აჭარაში 18 ობიექტს ხარისხის ნიშანი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ გადაეცა - კვირის პალიტრა

აჭარაში 18 ობიექტს ხარისხის ნიშანი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ გადაეცა

აჭარის რეგიონში 18 ობიექტს ხარისხის ნიშანი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ გადაეცა. როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან გვაცნობეს, დეპარტამენტმა ხარისხის ნიშანი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ 18 განთავსებისა და კვების ობიექტს გადასცა. ხარისხის ნიშანი სტუმრებისთვის აღნიშნულ ობიექტებში უსაფრთხოების, ჰიგიენისა და მომსახურების სტანდარტების გარანტიას გულისხმობს. ობიექტების წარმომადგენლებს ხარისხის ნიშანი „რეკომენდებულია“ ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა დღეს გადასცა.

”რეკომედებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ არის ინოვაციური პროექტი, რომელიც დეპარტამენტმა 2016 წელს დაიწყო. პროექტში ჩართვა არის ნებაყოფლობითი და ხარისხის ნიშნის მიღების 30 მსურველიდან პირველ ეტაპზე 18-მა რესტორანმა და სასტუმრომ დააკმაყოფილა კრიტერიუმები, რომელიც მსოფლიოში აღიარებულ HotRec, Hot Star union 21 პრინციპს ემყარება.

“მონიტორინგის პირველ და მეორე ეტაპზე ცალკეულ ობიექტებში შემოწმებისას გამოვლინდა ისეთი სახის პრობლემები, როგორებიცაა ობიექტებში უსაფრთხოების მანიშნებლების, ცეცხლმაქრების, საევაკუაციო გეგმების, სამედიცინო ყუთების არ არსებობა და სხვა ტექნიკური სტანდარტები. ობიექტებმა, რომლებმაც გამოასწორეს აღნიშნული ხარვეზები შეძლეს კრიტერიუმების დაკმაყოფილება და შესაბამისად, ხარისხის ნიშნის მიღება. პროექტში ჩართულ ობიექტებში, ასევე შემოწმდა სანიტარული და სურსათუვნებლობის სტანდარტები სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლების მიერ. მონიტორინგის პარალელურად სერვისის ხარისხი ტურისტულ ობიექტებში „იდუმალმა სტუმარმა“ დაადგინა. ობიექტებმა, რომლებმაც ყველა სამსახურისგან დადებითი დასკვნები მიიღეს დღეს ჩვენგან ხარისხის ნიშანი მიიღეს,“- განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა.

პროექტის წარმატებული ობიექტები აღმასრულებელმა საბჭომ გამოავლინა, რომელიც ტურიზმის რეგიონალური საბჭოსა და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებისგან არის დაკომპლექტებული. ინფორმაცია რეკომენდებული ობიექტების შესახებ დეპარტამენტის ვებ-გვერდზე Recommend.ge განთავსდება, რომელიც დაეხმარება ვიზიტორებს თავად შეარჩიონ სასურველი ხარისხის ტურისტული მომსახურება და ობიექტი.

როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, პროექტი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ გრძელდება და მასში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მსურველებმა საიტზე recommend.ge ონლაინ რეჟიმში შეავსონ განაცხადების ფორმა ან უკვე შევსებული აპლიკაციები მოიტანონ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.

R