იზორიამ თავის მოადგილეს თავდაცვის პოლკოვნიკის წოდება მიანიჭა, მეორე დღეს კი პრეზიდენტს მისთვის გენერალ-მაიორის წოდების მინიჭების თხოვნით მიმართა - კვირის პალიტრა

იზორიამ თავის მოადგილეს თავდაცვის პოლკოვნიკის წოდება მიანიჭა, მეორე დღეს კი პრეზიდენტს მისთვის გენერალ-მაიორის წოდების მინიჭების თხოვნით მიმართა

თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ 20 თებერვალს მის პირველ მოადგილეს, ლელა ჩიქოვანს თავდაცვის პოლკოვნიკის წოდება მიანიჭა, რის შემდეგაც, პრეზიდენტს მისთვის თავდაცვის გენერალ-მაიორის წოდების მინიჭებასთან დაკავშირებით მიმართა.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციას, ლელა ჩიქოვანისთვის ორი დღის ინტერვალში, თავდაცვის პოლკოვნიკის წოდების მინიჭებისა და თავდაცვის გენერალ-მაიორის წოდების მინიჭებასთან დაკავშირებით პრეზიდენტისთვის წარდგენის შესახებ ადასტურებენ თავდაცვის სამინისტროში. როგორც სააგენტოს უწყებაში განუცხადეს, თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს, აქამდეც გააჩნდა პოლკოვნიკის სპეციალური წოდება, რომელიც შს სამინისტროში მუშაობის პერიოდში მიენიჭა, 2017 წლის 20 თებერვალს კი თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, ის თავდაცვის სპეციალურ წოდებას -თავდაცვის პოლკოვნიკს გაუთანაბრდა. რაც შეეხება ჩიქოვანისთვის თავდაცვის გენერალ-მაიორის წოდების მინიჭების მოთხოვნას, სამინისტროს განმარტებით, პრეზიდენტისადმი, როგორც უმაღლესი მთავარსარდლისადმი მიმართვა მოხდა გამომდინარე იქედან, რომ თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის საშტატო განრიგში განსაზღვრულია სპეციალური წოდების საშტატო კატეგორია - თავდაცვის გენერალ-მაიორი.

ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, ლელა ჩიქოვანის გარდა სხვადასხვა სამხედრო წოდების მინიჭების საკითხზე პრეზიდენტს წარედგინა უწყების კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსანი.

„თავდაცვის მინისტრმა, საქართველოს პრეზიდენტთან, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია წარადგინა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდებაზე. ასევე მინისტრის მიერ, ბრიგადის გენერლის სამხედრო წოდებაზე წარდგენილი არიან, გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა და მოადგილეები, პოლკოვნიკი ზაზა ჩხაიძე და პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე. მინისტრის ეს გადაწყვეტილება განპირობებულია მათ მიერ დაკავებული თანამდებობებით განსაზღვრული წოდებრივი მოთხოვნებით.

გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში საშტატო განრიგით გათვალისწინებულია გენერლის 9 სამხედრო წოდება. ამ ეტაპისთვის კი შეიარაღებულ ძალებს ჰყავს მხოლოდ 2 გენერალი - ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და ასევე ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე.

შეიარაღებული ძალების ეფექტური მართვისა და კონტროლის უზრუნველსაყოფად, ასევე წოდებრივი იერარქიის პრინციპიდან გამომდინარე, აუცილებლობას წარმოადგენს შეიარაღებულ ძალებში უმაღლესი სამხედრო წოდების პირების არსებობა, რომლებიც შეესაბამებიან წოდებრივ მოთხოვნებს, საკუთარი განათლებით, დამსახურებით და პროფესიული გამოცდილებით.

გარდა ამ აუცილებლობისა, შეიარაღებული ძალების განვითარებისთვის, ნატოს მიერ მხადაჭერილი რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის, არსებობს ასევე ნატოს სტანდარტი, რომელიც შეიარაღებულ ძალებში უმაღლესი წოდების პირების - გენერლების საჭიროებას განსაზღვრავს.

შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელობის გარდა, თავდაცვის მინისტრის მიერ, თავდაცვის გენერლის სპეციალურ (არა სამხედრო) წოდებაზე, მისი დამსახურებისა და შეიარაღებულ ძალებში განსაკუთრებული წვლილისთვის წარდგენილია, მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, რომელსაც სხვადასხვა წლებში ძალოვან უწყებებში, (მათ შორის თავდაცვის სამინისტროში) მუშაობის 18 წლიანი გამოცდილება აქვს. მას აქამდეც გააჩნდა პოლკოვნიკის სპეციალური წოდება, რომელიც შს სამინისტროში მუშაობის პერიოდში მიენიჭა. 2017 წლის 20 თებერვალს კი თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის ლელა ჩიქოვანის წოდება გაუთანაბრდა თავდაცვის სპეციალურ წოდებას -თავდაცვის პოლკოვნიკი.

გამომდინარე იქედან, რომ თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის საშტატო განრიგში განისაზღვრულია სპეციალური წოდების საშტატო კატეგორია - თავდაცვის გენერალ-მაიორი, ლელა ჩიქოვანი თავდაცვის მინისტრის მიერ პრეზიდენტთან წარდგენილი იქნა შესაბამისი წოდების მისანიჭებლად.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად თავდაცვის უმაღლესი სპეციალურის წოდების მინიჭების უფლება მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს - მთავარსარდალს გააჩნია.

ეს გახლავთ პირველი პრეცედენტი, როდესაც თავდაცვის უმაღლეს სპეციალურ წოდებაზე ხდება ქალბატონის წარდგენა, რაც დადებითად აისახება სისტემის განვითარებაზე. ამავდროულად, ეს გადაწყვეტილება ცხადყოფს გენდერული ბალანსის კუთხით თავდაცვის სამინისტროს ამჟამინდელი ხელმძღვანელობის მიდგომას“, - განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში.

"ინტერპრესნიუსი"