ვალუტის კურსი
31/07/2010
USD
1
USD
1.8391
EUR
1
EUR
2.3897
RUB
100
RUB
6.0924
04-01-2010
მე, პრეზიდენტი, ახალი წელი და ცოლი
მე, პრეზიდენტი, ახალი წელი და ცოლი პენსიონერი კაცი გახლავართ, ძირითად დროს ტელევიზორის ყურებაში ვატარებ, მხოლოდ "რუსთავი 2"-ს ვუყურებ, შესაბამისად, ბედნიერ საქართველოში ვცხოვრობ, არასდროს პრეზიდენტის გამოსვლა არ გამომიტოვებია, თანაც მე და ქვეყნის მესაჭე საიდუმლო, უხილავი ძაფებით ვართ ერთმანეთთან შეკრული, ამიტომ მეც ზუსტად იმ დროს ჩამომიგორდება ცრემლი თვალიდან, როცა მას.
31 დეკემბერს, დილით ახალი წლისთვის ვემზადებოდი და თან პრეზიდენტის მორიგ გამოსვლას ვუყურებდი, ის-ის იყო, მეც და პრეზიდენტსაც ცრემლი უნდა ჩამოგვგორებოდა ღაწვებზე, რომ კარზე კაკუნი გაისმა, გაბრაზებული წავედი  გასაღებად და ხელში პოლიტიკურ ნიადაგზე გაყრილი ჩემი ცოლი შემრჩა. სიმართლე გითხრათ, შევცბი, მაგრამ იხტიბარი არ გავიტეხე და უკმეხად ვკითხე:

- დაბრუნდით ხომ, ქალბატონო?
- კი, დავბრუნდი, - მიპასუხა, -  მაგრამ ერთი პირობით, თუ პრეზიდენტი რასაც ამბობს, ყველაფერი სიმართლე გამოდგა, შენც ყველაფერს დაგიჯერებ, თუ არადა, მე რასაც გეტყვი, ის უნდა გააკეთო.
ადვილი პირობა იყო და დავთანხმდი. ცოლმა ირონიულად გაიცინა, მერე ხელი მომკიდა და მითხრა:
- ესე იგი, პრეზიდენტი ამბობს, რომ წამლები გაიაფდა. აბა, წავიდეთ აფთიაქში და ვნახოთ, შენი კუჭის წამლები როგორაა გაიაფებული, მერე ბაზარშიც გავიაროთ და საახალწლოდ სურსათ-სანოვაგე ვიყიდოთ.
- გავიაროთ! -ა გდებულად ვუთხარი და წავყევი.
აფთიაქში ფარმაცევტმა ჯერ ჯანმრთელობა გვისურვა, შემდეგ რა გტკივათო, გვკითხა და ინტერესით მოგვაჩერდა.
- ქალბატონო, კუჭის წამლები გაიაფდა? - მედიდურად შეეკითხა ჩემი ცოლი.
- კუჭის არა, - დაირცხვინა აფთიაქარმა.
- გულის, ნაღვლის ბუშტის, თორმეტგოჯასი?
- არც ესენი, -სახე აგვარიდა თეთრხალათიანმა.
პესიმისტურმა პასუხებმა მიმახვედრა, რომ მდგომარეობა ცოლის სასარგებლოდ იცვლებოდა და გადამწყვეტი კითხვა დავუსვი აფთიაქარს:
- არაფერი გაიაფებულა?
- კი, როგორ არა, ბდადგდალკჯჰინი გაიაფდა.
მომეშვა, ცოლს აუსტერლიცზე გამარჯვებული ნაპოლეონივით გადავხედე, მივხვდი,  იდეოლოგიურად განადგურებული იყო.
- რისი წამალია ეგ? - ამოილუღლუღა ჩემმა ცოლმა.
- ამ დაავადების მხოლოდ ერთი შემთხვევაა დადასტურებული, 1887 წელს ამაზონის ჯუნგლებში, თუთიყუშს აღმოაჩნდა! - განმარტა აფთიაქარმა.
ჩვენ ჩემი კუჭის წამლები ვიყიდეთ და აფთიაქი დავტოვეთ, მე კი მთელი გზა ვუმტკიცებდი ჩემს ცოლს, რომ დღევანდელი გლობალიზაციის პირობებში თუთიყუში და ადამიანი ერთი ცნებაა, და თუთიყუშებზე ზრუნვა არანაკლებ ადამიანური ვალია, ვიდრე ადამიანებზე.
- კარგი, - მოტყდა ბოლოს ცოლი, - ხომ იძახი, პენსია მოგვიმატესო, ახლა შევიდეთ ბაზარში და ვნახოთ, ფასები როგორაა გაზრდილი.
პირველი გამარჯვებით ისე ვიყავი გათამამებული, წარბშეუხრელად გავყევი. პირველივე დახლთან გავჩერდით და ცოლმაც პირველივე შეკითხვა დასვა, რომელიც მრავალ ქვეშეკითხვას შეიცავდა.
- რა ღირს ხორცი, ყველი, შაქარი, კარაქი?..
- 12 ლარი, 7 ლარი, 2 ლარი, 6 ლარი... - მოსწრებულად გვიპასუხა დახლიდარმა.
აქ ცოლმა დამამცირებელი მზერით გადმომხედა, მაგრამ მე, ჩვენი ბინის ამხანაგობის თავმჯდომარე და ნაცმოძრაობის წევრი, არ დავბნეულვარ და დახლიდარს ვკითხე:
- ეს ყველაფერი საახალწლოდ გვინდა, თითო-თითო კილო აგვიწონე და პარკში ჩაგვიწყვე.
დახლიდარი ჩემი ბრძანებისამებრ მოიქცა. ფული გავუწოდე და ვკითხე:
- პარკი რა ღირს, ბატონო?
- არაფერი, პარკი უფასოა! - მიამიტურად მიპასუხა გამყიდველმა.

ცოლს გადავხედე, ჩვენი პრეზიდენტის დატუქსული მინისტრივით იდგა და ხმას არ იღებდა. სიხარულით შეპყრობილმა პარკი ცოლს მივაწოდე, მე კი წინ უდარდელი სახით გავუძეხი. მალე სახლშიც მივედით, ცოლი საახალწლო სამზადისს შეუდგა, მე სავარძელში ნებიერად წამოვწექი და დროდადრო მეუღლეს ბრძანებებს ვაძლევდი, თორმეტს არაფერი აკლდა, რომ ზარის ხმა გაისმა. კარი გავაღე და ჩემი შვილი დავინახე მეუღლითა და 3 შვილით, ძალიან გამიხარდა.

- ახალი წელი უნდა მოგვილოცოთ ხომ, შვილო? - ვკითხე და შვილიშვილები გულში ჩავიკარი.
- ხო, მამა, - დაბნეულად მიპასუხა, - მაგრამ სამსახურიდანაც გამომაგდეს და ქირის ფულს ვეღარ ვიხდი, ცოტა ხანს შენთან უნდა ვიყოთ.
- მოდი, შვილო, მოდი, - გავამხნევე მე, წინადადება დამთავრებული არ მქონდა, რომ ზარის ხმა ისევ გაისმა, ახლა ქალიშვილი და სიძე აზუტულიყვნენ კართან იმავე პრობლემით. გაბრაზებულმა ცოლს გადავხედე, რომელიც ოდნავ გაამაყებულიყო, შევატყვე, საპასუხო დარტყმისთვის ემზადებოდა, მაგრამ ამ დროს ტელევიზორში პრეზიდენტმა საახალწლო მილოცვა დაიწყო და ისეთი ბედნიერი ცხოვრება დაგვისახა, რომ ჩემმა ცოლმა აწ უკვე სამუდამოდ ჩაიგდო ენა.

ახლა შამპანურს ვსვამთ მთელი ოჯახი. ქვეყნის, ახალი წლის და ჩვენი პრეზიდენტის სადღეგრძელოს ვამბობთ, ცოლსაც სამუდამოდ მოვტეხე რქები, თუმცა უნდა გამოგიტყდეთ, სადღაც გულში მაინც ვფიქრობ, ხვალ რა ვჭამო? წამალი როგორ ვიყიდო? უმუშევარი შვილები და პატარა შვილიშვილები როგორ ვარჩინო? მე ხომ მთელი პენსია დღეს დავხარჯე...

tsiuri
15 თებერვალი 2010 22:20
რა ეშველება ამდენ უმუშევარს და მშობლებთან იძულებით დაბრუნებულ ოჯახებს
სხვა სტატიები
KvirisPalitra.Ge - ხედავ, არსენ! იმ შენს იყალთოს აკადემიაში რომ ჩამოგეყვანა უცხოეთიდან პედაგოგები, ჩვენს შთამომავლობას აღარ დასჭირდებოდა ჩამოყვანა.
KvirisPalitra.Ge არ მეგონა, ჩემი ხასიათი ქვეყანას თუ გამოადგებოდა. რა ხასიათი მაქვს? განსაკუთრებული არაფერი, უბრალოდ, ლანძღვა-გინებას ისე მშვიდად ვხვდები, როგორც საქართველოს ნაკრების კარი - გოლებს. ჰოდა, ეტყობა, ეს ჩემი სიმშვიდე ვიღაცას დასჭირდა და ერთ მშვენიერ დღეს "ზემოთ" დამიბარეს და მაცნობეს, რომ ხვალიდან ერთ-ერთ სამინისტროში ვიწყებდი მუშაობას.
KvirisPalitra.Ge ეს ამბავი მაშინ მოხდა, როცა საქართველოში ბევრი ებრაელი ცხოვრობდა. მოგეხსენებათ, მათთან ურთიერთობა სასიამოვნო იყო. ჩვენს რაიონში ცხოვრობდა კოლორიტი
KvirisPalitra.Ge 80-იანი წლების ბოლოა. ეროვნული მოძრაობა დუღს და გადმოდუღს. საბურთალოს ქუჩაზე, ოთარ ჩართოლანის ერთოთახიან ბინაში ტელევიზორს დაძაბულები და თან სიამაყის გრძნობით ალესილები ვუყურებთ მე, ჩემი ძმა  კახა და მასპინძელი.
KvirisPalitra.Ge ამ ბოლო დროს, ზაფხულის სიცხის მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში უცხოელ სტუმართა ნაკადი არ წყდება. ჯერ იყო და, იმხელა ამერიკის სახელმწიფო მდივანი გვეწვია, მერე იყო და, იმხელა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამობრძანდა, იყო ლუქსემბურგის დელეგაციაც,
მოგეხსენებათ, ადამიანის ფანტაზია ულევია. მეც ჩემი მოკრძალებული ფანტაზიით გამოვირჩევი, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ამაში ჩვენი პოლიტიკოსები მეხმარებიან. "კვირის პალიტრაში" ხშირად ვკითხულობ ანალოგიურ "ფანტაზიებს" და ამიტომაც გამიჩნდა სურვილი, თქვენთვის მომეწერა.
KvirisPalitra.Ge იდგა ქორონიკონს აქეთ 2010 წელი, როცა სრულიად გაურკვეველი მიზეზით შარდის ბუშტმა შემომიტია. ასევე სრულიად შემთხვევით, შემოტევის დროს კომპიუტერთან ვიჯექი. უეცრად ჩემი ყურადღება დესკტოპზე შემოვარდნილმა პატარა ბანერმა მიიპყრო: "განკურნება სახლიდან გაუსვლელად" - ეწერა.
KvirisPalitra.Ge სვანებზე უამრავი ანეკდოტი გამიგია, მაგრამ მეგონა, მათ უმრავლესობას ხალხი იგონებდა. ეს ადრე, ახლა კი, როცა ეს შემთხვევა მოხდა, სხვაგვარად ვფიქრობ.
KvirisPalitra.Ge ჯიბო პაპა კახეთის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდა. 80 წელს მიღწეული მოხუცი უეცრად გარდაიცვალა. მივედით მეზობლები და წესისამებრ "ზალაში" გადავასვენეთ.
KvirisPalitra.Ge გაგანია სიცხეა თბილისში, გაგანია ფეხბურთია მსოფლიოში, გაგანია კრიზისშია ოპოზიცია, გაგანია სიხარული აქვთ "ნაციონალებს" და ამ გაგანია პერიოდში, გაგანია მშენებლის მეუღლეს, ყოფილ პოლიტიკოსსა და ამჟამად მთლიანად ბიზნესით დაკავებულ ბატონ ვახტანგ რჩეულიშვილს ვესტუმრეთ.