რუსული C-400 თურქეთის ცის დასაცავად? - რაზე შეუთანხმდა ერდოღანი პუტინს?! - კვირის პალიტრა

რუსული C-400 თურქეთის ცის დასაცავად? - რაზე შეუთანხმდა ერდოღანი პუტინს?!

ერდოღანი პუტინს თანამედროვე რუსული საზენიტო სისტემების ყიდვაზე შეუთანხმდა...

პოლიტიკაში რომ მუდმივი მეგობრები და მუდმივი მტრები არ არსებობენ, გასულ კვირას ერთხელაც დადასტურდა სოჭში, სადაც თურქეთის პრეზიდენტი რუს კოლეგას, სავარაუდოდ, შეუთანხმდა თანამედროვე საზენიტო სარაკეტო სისტემის - C-400-ის შეძენაზე.

ორიოდე წლის წინ, როდესაც სირია-თურქეთის საზღვარზე თურქულმა გამანადგურებელმა რუსული ბომბდამშენი რაკეტით ჩამოაგდო, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ თითქმის ომის პირას მყოფი ამ ორი ქვეყნის ლიდერები ცოტა ხანში ერთმანეთს ასე "ჩაეხუტებოდნენ".

თუკი NATO-ს წევრი თურქეთი მართლაც შეიძენს რუსეთის C-400-ებს, ეს ოფიციალური ანკარის მიერ ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის სილის გაწვნის ტოლფასი იქნება.

საქმე ის არის, რომ თურქეთი დიდი ხანია, ცდილობს, შეიძინოს თანამედროვე საზენიტო-სარაკეტო სისტემები, რადგან მის ცას მოძველებული "ნაიკ-ჰერკულესები" და "ჰოუკები" იცავენ ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როდესაც შეიძლებოდა თურქეთს კოპიტნარისა და დიდი შირაქის აეროდრომებიდან აფრენილი საბჭოთა საფრონტო ბომბდამშენები დამუქრებოდნენ.

ანკარამ რამდენიმე წლის წინ საერთაშორისო ტენდერიც კი გამოაცხადა, რომელშიც ჩინურმა საზენიტო-სარაკეტო სისტემამ (ის რუსული C-300-ის კლონი იყო) გაიმარჯვა, მაგრამ NATO-ს სარდლობის ზეწოლით, ეს ოთხ მილიარდდოლარიანი გარიგება ჩაიშალა. კომპენსირების მიზნით, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა თურქეთის ტერიტორიაზე ბუნდესვერის საზენიტო-სარაკეტო "პეტრიოტები" გადაისროლა, მაგრამ ცოტა ხნის წინ უკან გაიყვანა, რასაც თურქეთის ხელისუფლების უკმაყოფილება მოჰყვა.

რუსული C-400-ების შეძენით დაინტერესება თურქეთის ხელისუფლებას უფრო დაუპირისპირებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს და დაუახლოებს NATO-ს პოტენციურ მოწინააღმდეგეს - რუსეთს. თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ შეიძლება თურქეთი არც აპირებს ძვირად ღირებული რუსული C-400-ების შეძენას და პრეზიდენტ ერდოღანს სურს, საერთაშორისო პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტისას, რომლებიც თურქეთის ინტერესებს ეხება, ევროპელი ლიდერები უფრო დამყოლი გახადოს.

რა შეუძლია რუსულ C-400-ს?

C-400 "ტრიუმფი" C-300-ის მოდერნიზებული ვარიანტის, "ფავორიტის" გაუმჯობესებული ვერსიაა. სხვათა შორის, ამ სტატიის ავტორი "ფავორიტს" დეტალურად ჯერ კიდევ 20 წლის წინ გაეცნო რუსეთში, ჟუკოვსკის ავიაკოსმოსურ გამოფენაზე, თუმცა მისი მართვის პუნქტის შიგნიდან გადაღების უფლებას მაშინ არავის აძლევდნენ.

C-400 სისტემის რადიოლოკაციურ საშუალებებს საჰაერო სამიზნეების აღმოჩენა 600 კმ სიშორეზე შეუძლია. საზენიტო რაკეტა აეროდინამიკურ სამიზნეს მაქსიმალურ 400 კმ სიშორეზე ანადგურებს, ხოლო 4,8 კმ/წმ სიჩქარემდე მფრენ ბალისტიკურ რაკეტას - 60 კმ რადიუსში 25 კმ სიმაღლემდე.

თურქეთმა შეიძლება C-400-ების ოთხი დივიზიონი შეიძინოს, რომლებსაც სირიისა და საბერძნეთის საზღვრებთან განათავსებს. თითოეული დივიზიონის გასაყიდ ფასს მოსკოვი, ალბათ, არანაკლებ 500 მლნ დოლარად განსაზღვრავს. თითოეულ დივიზიონში რვა გამშვები დანადგარია, თითოეულ დანადგარზე კი კონტეინერებში ოთხი საზენიტო რაკეტაა განთავსებული. რუსული C-400-ების ყიდვის შემთხვევაში ოფიციალური ანკარა მეტად შეძლებს, გავლენა მოახდინოს სირიაში მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის - ქურთების დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის წინააღმდეგაც.

რა ხდება კავკასიის ცაში...

სამხრეთ კავკასიის ცაში მნიშვნელოვნად გაძლიერდნენ საზენიტო-სარაკეტო სისტემები, თუმცა ეს ეხება აზერბაიჯანს, სომხეთსა და რუსეთის საოკუპაციო ჯარებს. აზერბაიჯანისა და სომხეთის განკარგულებაშია C-300 ტიპის სხვადასხვა მოდიფიკაციის საზენიტო-სარაკეტო სისტემები. ანალოგიური საზენიტო საშუალებებით მოსკოვმა ოკუპირებული აფხაზეთის ცაც გააძლიერა. ბოლო მონაცემებით, სომხეთმა რუსეთში შეიძინა თანამედროვე გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები "ვერბა", რომელიც "იგლას" გაუმჯობესებული ვარიანტია და საჰაერო სამიზნის დაზიანება 4,5 კმ სიმაღლემდე შეუძლია.

ამ ყველაფრის ფონზე, მესამე წელია, ველოდებით, ბოლოს და ბოლოს, პრაქტიკულად როდის განხორციელდება საფრანგეთთან გაფორმებული ხელშეკრულება მობილური რადიოლოკაციური სადგურებისა და კონკრეტული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების გადმოცემის თაობაზე...