ძლიერი ქარი, წვიმა, თოვლი, წყალდიდობა, მეწყერი - გასული ღამის სტიქიის შედეგები საქართველოს რეგიონებში (ფოტოგალერეა) - კვირის პალიტრა

ძლიერი ქარი, წვიმა, თოვლი, წყალდიდობა, მეწყერი - გასული ღამის სტიქიის შედეგები საქართველოს რეგიონებში (ფოტოგალერეა)

სოფელ ჯიხანჯურში ქარმა საცხოვრებელს სახურავი გადახადა, რომლის დროსაც ოჯახის უფროსი დაშავდა (ფოტოგალერეა)

დაშავებული მოსახლეობა, დანგრეული სახლები, დატბორილი ქუჩები და სახლები, წაქცეული ელექტროენერგიის ბოძები - ასეთია გასული ღამის სტიქიის შედეგები საქართველოს რეგიონებში. ძლიერმა წვიმამ დასავლეთ საქართველოში გუშინ სტიქია გამოიწვია.

ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი კორპუსების სახურავები დააზიანა ქობულეთში. აღმაშენებლის ქუჩაზე კი ხეები მოგლიჯა. ხეების წაქცევის გამო ავტოსატრანსპორტო მიმოსვლა დროებით შეფერხდა. სოფელ ჯიხანჯურში ქარმა საცხოვრებელს სახურავი გადახადა, რომლის დროსაც ოჯახის უფროსი დაშავდა. დაშავებული ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობს.

ჩაქვში გუშინ საღამოს ძლიერმა წვიმამ და ქარმა სურმანიძეების სამსულიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლი დაანგრია. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევის დროს სახლში ოჯახის სამივე წევრი იმყოფებოდა, მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს. დაშავებულები ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ოჯახის სამივე წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

თერჯოლაში, ადიდებულმა მდინარე ჩხარამ დროებითი ავტომაგისტრალის მონაკვეთი წაიღო. "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტის ცნობით, მდინარის ადიდება ძლიერმა წვიმამ გამოიწვია. რამდენიმე ქუჩა და ოჯახი დაიტბორა სამტრედიაშიც. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ვალერი ფოცხვერიას განცხადებით, ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე სახლის პირველ სართულზე წყალი შევიდა. უხვი ნალექის გამო რამდენიმე ქუჩაც დაიტბორა.

ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზოტში ერთ მოსახლეს ქარმა სახლი დაუნგრია. ჩოხატაურში გუშინ ძლიერი წვიმა მოვიდა. დღეს დილით კი ძლიერი ქარი იყო რის გამოც მუნიციპალიტეტში რამდენიმე ადგილას მეწყერი ჩამოწვა, საავტომობილო და სოფლის გზები დაზიანდა, ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა.

ფოტოგალერეა: სტიქია საქართველოს რეგიონებში

უამინდობის შედეგად საქართველოს გზების ნაწილზე არსებული მდგომარეობის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა.

"დიდთოვლობის გამო, ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის კმ70–კმ188 (ხაიში–უშგული) მონაკვეთში აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, ნამქერები, შეზღუდული ხილვადობა) გამო, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94–კმ110 (ნარდევანი–როდიონოვკა (ფარავანი)) მონაკვეთში აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძარობა", - წერია განცხადებაში.

რაც შეეხება მომავალი დღეების ამინდის პროგნოზს, გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსის, სვეტლანა ნიორაძის განცხადებით, 15 ნოემბრამდე საქართველოში არამდგრადი, წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.

სვეტლანა ნიორაძე:

"დღეს აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისშიც, პერიოდულად იქროლებს ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარე წამში 28 მეტრს მიაღწევს. განსაკუთრებით, თბილისის გარეუბნებსა და მდინარე მტკვრის ხეობაში. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისით საშუალოდ 8-13 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღისით 9-14 გრადუსი იქნება. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში კი თოვლი შენარჩუნდება. გუშინ თოვდა მესტიაში, ბახმაროსა და გუდაურში. მაღალმთაში ღამით მოსალოდნელია ყინვებიც. ხვალ საქართველოს უმეტეს რაიონებში გამოიდარებს, თუმცა 14 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში ამინდი გაუარესდება. 15 ნოემბერს კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე გამოიდარებს".

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით