აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის 3 წლის ანგარიში - კვირის პალიტრა

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის 3 წლის ანგარიში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის ტურიზმი კვლავაც პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება.

ამას ადასტურებს 2012 წლიდან დღემდე ტურიზმის დეპარტამენტის ბიუჯეტის 60%-მდე ზრდაც. გაზრდილია სამიზნე ტურისტული ბაზრების რაოდენობა - 2015 წელს 10 სამიზნე ქვეყანა იყო შერჩეული რეგიონის ტურისტული პოტენციალის რეკლამირებისათვის. 2016 წლის ბიუჯეტის მიხედვით, რეგიონის მარკეტინგული კამპანიის დაფინანსება 1 მლნ ლარით გაიზრდება.

რეგიონში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში შემუშავებულია „2015-2018 წლების ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის განვითარების სტრატეგიული გეგმა“, რომლის მიხედვით დაიგეგმა მიმდინარე და მომავალი წელი.

ბოლო წლებში განსაკუთრებით გააქტიურდა მარკეტინგული ღონისძიებები მეზობელ ქვეყნებსა თუ სხვა სამიზნე ტურისტულ ბაზრებზე. ტურიზმის დეპარტამენტი აჭარის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას ყოველწლიურად 25-მდე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენასა და ღონისძიებაზე ახდენს. დეპარტამენტის ორგანიზებით სამი წლის მანძილზე 81 მედია და ინფო ტური ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც 786 ტურიზმის დარგის სპეციალისტი გაეცნო რეგიონის ტურისტულ პოტენციალს. შედეგები შთამბეჭდავია - მხოლოდ მიმდინარე წელს გამოქვეყნდა 100-ზე მეტი სარეკლამო-საინფორმაციო სახის სტატია, სიუჟეტი თუ ბლოგ-პოსტი.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ტურიზმის სტიმულირება ავიაფრენების მიმართულებითაც აქტიურად გრძელდება. გაზრდილია ჩარტერული ფრენების რაოდენობა: მოხდა პოლონური და ებრაული ტურკომპანიების მოზიდვა, რომლებმაც ბოლო სამ წელში 30%-მდე გაზარდეს მგზავრთა რაოდენობა.

ტურიზმის დეპარტამენტი მუდმივად ზრუნავს აჭარის რეგიონის შესახებ ტურისტებისათვის საჭირო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ტურისტული პროდუქტების მრავალფეროვნების გაზრდაზე. 2015 წელს რეგიონის მასშტაბით სეზონზე 8 ტურისტული საინფორმაციო ცენტრი და ცხელი ხაზი მოქმედებდა, მათ შორის 24 საათიანი მომსახურებითაც.

2013 წელს შეიქმნა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ახალი ოფიციალური ვებ-გვერდი - www.goBatumi.com ქართულ, რუსულ და ინგლისური ენებზე, რომელიც ტურისტისთვის სასარგებლო მრავალმხრივ ინფორმაციას შეიცავს და თავსებადია ახალ, მობილურ მოწყობილობებთან. ბოლო წლებში გააქტიურდა ასევე სამიზნე ქვეყნებში რეგიონის ონლაინ რეკლამირება სოციალური მედია ინსტრუმენტებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, შედეგად, დეპარტამენტის ფეისბუქ გვერდს 410 0000 ყოველთვიური წვდომა აქვს სოციალურ მედიაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2013-2015 წლებში დეპარტამენტმა მოახდინა 15 ახალი ტურისტული მარშრუტის შედგენა და მარკირება. პროექტი გულისხმობს ნიშნულების განთავსებას ყველა მარშრუტზე და აჭარის ერთიან ეკოტურისტული ელექტრონული და საბეჭდი რუქების დამზადება/ბეჭდვასა და გავრცელებას.

სოფლად ტურიზმის განვითარების ფარგლებში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი გავწევრიანდა სოფლად ტურიზმის ევროპულ ფედერაციაში „Eurogites“, რომლის საშუალებითაც აჭარის ტურისტული მეურნეობები მოხვდება სოფლად ტურიზმის საერთაშორისო საინფორმაციო ბაზაში. მსგავს ორგანიზაციაში გაერთიანება ხელს შეუწყობს ევროპული გამოცდილების გაზიარებას და ევროპის მასშტაბით აჭარის რეგიონის სოფლად ტურიზმის ცნობადობის გაზრდას.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ყოველწლიურად ახორციელებს უფასო გადამზადების კურსებს, რომლებშიც უცხოელი ექსპერტებიც არიან ჩართულები. სერვისის გაუმჯობესების მიზნით რეგიონის კერძო ტურისტულ ობიექტებში 3 წლის მანძილზე გადამზადდა სხვადასხვა მიმართულებით 750 კადრი.

აჭარაში სახელმწიფოს მხრიდან ტურიზმის სტირმულირებისათვის განხორციელებული ღონისძიებების კვალდაკვალ ზრდის დადებითი ტენდენციაა ტურიზმის კერძო სექტორშიც, რაც ახალი კვებისა და განთავსების ობიექტების ზრდით გამოიხატება. თუკი 2012 წელს რეგიონის მასშტაბით 10 367 რეგისტრირებული განთავსების ადგილი იყო, 2015 წლის მონაცემებით უკვე 14 828 ადგილი აღირიცხება, რაც 43%-იან ზრდას მიუთითებს.

ყოველწლიურად იზრდება რეგიონში საერთაშორისო ტურისტთა რიცხვიც, თუმცა არსებული მეთოდოლოგიით ზრდა საშუალოდ 10%-მდე აღწევდა. სტატისტიკის უფრო სრულყოფილი სურათის მისაღებად, ტურიზმის დეპარტამენტმა დაიწყო ზრუნვა სტატისტიკური კვლევების ახალი მეთოდოლოგიის შემუშავებაზე. ახალი მეთოდოლოგია დღეს უკვე მზად არის. იგი მოიცავს რეგისტრირებულ (სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში) და არარეგისტრირებულ (კერძო განთავსების ობიექტებში) სექტორში სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და შემდგომ ანალიზს. ასევე, ტურისტული ბაზრის კვლევას, რომელიც შიდა სამომხმარებლო ბაზრის კვლევასა და უცხოელ ვიზიტორთა კვლევებს გულისხმობს.

მიმდინარე წლის შემოდგომაზე, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ა.ა.ი.პ. „ბათუმის ტურისტული სააგენტოში“ ჩატარდა სრული რეორგანიზაცია. დღეს იგი „ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოდ“ ჩამოყალიბდა და მთლიანად ორიენტირებულია რეგიონის სოფლად ტურიზმის პოტენციალის ათვისებაზე.