ერთი დაჭრილი, მეორე ტყვედ ჩავარდნილი - რა მდგომარეობაში არიან ქართველები კონგოში - კვირის პალიტრა

ერთი დაჭრილი, მეორე ტყვედ ჩავარდნილი - რა მდგომარეობაში არიან ქართველები კონგოში

27 იანვარს მეამბოხეებმა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ძალების ორი შვეულმფრენი ჩამოაგდეს. ერთ-ერთს საქართველოს მოქალაქე სოსო ოსურაული მართავდა, რომელიც მეამბოხეებმა ტყვედ აიყვანეს. საქართველოს მეორე მოქალაქე კი დაიჭრა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაჭრილი მოქალაქე სამშვიდობოზეა და მკურნალობას გადის კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ გომაში.

სამინისტროს განმარტებით, საგარეო უწყება მუდმივ კონტაქტზეა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობასთან, რათა მოხდეს სიტუაციაში დეტალურად გარკვევა და საქართველოს მოქალაქის კანონიერი უფლებების დაცვა.

"კონგოს მხარე ოფიციალურად ამ დრომდე არ ადასტურებდა საქართველოს მოქალაქის/მოქალაქეების მონაწილეობას ხსენებულ ინციდენტში. ასევე, არც ოჯახის წევრებს მოუმართავთ ჩვენთვის. 22 თებერვალს საქართველოს საელჩოს პრეტორიაში კონგოს მხარემ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ხსენებული ინციდენტის შედეგად, ოპოზიციური დაჯგუფების მიერ დატყვევებულ იქნა საქართველოს ერთი მოქალაქე, ხოლო მეორე მოქალაქე დაიჭრა, თუმცა იგი სამშვიდობოზეა და მკურნალობას გადის კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ გომაში.

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მხარის ინფორმაციით, ხსენებულ საკითხზე გრძელდება გამოძიება კონგოს შეიარაღებული ძალების შესაბამისი სტრუქტურების მიერ.

საქართველოს აღნიშნული მოქალაქეების კონგოში ყოფნის ოფიციალური მიზეზი უცნობია. როგორც ვიცით ეს პიროვნებები არიან ყოფილი სამხედროები და დამოუკიდებლად იმყოფებოდნენ კონგოში.

სიტუაცია რთულია, ვინაიდან ერთ-ერთი იმყოფება უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ტყვეობაში", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით კი, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დატყვევებული ქართველი მფრინავი საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან 2015 წელს საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა.

მათივე განცხადებით, სოსო ოსურაული დაახლოებით 10 წლის წინ შეიარაღებული ძალებიდან წავიდა, თუმცა 2014 წელს უწყებაში კვლავ დაბრუნდა. მათი ინფორმაციით, 2015 წლის მარტში ოსურაულმა კონგოში კარგი შეთავაზების მიზეზით სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა და კვლავ წავიდა.

იხილეთ ასევე: კონგოს ქართველი ტყვე

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით