არმიას სამი ათასამდე მოსამსახურე დატოვებს, ძირითადად - სამოქალაქოები - კვირის პალიტრა

არმიას სამი ათასამდე მოსამსახურე დატოვებს, ძირითადად - სამოქალაქოები

თავდაცვის სამინისტრომ უკვე დაიწყო ერთჯერადი ფულადი კომპენსაციების გაცემა იმ უფროსი ოფიცრებისთვის, რომლებიც თავიანთი ნებით ტოვებენ თანამდებობებსა და არმიას, რითაც ახალგაზრდა ოფიცრებს წინსვლის საშუალებას აძლევენ

ორასამდე პოლკოვნიკმა, ვიცე-პოლკოვნიკმა თუ მაიორმა თადარიგში საკუთარი ნებით გასვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც თავდაცვის სამინისტრომ მათ სოლიდური ერთჯერადი ფულადი კომპენსაცია შესთავაზა. თითოეულ პოლკოვნიკს უკვე გადაურიცხეს 28 840 ლარი, ვიცე-პოლკოვნიკს - 23 720 ლარი, ხოლო მაიორს - 18 500 ლარი, რაც სახელმწიფოს ღირსეულ ნაბიჯად შეიძლება შეფასდეს. ახალი 2017 წელი რთულ ეკონომიკურ მდგომარეობას გვიქადის. გამონაკლისი არც შეიარაღებული ძალები იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ახალი სამხედრო ბიუჯეტი 748 მლნ ლარამდე იზრდება.

ფინანსური პრობლემების (რომლებიც ქართული არმიის გაძლიერებას აფერხებს) ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ სამხედრო ბიუჯეტის 67% პირადი შემადგენლობის ხელფასებსა და სოციალური პირობების გაუმჯობესებას ხმარდება. ეს ძალიან დიდი მაჩვენებელია. თუკი არმია გადაიარაღებასა და საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერებაზე ფიქრობს, ამ მიზნით სამხედრო ბიუჯეტის მხოლოდ 50-55% უნდა იხარჯებოდეს.

ოპტიმიზაცია, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურებში თანამშრომლების შემცირებასაც ითვალისწინებს, თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებსაც შეეხო.

თავდაცვის სამინისტროდან და შეიარაღებული ძალებიდან, სავარაუდოდ, დაითხოვენ 2,8-3 ათას კაცს, თუმცა სამხედრო მხოლოდ 200-მდე თუ იქნება, დანარჩენი სამოქალაქო მოსამსახურეები არიან. სამხედროების შემცირებას ისიც განაპირობებს, რომ 1-ლი და მე-5 ქვეითი ბრიგადები გაერთიანდება.

დღეს, როდესაც ქვეყანაში ასეთი რთული ეკონომიკური ვითარებაა, სამსახურის დაკარგვა ოჯახურ ტრაგედიად იქცევა, თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ბოლო წლებში შეიარაღებულ ძალებში იმატა ისეთმა კადრებმა, რომელთა არყოფნა არმიის ბრძოლისუნარიანობაზე გავლენას ვერ მოახდენს.

საკადრო ოპტიმიზაციის ერთ-ერთი მიზანი ისიც არის, რომ ახალგაზრდა ოფიცრებს წინსვლისთვის გზა გაეხსნათ. ამისთვის უფროსმა ოფიცრებმა, ვინც 20 წელზე მეტია, მსახურობს, მაგრამ ზღვრული ასაკი არ დასდგომიათ (პოლკოვნიკისთვის ზღვრული ასაკი 55 წელია, ვიცე-პოლკოვნიკისთვის - 50 წელი, მაიორისთვის - 45 წელი), მათ თანამდებობა უნდა დაუთმონ და თადარიგში გავიდნენ.

ოფიცრები, ვისაც ზღვრული ასაკი 2017 წელს უსრულდებათ, კომპენსაციას ვერ მიიღებენ. მათ საშუალება მიეცემათ, ზღვრულ ასაკამდე იმსახურონ. რაც შეეხება შემცირებულ სამოქალაქო მოსამსახურეებს, მათთვის ერთჯერადი კომპენსაციის გაცემა გათვალისწინებული არ არის.

თავდაცვის სამინისტროსა და გენშტაბის ხელმძღვანელობის ეს შეთავაზება საინტერესოა (რაზეც მეტყველებს იმ ოფიცერთა გაზრდილი სია, რომლებიც თანახმა არიან, ერთჯერადი კომპენსაციის მიღების შემდეგ არმია დატოვონ), თუმცა, უმთავრესია, არმიის ოპტიმიზაციის პროგრამა ობიექტურად განხორციელდეს და ბევრი არ იყოს განაწყენებული ადამიანი, რადგან ბოლოს და ბოლოს, ყველა საქართველოს მოქალაქეა.

P.S. თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ახალი წლის წინ გამართულ შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რეორგანიზაციის შედეგად, შეიარაღებულ ძალებში კადრების განკარგულებაში გადავიდა 76 ოფიცერი და 88 კაპრალ-სერჟანტი. მისივე ინფორმაციით, 209 ოფიცერმა შეიარაღებული ძალები პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა, ხოლო მათთვის გასაცემი კომპენსაციის თანხამ 5 197 500 ლარი შეადგინა. კომპენსაციების განაკვეთი განისაზღვრა წოდებების მიხედვით. კერძოდ, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი მიიღებს 10 000-ლარიან კომპენსაციას, კაპიტანი - 14 000 ლარს, მაიორი - 18 000 ლარს, ვიცე-პოლკოვნიკი - 23 000 ლარს, პოლკოვნიკი - 29 000 ლარს. თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, შეიარაღებულ ძალებში 4 870 სამოქალაქო პირი იყო და ოპტიმიზაცია, ძირითადად, სწორედ მათ ეხება. მათგან ე. წ. ვარსკვლავიან შტატზე იმყოფებოდა 3 181 პირი, შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობა კი შეადგენდა 1 689-ს. ამ დროისთვის კადრების განკარგულებაში გადასულია 502 სამოქალაქო პირი.