,,ჩავარდნილი" ნოქარი - კვირის პალიტრა

,,ჩავარდნილი" ნოქარი

ეს ამბავი კომუნისტების დროს მოხდა. გივი ბ-ძე მაღაზიაში გამყიდველად მუშაობდა. მოგეხსენებათ, მაშინ გამყიდველობა პრესტიჟულ საქმიანობად ითვლებოდა - ცოტა მარიფათი თუ გქონდა, ბლომად ფულს იშოვიდი. გივის ეს ,,ნიჭი" არ აკლდა და კარგადაც ცხოვრობდა. ფულის შოვნის ძირითადი წყარო წონაში მოტყუება იყო.

ერთხელ გივის ხორცის მაღაზიაში ხანში შესული ქალი შევიდა. საღამო იყო და მაღაზია თითქმის ცარიელი დახვდა. ქალმა - ქათამი მინდაო. გააღო გივიმ მაცივარი და ერთადერთი ქათამი გამოიღო. სასწორზე დადო თუ არა, ქალი შეიშმუშნა, პატარაა, უფრო დიდი მინდაო. გივიმ ეს ქათამი მაცივარში შედო, უკანვე გამოიღო, სასწორზე დადო, თან თითიც დაამატა, წონა მეტი რომ გამოსულიყო და სწორედ აქ მოხდა გაუთვალისწინებელი რამ: ქალმა - კარგია, კარგი წონაა, მომწონსო, თქვა და დაამატა, იმ მეორესაც ავიღებო. რა უნდა ექნა გივის, მხოლოდ ის მოიფიქრა, რომ გადაუჩურჩულა, კარგი ქალი ჩანხართ და ვერ მოგატყუებთ, ძველია ეს ქათმებიო.

გ. მელაშვილი. თბილისი.