NATO კარგავს თურქეთს და შავ ზღვასაც?! - კვირის პალიტრა

NATO კარგავს თურქეთს და შავ ზღვასაც?!

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყველაზე ძლიერი ევროპელი წევრი - თურქეთი NATO-ს ხელმძღვანელობას უპირისპირდება და რუსეთს უახლოვდება...

თურქეთი ინჯირლიყის სამხედრო-საჰაერო ბაზიდან ალიანსის იმ წევრი ქვეყნების საბრძოლო ავიაციის გაყვანას მოითხოვს, ვინც სირიელ ქურთებს ეხმარება

თურქეთში ბოლო დღეებში ერთმანეთის მიყოლებით განხორციელებული ტერორისტული აქტების ფონზე ოფიციალური ანკარის მაღალი თანამდებობის პირებმა კვლავ წამოსწიეს ინჯირლიყის სამხედრო-საჰაერო ბაზის პრობლემა.

კერძოდ, თურქეთის მთავრობის წევრებმა წამოჭრეს საკითხი ინჯირლიყიდან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი იმ ქვეყნების საავიაციო დანაყოფების დაუყოვნებლივ გაყვანის შესახებ, რომლებიც, ანკარის მტკიცებით, სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციების დაბომბვაზე მეტად სირიელი ქურთების გაძლიერებაზე ზრუნავენ.

თურქეთის ხელისუფლებისთვის ქურთების საკითხი "ისლამურ სახელმწიფოზე" მნიშვნელოვანია, რადგან თუკი სირიელი და ერაყელი ქურთები თავიანთ სახელმწიფოებს შექმნიან, 79-მილიონიან თურქეთში მცხოვრები დაახლოებით 18-20 მლნ ქურთიც მათ მიჰბაძავს, რაც თურქეთის სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას დაემუქრება.

ინჯირლიყის სამხედრო-საჰაერო ბაზა არაერთხელ გამხდარა პოლიტიკური პროცესების მთავარი არეალი. სულ ახლახან, 2016 წლის 15-16 ივლისს, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობისას, ამბოხებული თურქი სამხედროების ნაწილი ინჯირლიყის აეროდრომზე მსახურობდა. დაუდასტურებელი ინფორმაციის თანახმად, პენტაგონი იძულებული გახდა, ინჯირლიყში ათწლეულებით შენახული 50-მდე ტაქტიკური ბირთვული საავიაციო ბომბი სასწრაფოდ რუმინეთში გადაეტანა.

მოგვიანებით თურქეთის ოფიციალურმა პირებმა მასმედიაში შეგნებულად "გააჟონინეს" ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს ანკარა ინჯირლიყის აეროდრომზე არც რუსული ბომბდამშენების განთავსების წინააღმდეგი იქნებოდა.

ეჭვგარეშეა, რომ ინჯირლიყის აეროდრომის თემის ხშირი მუსირებით თურქეთის ხელისუფლება ცდილობს, თავის ალიანსელ პარტნიორებთან, უპირველესად კი, რა თქმა უნდა, აშშ-თან, პოლიტიკური დივიდენდები მოიპოვოს.

პენტაგონისთვის ინჯირლიყის აეროდრომს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ახლო აღმოსავლეთში თეთრი სახლის სამხედრო-პოლიტიკური გავლენის შესანარჩუნებლად, მით უმეტეს ახლა, როცა რუსეთმა მეზობელ სირიაში ჰმეიმის სამხედრო-საჰაერო და ტარტუსის სამხედრო-საზღვაო ბაზების გაძლიერება დაიწყო.

ანკარა, სავარაუდოდ, არც აპირებს, ამერიკელ სამხედროებს ინჯირლიყის აეროდრომი დაატოვებინოს, მაგრამ ასეთი შეფარული მუქარით ცდილობს, ამერიკელი პოლიტიკოსები უფრო დამყოლი გახადოს, უპირველესად - ქურთების საკითხში, რათა არც აშშ-მა და არც ალიანსის სხვა წევრებმა მხარი არ დაუჭირონ ქურთების სახელმწიფოს შექმნას.

შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ ალიანსის პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობების გაციების პარალელურად დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს თურქეთ-რუსეთის დაახლოების პროცესი, რაზეც მეტყველებს თუნდაც ბოლო ფაქტი - სირიის კონფლიქტის დასარეგულირებლად გასამართ მოლაპარაკებებზე რუსეთმა, ირანმა და თურქეთმა აშშ არც კი მიიწვიეს.

სირიის საკითხში მოსკოვისა და ანკარის შეთანხმება აშკარაა, თუმცა ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სხვა რამ გახლავთ - რუსეთ-თურქეთის დაახლოება თითქმის შანსს აღარ უტოვებს NATO-ს, გაძლიერდეს შავი ზღვის აკვატორიაში, რადგან აქ მთავარ როლს სწორედ რუსული და თურქული სამხედრო-საზღვაო ფლოტები თამაშობენ, ანუ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ევროპაში ყველაზე მრავალრიცხოვანი არმიის მქონე პარტნიორთან ერთად, დაკარგავს სამხრეთ-აღმოსავლეთ ფლანგზე, უპირველესად კი - შავი ზღვის აკვატორიაში, გაძლიერების პერსპექტივას.

ჩვენი დოსიე

თურქეთის ინჯირლიყის სამხედრო-საჰაერო ბაზა ჯერჯერობით NATO-ს ყველაზე აღმოსავლეთ ბაზად რჩება, სადაც თურქებთან ერთად, ამერიკელი და გერმანელი სამხედროებიც არიან დისლოცირებული. ინჯირლიყის ავიაბაზას ორი ბეტონირებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი აქვს - 3 და 2,7 კმ სიგრძის, რომლებსაც ნებისმიერი თვითმფრინავის მიღება შეუძლია. 1956 წლიდან მოყოლებული, ამერიკელი სამხედროები ინჯირლიყის ავიაბაზიდან სისტემატურად უშვებდნენ სადაზვერვო აეროსტატებს, რომლებსაც ხშირად ყრიდნენ საბჭოთა მფრინავები, მათ შორის საქართველოს ცაშიც.