს, მის სკოლაში ახალი სასწავლო წლის დასაწყისშიც კი სიჩუმე აღარ იყოს და მისი სოფლის შარაგზაზე დაგებულ ასფალტზე ძალიან ბევრი პატარა გორგოლაჭებიან ჩანთებს მიაღრჭიალებდეს. მაშინ ხომ უფრო ბედნიერი იქნება ყველა, ვისაც ჩვენი დაცლილი სოფელი და მისი დაცარიელებული სკოლა სტკივა, ცირა ჭინჭარაული სტკივა თავის ორბავშვიან კლასში...

უწერის სკოლაში წელს ერთი პირველკლასელია

მთიანი სოფლების სკოლებში სულ უფრო და უფრო ნაკლები პირველკლასელი მიდის. ბარისახოს სკოლა-ინტერნატში, სადაც ხევსურეთის ათი სოფლიდან დადიან ბავშვები, წელს პირველი კლასის კარი არც ერთ ბავშვს არ შეუღია. ასეთივე მდგომარეობაა რაჭაშიც. სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც ონის მუნიციპალიტეტის უწერის სკოლაში წელს მხოლოდ ერთი პირველკლასელი, ლელა მეტრეველი შევიდა. როგორც უწერის საჯარო სკოლა-ინტერნატის დირექტორი ნანული სარაჯიშვილი ამბობს, უწერის სკოლას გაისად კვლავ ეყოლება ერთი პირველკლასელი. შემდგომ წლებში მის კარს ახალი თაობა უკვე აღარ შეაღებს. ამ ფონზე სახელმწიფოს მთავარი საზრუნავი მთიან სოფლებში სიცოცხლის დაბრუნების საკითხი უნდა იყოს, თუმცა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ეს ასე არ არის...