"ჩვენებური" ოსები რუსული ომებისთვის... - კვირის პალიტრა

"ჩვენებური" ოსები რუსული ომებისთვის...

რუსული მე-4 საოკუპაციო სამხედრო ბაზა საბოლოოდ "ჩაყლაპავს" ოსი სეპარატისტების "არმიას"

ამ კვირაში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ოსი სეპარატისტების ლიდერს, ლეონიდ თიბილოვს შეხვდება და სხვა საკითხებთან ერთად, ოსური "არმიის" ცალკეული დანაყოფების რუსეთის შეიარაღებულ ძალებში შესვლის საკითხიც გადაწყდება.

ეს მოულოდნელი არც ყოფილა, რადგან ოს სეპარატისტებს ჯერ - საბჭოთა კავშირის, მისი დაშლის შემდეგ კი რუსეთის გენერალიტეტი და სპეცსამსახურები აიარაღებდნენ. როგორც ამბობენ, მავრმა თავისი საქმე გააკეთა და შეუძლია, წავიდეს...

ოსი და აფხაზი სეპარატისტები კრემლმა გამოიყენა, რათა საქართველო განვლილი მეოთხედი საუკუნის განმავლობაში მუდმივად ომებში ყოფილიყო ჩართული.

დღეს ცხინვალის რეგიონში დარჩენილი ოსების უმრავლესობა მომხრეა, რომ ოკუპაციის შემდეგ მოსკოვმა საქართველოს ამ ნაწილის ანექსირებაც მოახდინოს და ყირიმის ნახევარკუნძულის მსგავსად, ის რუსეთს შეუერთდეს. აფხაზების ნაწილი შეიძლება წინააღმდეგი იყოს რუსეთის ნაწილად ქცევის, მაგრამ მათ, როგორც უკვე გამოყენებულ "მასალას", კრემლიდან აღარავინ არაფერს შეეკითხება.

რუსეთის გენერალურ შტაბში არ სურთ, მათ მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, ისევე, როგორც აფხაზეთში, რუსი სამხედროებისა და მესაზღვრეების გარდა ვინმე წვერმოშვებულ ადგილობრივს ეჭიროს ხელში "კალაშნიკოვი", ამიტომაც რუსული მე-4 და მე-7 საოკუპაციო სამხედრო ბაზების მიერ ოსური და აფხაზური "არმიების" "ჩაყლაპვა" სრულიად კანონზომიერი ჩანს.

თუმცა, ძნელი სათქმელია, ხვდებიან თუ არა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ახალგაზრდა ოსებისა და აფხაზების მშობლები, რომ მალე მათი შვილები რუსული ომების საზარბაზნე ხორცად შეიძლება იქცნენ როგორც დონბასში, ისე სირიაში და არ არის გამორიცხული - ავღანეთშიც...

მიუხედავად იმისა, რომ კრემლი მუდმივად უარყოფს უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარე სისხლისმღვრელ ბრძოლებში რუსეთის რეგულარული სამხედრო ნაწილების მონაწილეობას, ეს ფაქტია, თანაც - არაერთხელ დამტკიცებული.

საგულისხმოა, რომ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში ბრძოლებისას, ბოლო სამი წლის განმავლობაში, რუსეთის გენშტაბს არაერთხელ მიუვლენია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დისლოცირებული მე-4 და მე-7 სამხედრო ბაზების პირადი შემადგენლობა და საბრძოლო ტექნიკა. ამის დამადასტურებელი არაერთი ფოტო და ვიდეოფაქტი მოიპოვება, რომლებსაც თვითონ სამხედროები იღებდნენ საბრძოლო მოქმედების ზონაში და ინტერნეტსივრცეში ათავსებდნენ.

ინტერნეტში რამდენჯერმე გამოჩნდნენ შეიარაღებული ოსი და აფხაზი სეპარატისტებიც, რომლებიც უკრაინის არმიას ებრძოდნენ ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში. ისინი მეტ-ნაკლებად ცნობილი "ბოევიკები" იყვნენ, რომლებიც მანამდე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ იბრძოდნენ და შეიძლება უკრაინაშიც საკუთარი სურვილით მოხვდნენ.

რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ "ჩვენებური" ოსი და აფხაზი სეპარატისტების "არმიების" "ჩაყლაპვის" შემდეგ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ოს და აფხაზ ახალგაზრდებს ისევე გაიწვევენ ჯარში, როგორც რუსეთის სხვა რეგიონებში მცხოვრებთ და უკრაინის აღმოსავლეთითაც გაამწესებენ და სირიაშიც უკრავენ თავს, მათი სურვილის მიუხედავად.