NATO ქართველის ატომური ბომბების იმედად იყო
NATO ქართველის ატომური ბომბების იმედად იყო
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ევროპაში საბჭოთა სატანკო არმადების ფართომასშტაბიანი შეტევის შეჩერებას ალექსანდრე ქართველიშვილის (ქართველის) ატომურბომბებიანი თვითმფრინავებით აპირებდა...

4,6 მ სიგრძისა და 762 კგ მასის Mk.7 ტიპის ამერიკული ტაქტიკური ატომური ბომბის აფეთქების სიმძლავრე 8-დან 61 კილოტონამდე მერყეობდა. 1952-1967 წლებში 1 800-მდე ასეთი ატომური ბომბი იქნა დამზადებული


თეთრმა სახლმა ჯერ კიდევ 1946 წელს შეიმუშავა ზესაიდუმლო გეგმა, რომელიც ატომური ბომბებით საბჭოთა კავშირის რამდენიმე ძირითადი ქალაქის, მათ შორის თბილისის დაბომბვასაც ითვალისწინებდა, თუკი
You must have Flash Player installed in order to see this player.
აღმოსავლეთ ევროპაში თავმოყრილ უზარმაზარ სატანკო არმადას სტალინი ლა-მანშისკენ დაძრავდა.

აშშ-ში შეიქმნა სტრატეგიული
საავიაციო სარდლობა, რომელიც B-29, B-50, B-36 და რეაქტიული B-47 ტიპის სტრატეგიული დანიშნულების ბომბდამშენებით ატომური ბომბების ჩამოყრას აპირებდა საბჭოთა კავშირის ტერიტორიულ სიღრმეში არსებულ მნიშვნელოვან ობიექტებზეც კი.

თუკი 1946 წელს სტრატეგიული საავია­ციო სარდლობის განკარგულებაში
მხოლოდ­ ცხრა ატომური ბომბი და მათი გადამტანი 30 ბომბდამშენი იყო, უკვე 1949 წელს ატომური ბომბების რიცხვმა 250-ს­ მიაღწია, ხოლო ბომბდამშენებისა 580-მდე გაიზარდა.
არადა, ამ დროს შეიარაღებაში საბჭოთა კავშირს ერთი ატომური ბომბიც არ ჰქონდა (პირველი საბჭოთა ატომური ბომბის გამოცდა მხოლოდ 1949 წლის 29 აგვისტოს შედგა) და ამერიკული სტრატეგიული ბომბდამშენების მიერ საბჭოთა ქალაქების მასირებული ატომური დაბომბვა 1948-49 წლებში ძნელი არ იყო, მით უმეტეს, რომ იმდროინდელი საბჭოთა გამანადგურებლები (შიდაწვისძრავიანი "იაკები" და "მიგები") 12 კმ სიმაღლეზე ამერიკულ "მფრინავ ციხესიმაგრეებს" ხელს ვერ შეუშლიდნენ.

სტრატეგიული საავიაციო სარდლობის შემდეგ პენტაგონმა ტაქტიკური საავიაციო სარდლობაც ჩამოაყალიბა, რომელსაც ატომური საჰაერო დარტყმები საბჭოთა კავშირისთვის ახლო მანძილიდან - ევროპიდან და თურქეთიდან უნდა მიეყენებინა.
ტაქტიკური დანიშნულების ატომური, შემდგომში კი ბირთვული ბომბები ზომითა და მასით მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა იმ პირველ რამდენიმეტონიან ამერიკულ ატომურ ბომბებს, რომელთა წაღება მხოლოდ "მფრინავ ციხესიმაგრეებს" შეეძლოთ.
აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების შეიარაღებაში გამოჩენილი შედარებით კომპაქტური Mk.7 და Mk.12 ტიპის ტაქტიკური დანიშნულების ატომური ბომბების ჩამოკიდება შეიძლებოდა გამანადგურებლებისა და გამანადგურებელ-ბომბდამშენების ფიუზელაჟქვეშა და ფრთებქვეშა პილონებზე.

პენტაგონმა დაიწყო ტაქტიკური ატომური ბომბების გადამტანი თვითმფრინავების ძებნა და ყურადღება მალევე შეაჩერა F-84G თჰუნდერსტრეაკ-ის ტიპის რეაქტიულ გამანადგურებელ-ბომბდამშენზე, რომლის მთავარი კონსტრუქტორიც ჩვენი თანამემამულე ალექსანდრე ქართველი გახლდათ.

ქართველის ახალმა რეაქტიულმა გამანადგურებელმა F-84 თჰუნდერჯეტ-მა პირველი გაფრენა 1946 წლის თებერვალში შეასრულა და 1950 წლიდან აქტიურად ჩაერთო კორეის ომში, სადაც მას ხშირად უწევდა საჰაერო ბრძოლების გამართვა თბილისის საავიაციო ქარხანაში აწყობილ საბჭოთა Миг-15-ებთან.
აშშ-ის ტაქტიკურმა საავიაციო სარდლობამ ატომური ბომბების წამღებად ქართველის რეაქტიული გამანადგურებელ-ბომბდამშენის F-84G მოდიფიკაცია შეარჩია, რომელსაც ისევე, როგორც F-84G თჰუნდერსტრეაკ-ს, პირველი F-84-ებისგან განსხვავებით, ისრის ფორმის ფრთები ჰქონდა.

ამერიკული ტაქტიკური საავიაციო სარდლობის ყველა F-84G, რომლებსაც ატომური ბომბები უნდა გადაეტანათ, აღჭურვილი იყო ჰაერში საწვავის გაწყობის მოწყობილობითა და კაბრირების მომენტში ატომური ბომბის ზუსტად ჩამოგდების სისტემით.
დღეს რუსი სამხედრო სპეციალისტებიც კი აღიარებენ, რომ 50-იან წლებში ამერიკული ტაქტიკური ბირთვული საიარაღო სისტემა - F-84GG ტიპის გამანადგურებელ-ბომბდამშენი და მასზე ჩამოკიდებული Mk.7 ტიპის ტაქტიკური ატომური ბომბი საბრძოლო ეფექტურობით ბევრად აღემატებოდა იმ პერიოდში არსებულ საბჭოთა ანალოგს - РДС-4Т ტიპის ატომური ბომბით აღჭურვილ Ил-28FF-ს ტიპის საფრონტო ბომბდამშენს (სხვათა შორის, იმ დროს Ил-28 ტიპის ბომბდამშენები საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სამხედრო აეროდრომებზეც ბაზირებდნენ).

ილიუშინის ბომბდამშენთან ქართველის გამანადგურებელ-ბომბდამშენის ეს უპირატესობა, ძირითადად, გამოიხატებოდა იმით, რომ ჰაერში საწვავის გაწყობის მოწყობილობა უზრუნველყოფდა ატომური ბომბით 1350 კმ საბრძოლო მოქმედების რადიუსს, ანუ დასავლეთ გერმანიიდან ატომურბომბიანი "ტანდერსტრაიკები" მინსკსა და კიევსაც "სწვდებოდნენ".

პენტაგონმა ქართველის "ტანდერსტრაიკებს" გასაიდუმლოებული ექსპერიმენტი ჩაუტარა. ამერიკელმა ინჟინრებმა აეროდრომის გარეშე, ატომურბომბიანი F-84G გაუშვეს. პილონზე ჩამოკიდებული ატომური ბომბით აღჭურვილი "ტანდერსტრაიკი" მათ კატაპულტაზე განათავსეს და მისი კატაპულტირება სარაკეტო ამაჩქარებლებით მოახდინეს.
ეს მეთოდი იმიტომ იყო განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, რომ შესაძლებელი გამხდარიყო ატომურბომბიანი თვითმფრინავის მალულად გადატანა საბჭოთა კავშირის საზღვრების ახლოს, სადაც არ იყო აეროდრომი და ვერავინ მოიფიქრებდა იქიდან საბრძოლო თვითმფრინავის აფრენას, მით უმეტეს - ატომური ბომბით შეიარაღებულის.

"ტანდერსტრაიკთან" დაკავშირებული მეორე ასევე ზესაიდუმლო ექსპერიმენტი არანაკლებ საინტერესო გახლდათ. პენტაგონის დაკვეთით ამერიკელმა სპეციალისტებმა შექმნეს სისტემა, რომელიც ითვალისწინებდა საბჭოთა კავშირის საზღვართან ახლოს B-36 ტიპის ზემძიმე ბომბდამშენის ქვეშ ჩამოკიდებული ქართველის F-84G -ის "მიყვანას", რომელიც ატომური ბომბით იყო აღჭურვილი. ამის შემდეგ ატომურბომბიანი გამანადგურებელ-ბომბდამშენი მოსცილდებოდა "დედა-ბომბდამშენს", დაბალ სიმაღლეზე რადიოლოკატორებისგან შეუმჩნევლად შეფრინდებოდა საბჭოთა საჰაერო სივრცეში, ჩამოაგდებდა ატომურ ბომბს, უკანვე დაბრუნდებოდა და ისევ "ჩამოეკიდებოდა" გიგანტ B-36-ს.

ალექსანდრე ქართველის "ატომური" F-84G-ები ტაქტიკური საავიაციო სარდლობის შეიარაღებაში 1960 წლამდე დარჩა, რის შემდეგაც ესტაფეტა ისევ ჩვენი თანამემამულის ახალმა გამანადგურებელ-ბომბდამშენმა - F-105 Thunderchief-მა მიიღო.
ეს მძიმე გამანადგურებელ-ბომბდამშენი ალექსანდრე ქართველმა თავიდანვე ბირთვული იარაღის მატარებელ თვითმფრინავად დააპროექტა.

F-105 გახდა მსოფლიოში პირველი გამანადგურებელ-ბომბდამშენი, რომელსაც ფიუზელაჟში ბომბნაკვეთური ჰქონდა და ბირთვული ბომბით შეეძლო, ზებგერით სიჩქარეზე ორჯერ სწრაფად ეფრინა.

Mk.7 ტიპის ატომური ბომბი ბომბნაკვეთურში თავსდებოდა, კიდევ ორი ასეთი ბომბის ჩამოკიდება კი ფრთების ქვეშ შეიძლებოდა.
ქართველის ატომურბომბიანი "ტანდერჩიფები" დიდ საფრთხეს წარმოადგენდა მაშინდელი საბჭოთა კავშირისთვის (არ არის გამორიცხული, რომ ჩვენი თანამემამულის შექმნილი ამ თვითმფრინავების რამდენიმე სამიზნე საქართველოს ტერიტორიაზეც ყოფილიყო განთავსებული), რადგან მათ დაბალ სიმაღლეზე და ზებგერითი სიჩქარით შეეძლოთ ბირთვული ბომბების ჩამოყრა, რა დროსაც საბჭოთა საჰაერო თავდაცვის სისტემების ეფექტურობა მცირდებოდა.

სულ გამოუშვეს 833 "ტანდერჩიფი", რომლებსაც საბჭოთა კავშირის ატომური დაშინების ნაცვლად ვიეტნამის ომში მოუწიათ ბრძოლამ. ისინი თითქმის ყველა ოპერაციაში მონაწილეობდნენ. ვიეტნამის ომში 400-ზე მეტი F-105 დაიკარგა. ამხელა ზარალი იმით იყო განპირობებული, რომ ქართველის გამანადგურებელ-ბომბდამშენებს ყველაზე ძლიერი საზენიტო საშუალებებით დაცული ობიექტების დასაბომბად გზავნიდნენ.

დასკვნის სახით შეიძლება ვთქვათ, რომ ალექსანდრე ქართველიშვილის კონსტრუირებული თვითმფრინავებიდან ორი: F-84 და F-105 1951 წლიდან 1970 წლამდე ამერიკული ტაქტიკური ატომური და ბირთვული ბომბების ძირითადი გადამტანი საშუალება იყო და შიშის ზარს სცემდა მაშინდელი საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობას.

ქართველის ბომბდამშენი NATO-სთვის


ჩვენი თანამემამულე ალექსანდრე ქართველის F-84G თჰუნდერსტრეაკ-ი იქცა პირველ საერთო-საბრძოლო თვითმფრინავად, რომელიც NATO-ს წევრმა ქვეყნებმა შეიარაღებაში მიიღეს. 50-იანი წლების მეორე ნახევარში დასავლეთი ევროპა საბჭოთა სატანკო არმადებისგან სწორედ ქართველის ატომურბომბიან "ტანდერსტრაიკებს" უნდა დაეცვათ.
მკითხველის კომენტარი (7)
netav
15 მარტი 2017 08:37
ნეტავ როგორც იესომ წყალი გვინოდ აქცია ეს ავტომური ბომბები კი მხოლოდ კაცობრიობისტვის უვნებელ წყლად გადაიქცეს ხოლმე რომ უდანასჰაულო ხალხს არაპერი ევნს. ნეტა ყველა გამოგონება რომელიც სავნებლადაა სჰექმნილი არ იქმნებოდეს და მატი გამომგონლების ტვინებიც გაწყალწბულიყვნენ.
გავაზელი
03 თებერვალი 2017 09:23
ცნობისათვის, ატომური და ბირთვული ბომბი ერთი და იგივეა. ავტორს ალბათ თერმობირთვული ანუ წყალბადის ბომბი ქონდა მხედველობაში.
luxo
01 თებერვალი 2017 15:10
რაც მაგრები ვართ ქართველები ვართ, მაგრამ ეგ არი ქურდობისათვის, ევროპის ციხეებში ვსხედვართ და ვერ ვაჯერებთ მსოფლიოს, რომ მაგრები ვართ.
დათო
01 თებერვალი 2017 12:31
ეგ ისეთივე ქართველი იყო როგორიც მე ჩინელი, ხოდა ხომ დაახურეს თავზე ვიეტნამში, აბა კიდევ დოუმიზნონ თბილისს, ამერიკა ყოველთვის მოძალადე ქვეყნად დარჩება. არ დაბლოკოთ.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1
რუბრიკის სხვა სიახლეები