ჯონ ბასის წერილი ამერიკის ახალ ელჩს - კვირის პალიტრა

ჯონ ბასის წერილი ამერიკის ახალ ელჩს

მოგესალმებით, ბატონო რიჩარდ!

წერილს ერთი ქართული აფორიზმით დავიწყებ: "ჭირსა შიგან გამაგრება ისრე უნდა, ვით ქვითკირსა!" ალბათ, გაგიკვირდებათ, ეს აფორიზმი რა შუაშიაო, მაგრამ მუშაობას რომ დაიწყებთ, მიხვდებით.

სანამ სათქმელს გეტყოდეთ, მინდა რამდენიმე სიტყვით ჩემი ამბავი მოგითხროთ: რამდენიმე წლის წინ პრეზიდენტმა ბუშმა ამაყად განაცხადა, საქართველო დემოკრატიის შუქურააო, ჰოდა, როგორც კი შემომთავაზეს ამ ქვეყანაში ელჩობა, მაშინვე დავთანხმდი. ოდესღაც ცხონებული ბაბუაჩემი მეუბნებოდა, არასოდეს დაუჯერო რესპუბლიკელებსო, მართალი ყოფილა. ახლა, ამ წერილს რომ გწერთ, საქართველოში დიდი ამბები ხდება, - პრემიერ-მინისტრი საინვესტიციო ფონდის დირექტორად გადაიყვანეს, შინაგან საქმეთა მინისტრი - პრემიერ-მინისტრად, თავდაცვის მინისტრი კი შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნეს, განათლების მინისტრი - თავდაცვის მინისტრად... ვერაფერი გაიგეთ, ხომ? ერთი ქართული ფილმის არ იყოს, "უკუღმაა ეს, ასინეთა, უკუღმა, მარა სულერთია". თუმცა, სანამ ეს წერილი თქვენამდე მოვა, შეიძლება კიდევ მოხდეს გადაადგილებები...

მართლა უცნაური ქვეყანაა, ახლახან დასაქმების სამინისტრო შექმნეს, ესეც ვერ გაიგეთ, ხომ? წარმოიდგინეთ, ჩვენთან რომ საიტია, jobs.com, ის რომ სამინისტროდ გადააკეთო, დაახლოებით ის ფუნქცია ექნება. 20 წელია, დიპლომატი ვარ, ჩემო რიჩარდ, და აქ რომ აღშფოთებები გამოვთქვი, მთელი ჩემი საქმიანობის მანძილზე (უამრავ ქვეყანაში ვარ ნამყოფი) არ გამომითქვამს. ყველაზე მეტად კი ერთმა ფაქტმა აღმაშფოთა.

ამას წინათ მთავრობის ქმედებაზე ჩვეულებრივ 101-ე აღშფოთება გამოვთქვი და ხელისუფლების მხარდამჭერმა იცით, რა მიწოდა? აბა, თუ გამოიცნობთ? გგონია, არადიპლომატიურად მოლაპარაკე? - არა. საშინაო საქმეებში უხეშად ჩამრევი? - არა! გაგიკვირდებათ და, რუსეთის აგენტი!

ყოველივე აქედან გამომდინარე, მინდა რამდენიმე რჩევა მოგცეთ:

1.აუცილებლად ისწავლეთ ქართული ენა, მხოლოდ იმიტომ, რომ აქაურ ჟურნალისტებს ქართულად ელაპარაკოთ, თორემ თქვენს ნათქვამს ისე თარგმნის "რუსთავი 2", "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორი გეგონებათ თავი. მე არ ვისწავლე და ჩემი კომენტარი პრეზიდენტის სიტყვებს ემთხვეოდა, ამიტომაც ჩემს ინტერვიუებს ქვევით ტიტრებს ვაყოლებდი. რა მექნა, აბა, ხომ გაგიგონიათ, "გაჭირვება მანახე და გაქცევას განახებო".

2. ხელისუფლება მთლიანად ჩვენი მხარდამჭერია, მაგრამ კაკო ბობოხიძეს ერიდეთ მაინც.

3. ყაზახეთში ელჩი რომ იყავით, იქ თუ სადმე ვინმე რუსს შეხვდით და ამის ვიდეომასალა არსებობს, სასწრაფოდ გაანადგურეთ, თორემ ისე მიდის აქ საქმე, შეიძლება დაგიჭირონ.

4. აქ არის ერთი კაცი, სახელად მიშა თავხელიძე, მას დაუმეგობრდით, საჭირო კაცია. ერთხელ ერთ ქართველ ლამაზმანს ქათინაური ვუთხარი, ეს ჩემმა ცოლმა გაიგო და გაბრაზდა. ძალიან დავიბენი, ამ დროს მიშველა თავხელიძემ, ისე მაგრად "გააპრავა" ჩემი ქმედება, სახლში რომ მივედი, ცოლმა ბოდიში მომიხადა.

5. ხელისუფლების წარმომადგენლებს რომ შეხვდებით, არ მოუწოდოთ დემოკრატიული ნაბიჯებისკენ, თორემ, მარტო რომ დარჩებიან, დაგცინებენ.

6. აქ სანამ იტყვით რაიმეზე, არაკონსტიტუციურიაო, ათი წუთით ადრე წაიკითხეთ ამათი კონსტიტუცია, იქნებ შეცვალეს და უკვე კონსტიტუციურია.

7. მე ვიცი თქვენი გატაცების შესახებ, მთელ მსოფლიოში უცნაურ კანონებს რომ ეძებთ და აგროვებთ, აქ რომ ჩამოხვალთ, სასწრაფოდ იპოვეთ პალიკო კუბლაშვილი, იმან იცის, თუ იცის.

8. ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ, - მე მალე დამაწინაურებენ. დიდ საქმეს ვუკეთებ ობამას. ხომ იცით, ტრამპი რომაა, მილიარდერი, სულ რომ გვაკრიტიკებს და ვერაფერს ვუშვრებით, აქაური ხელისუფლებისგან იმდენი რამ ვისწავლე, ეს გამოცდილება რომ გამოვიყენო, ტრამპი მალე ამერიკის მოქალაქეობას დაკარგავს. თქვენც გირჩევთ, თუ დაწინაურება გინდათ, ამ მიმართულებით დააგროვეთ გამოცდილება.

9. აქაური დეპუტატია ერთი, შოთა მალაშხია, ხშირად შეგხვდებათ და როცა გკითხავთ, რუსეთი ხომ დაიშლებაო, კი-თქო, უთხარით, ცოდვაა ბიჭი, კარგი გული აქვს.

10. გართობა თუ მოგინდათ, ნუ წახვალთ კინოსა და თეატრში, კაბინეტში, დიდი მაგიდის მეორე უჯრაში დისკი დევს, ლეიბორისტული პარტიის ბრიფინგები და მანიფესტაციებია ჩაწერილი, უყურეთ, მაგრად გაერთობით.

პ.ს. აბა, კარგად, რიჩარდ, გაითვალისწინეთ ჩემი რჩევები, თუ გინდათ, ჩემსავით არ დაგემართოთ. ახლა ამერიკაში რომ ჩავალ, ჯონ ტეფტს უნდა დავურეკო, რომ იმ ფსიქოლოგს დამაკავშიროს, მას რომ უმკურნალა.