ჯარში წვევამდელებს ახლებურად მოამზადებენ - კვირის პალიტრა

ჯარში წვევამდელებს ახლებურად მოამზადებენ

არმიამ განაახლა წვევამდელების გაწვევა, რომლებსაც კონტრაქტით მომსახურე სამხედროების მსგავსად გაწვრთნიან...

თებერვალში საქართველოს სამხედრო ძალებში საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო. მთავრობის დადგენილების თანახმად, 2017 წლის საგაზაფხულო გაწვევა (რომელიც 1-ლი თებერვლიდან 30 ივნისამდე გაგრძელდება) 18-დან 27 წლამდე ასაკის 3 687 ახალგაზრდა მამაკაცს შეეხება. აქედან შსს-ს გასამხედროებულ ქვედანაყოფებში 865 წვევამდელი მოხვდება, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციარულ დეპარტამენტში - 1 000, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში - 422, ხოლო თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნით, შეიარაღებულ ძალებში - 1 400.

თავდაცვის სამინისტროს 2016 წლის შემოდგომის გაწვევაზე წვევამდელები არ მიუღია, რადგან შარშან ზაფხულში მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა თავისი ბრძანებით შეიარაღებულ ძალებში წვევამდელების გაწვევა შეაჩერა, რასაც საზოგადოების არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. თავდაცვის მინისტრი ხიდაშელი თვლიდა (და მას მაშინდელი გენშტაბის ხელმძღვანელობაც ეთანხმებოდა), რომ ახალგაზრდა კაცი ერთი წელი არმიაში მხოლოდ დარაჯის მოვალეობას ასრულებდა და ასეთი სამხედრო შეიარაღებულ ძალებს არ სჭირდებოდა. თუმცა ვინ უშლიდა თავდაცვის სამინისტროსა და გენშტაბის მაშინდელ ხელმძღვანელობას, ეს დარაჯი-ჯარისკაცი პოლიგონზე ხანდახან მაინც გაეყვანა და მისთვის საბრძოლო ტაქტიკის ელემენტები ესწავლებინა? ან რატომ ითვლება საყარაულო სამსახური მონურ სამუშაოდ, როცა სამხედრო ობიექტების დაცვა უმნიშვნელოვანესია და ფრონტის ხაზზე ნებისმიერი გამარჯვება შეიძლება დაჩრდილოს ზურგში მოწინააღმდეგის სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფის მიერ ტყვია-წამლის პატარა საწყობის აფეთქებამაც კი...

თავდაცვის მინისტრის პოსტზე თინათინ ხიდაშელის შემცვლელმა ლევან იზორიამ თავისი ბრძანებით განაახლა შეიარაღებულ ძალებში წვევამდელების მიღების პროცესი და მათ საინტერესო სიახლეები შესთავაზა. გაზაფხულზე შეიარაღებულ ძალებში გაწვეული 1400 ახალგაზრდა მაშინვე სამხედრო ნაწილებში არ გაიგზავნება, მათ ავტომატს არ შეაჩეჩებენ ხელში და საგუშაგოზე არ გაამწესებენ. ისინი პირველ სამ თვეს ისეთივე საწყის სამხედრო მომზადებას გაივლიან, როგორსაც კონტრაქტით მომსახურე სამხედროები გადიან. მომზადება ჩატარდება საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში (ასეთი მომზადება რამდენიმე ათას კონტრაქტორ სამხედროს აქვს გავლილი), რის შემდეგაც ვერავინ იტყვის, ჯარში მხოლოდ ყარაულად ვიდექი და ავტომატის სროლაც კი არ მასწავლესო.

დარჩენილი ცხრა თვე ეს ჯარისკაცები, ძირითადად, მაინც საყარაულო და ლოჯისტიკურ ფუნქციებს შეასრულებენ, თუმცა მათ დროდადრო პოლიგონზეც გაიყვანენ, რათა არ დაავიწყდეთ საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში მიღებული უნარ-ჩვევები. როდესაც ჯარისკაცები პოლიგონზე იქნებიან, საყარაულო სამსახურში მათ დროებით კონტრაქტით მომსახურე სამხედროები ჩაენაცვლებიან, რათა არც მათ დაივიწყონ საყარაულო სამსახურის წესები.

ვადიანი სამხედრო მოსამსახურეების ყოველთვიური ანაზღაურება შეიარაღებულ ძალებში 7-დან 50 ლარამდე გაიზრდება (ხელზე ასაღები თანხა), რაც ნაწილობრივ მაინც აანაზღაურებს მათ სატრანსპორტო ხარჯებს, როდესაც უქმე დღეებში სახლში გაუშვებენ. შაბათ-კვირას ვერ დაითხოვენ იმას, ვისაც მორიგეობა მოუწევს ან დისციპილინური წესით იქნება დასჯილი.

საინტერესოა ისიც, რომ შეიარაღებული ძალები სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას ტერიტორიული პრინციპით განახორციელებენ, ანუ დასავლეთ საქართველოში მცხოვრები წვევამდელი ქუთაისის, ხონის, სენაკისა და ბათუმის სამხედრო ბაზებში იმსახურებს, აღმოსალეთ საქართველოდან გაწვეული კი - თბილისში, ვაზიანსა და გორში.

ის, რომ, ვადიანმა სამხედრომ ერთი წელი არა მარტო გუშაგად იმსახუროს, არამედ საწყისი საბრძოლო მომზადებაც გაიაროს, სწორი გადაწყვეტილებაა და ცუდი არ იქნება, თუ ეს შსს-სა და სხვა უწყებების მიერ გაწვეულ წვევამდელებსაც შეეხება, რადგან მომავალში სწორედ ეს ჯარისკაცები უნდა გახდნენ რეზერვის საფუძველი.