ავღანეთში სამხედრო ბაზაზე თავდასხმისას 140 ჯარისკაცი მოკლეს - კვირის პალიტრა

ავღანეთში სამხედრო ბაზაზე თავდასხმისას 140 ჯარისკაცი მოკლეს

ავღანეთის ქალაქ მაზარი-შარიფთან თალიბი მებრძოლები სამხედრო ბაზას თავს დაესხნენ და 140 ჯარისკაცი მოკლეს."ალჯაზირას" ცნობით, არიან დაშავებულებიც.

გავრცელებული ინფორმაციით, მებრძოლებს სამხედრო ფორმა ეცვათ. თავდასხმა პარასკევის ლოცვის შემდეგ, ერთ-ერთ მეჩეთთან მდებარე სამხედრო ბაზაზე მოხდა. ექვსმა თავდამსხმელმა სამხედრო ბაზაზე შეღწევა ორი სამხედრო მანქანით შეძლო. მათ დაცვის თანამშრომლები მოატყუეს, თითქოს მანქანებით დაჭრილი ჯარისკაცები სასწრაფოდ ბაზის ტერიტორიაზე უნდა შეეყვანათ.

მომხდარზე "თალიბანის" პრესსპიკერმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განაცხადა, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობამ აიღო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, მაზარი-შარიფში სამხედრო ბაზაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად ქართველი სამხედროები არ დაშავებულან.

როგორც უწყებაში განმარტავენ, მაზარი-შარიფში ქართველი სამხედროებიც მსახურობენ, თუმცა ისინი ტერაქტს უვნებლად გადაურჩნენ.