რა ევალება და რა ეკრძალება სპეცრაზმელს მასობრივი არეულობის დროს - კვირის პალიტრა

რა ევალება და რა ეკრძალება სპეცრაზმელს მასობრივი არეულობის დროს

ბათუმში 2017 წლის 11 მარტს უკმაყოფილო ხალხის პროტესტმა მალე მასობრივი არეულობის ელფერი მიიღო, რაც პოლიციის ავტომობილების დაწვაში, ქუჩების ინფრასტრუქტურის განზრახ განადგურებასა და პოლიციის სამმართველოს შენობაზე თავდასხმაში გადაიზარდა

საქართველოს უახლეს ისტორიაში მომიტინგეთა მასობრივი დაშლა-დარბევის ოთხი პრეცედენტი მოიძებნება, როდესაც სამთავრობო სტრუქტურებმა ქუჩებში გამოსულ უკმაყოფილო ხალხს არაპროპორციული ძალა დაუპირისპირეს.

ოთხივე, სამწუხაროდ, თბილისში მოხდა.

1956 წლის 9 მარტი

საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების საბრძოლო დანაყოფებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით კი არ დაშალეს, არამედ დახვრიტეს მომიტინგეები.

1989 წლის 9 აპრილი

საბჭოთა კავშირის შინაგანი ჯარისა და არმიის დანაყოფებმა სასანგრე ბარებითა და ნერვულ-პარალიტიკური გაზით სასტიკად დაარბიეს მშვიდობიანი მიტინგი.

2007 წლის 7 ნოემბერი

საქართველოს ხელისუფლებამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა მომიტინგეების დასაშლელად რუსთაველის გამზირზე და შემდგომ - დედაქალაქის სხვა უბნებში. დაფიქსირდა პოლიციის მიერ უიარაღო მომიტინგეების წინააღმდეგ სპეცსაშუალებების არაკანონიერად გამოყენების ფაქტები. პირველად საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიაში მიტინგის დასაშლელად გამოიყენეს ე.წ. აკუსტიკური ქვემეხები..

2011 წლის 26 მაისი

ხელისუფლებამ პარლამენტის წინ შეკრებილ მომიტინგეთა არათუ დასაშლელად, არამედ სამაგალითოდ დასარბევად, ისინი ალყაში მოაქცია (ჩაუკეტა გასაქცევი გზა) და ბევრ მომიტინგეს სერიოზული ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.

ზემოთ განხილულ არც ერთ შემთხვევაში სამართალდამცავების წინააღმდეგ ხალხს ასე მასობრივად ქვები და "კოქტეილი მოლოტოვისთვის" არ გამოუყენებია, ისე როგორც ბათუმში. მიუხედავად ამისა, ბათუმში მასობრივი არეულობის აღკვეთისას პოლიცია ისეთი სასტიკი მეთოდებით არ დაჰპირისპირებია მოქალაქეებს, როგორიც 2007 წლის 7 ნოემბრის და განსაკუთრებით - 2011 წლის 26 მაისის მიტინგების დაშლისას გამოიყენეს.

სამივე მიტინგის დამშლელი სპეცრაზმელის გაკვირვება

"კვირის პალიტრასთან" საუბარში ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა თავისი შთაბეჭდილება გაგვიზიარა: "სამივე მიტინგის დაშლაში ვმონაწილეობდი ჩემი სამმართველოს ბიჭებთან ერთად - 7 ნოემბერსაც, 26 მაისსაც და ახლაც, ბათუმში. არ დავმალავ, რომ რეზინის ხელკეტი არ გამიჩერებია, თუმცა არაკაცობა არ ჩამიდენია და ძირს დავარდნილისა და ხელებაწეულისთვის არ დამირტყამს, მაგრამ რაც ბათუმში მოხდა, ძალიან გამიკვირდა. ამის მეათედიც რომ გაებედათ რუსთაველზე 7 ნოემბერს ან 26 მაისს და ჩვენთვის ქვები და ცეცხლგამჩენი ბოთლები დაეშინათ, ალბათ, ძვლებიანად შევჭამდით, ბათუმში კი ზედმეტი არავის მოხვედრია, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე პროვოკატორი თუ არაკაცი ფარის წინ გვედგა და უშვერი სიტყვებით გვაგინებდა..."

ვინ იცავს მასობრივი არეულობებისგან ქვეყანას

მასობრივი არეულობის დროს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, უპირველესად, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამმართველოების სპეცრაზმელები იცავენ. ამ დეპარტამენტის სამმართველოები საქართველოს ყველა რეგიონშია შექმნილი. 11 მარტს ბათუმის ქუჩებში წესრიგს აჭარის სამმართველოს "ბეტმენები" იცავდნენ, რომელთაც ზუგდიდის სამმართველოც დაეხმარა. თბილისის სამმართველოების ავტოკოლონას ბათუმამდე ჩასასვლელად გზაში მხოლოდ 4,5 სთ დასჭირდა.

რა სპეციალურ საშუალებებს იყენებს სპეცრაზმელი

მასობრივი არეულობის დროს სპეცრაზმელი მოქმედებს "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის 33-ე მუხლის შესაბამისად, რომელიც აქტიური და პასიური სპეციალური საშუალებების გამოყენებას არეგულირებს.

სპეცრაზმელის აქტიურ სპეციალურ საშუალებებში შედის: ხელბორკილი და შებორკვის სხვა საშუალება, სპეციალური ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის გაზი, აკუსტიკური საშუალება, არალეტალური იარაღი (მათ შორის, არალეტალური ჭურვი), ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა, ტრანსპორტის იძულებითი გაჩერების საშუალება, დაბრკოლების დამანგრეველი საშუალება, წყალსატყორცნი, ჯავშანმანქანა და სხვა სპეციალური სატრანსპორტო საშუალებები, სპეციალური საღებავი, სასამსახურო ძაღლი და სასამსახურო ცხენი, ელექტროშოკური მოწყობილობა და შესაბოჭი ბადე.

რითია დაცული "ბეტმენი"

მომიტინგეებმა პოლიციის სპეცრაზმელებს "ბეტმენები" შეარქვეს, რადგან მათი პასიური სპეციალური საშუალება, კერძოდ, სხეულის დამცავი პლასტიკური დეტალები, ძალიან წააგავს ფანტასტიკური კინოგმირის აღჭურვილობას. გარდა ამისა, სპეცრაზმელის პასიურ სპეციალურ საშუალებებში შედის ჯავშანჟილეტი (ძირითადად, დარტყმის და არა ტყვიის საწინააღმდეგო), ჩაფხუტი, ფარი და აირწინაღი.

რა ეკრძალება სპეცრაზმელს

კანონი "პოლიციის შესახებ" სპეცრაზმელს, რომელსაც დაევალა მასობრივი არეულობის დროს საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენა, უკრძალავს სპეციალური საშუალებების გამოყენებას ორსულობის, მცირეწლოვნობის, შეზღუდული შესაძლებლობის ან ხანდაზმულობის აშკარა ნიშნის მქონე პირთა მიმართ, თუმცა კანონი აზუსტებს - თუკი ზემოთ ჩამოთვლილი პირები შეიარაღებულნი არიან ან ჯგუფურად ესხმიან თავს პოლიციელს, მაშინ კანონი მას ხელ-ფეხს უხსნის აქტიური მოქმედებებისთვის. უფრო მეტიც, კანონის 35-ე მუხლის მე-2 თავი პოლიციელს აფრთხილებს, რომ თუკი ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოუყენებლობა შეუძლებელს გახდის საპოლიციო ფუნქციის შესრულებას, მაშინ მას ასევე შეუძლია, აკრძალვა არ გაითვალისწინოს.