"დავითი 44 წლის იყო, დარჩა მეუღლე და ორი შვილი" - თავდაცვის უწყების სამძიმარი და სააკაშვილის გამოხმაურება უკრაინაში კიდევ ერთი ქართველის დაღუპვაზე - კვირის პალიტრა

"დავითი 44 წლის იყო, დარჩა მეუღლე და ორი შვილი" - თავდაცვის უწყების სამძიმარი და სააკაშვილის გამოხმაურება უკრაინაში კიდევ ერთი ქართველის დაღუპვაზე

უკრაინაში, დონეცკის რეგიონის სოფელ ნოვოლუგანსკოესთან, საბრძოლო დავალებისას კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი, თადარიგის ოფიცერი დავით სიხარულიძე დაიღუპა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დავით სიხარულიძე 1973 წელს დაიბადა. ის 2010-2014 წლებში კრწანისის სასწავლო ცენტრში, განათლების სარდლობაში მსახურობდა. 2014 წელს კი მან შეიარაღებული ძალები საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა და უკრაინაში გაემგზავრა.

საქართველოს თავდაცვის უწყება, დაღუპული თადარიგის ოფიცრის, დავით სიხარულიძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულის ოჯახს უსამძიმრებს.

ჯარისკაცის გარდაცვალებას "ფეისბუკგვერდზე" გამოეხმაურა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც:

"კიდევ ერთი ქართველი ოფიცერი მამაცურად დაეცა დონბასში. დავით სიხარულიძე ოკუპანტების წინააღმდეგ ჯერ კიდევ 1992-1993 წლებში, აფხაზეთში იბრძოდა.

დაამთავრა საქართველოს სამხედრო აკადემია, ასევე სამხედრო სასწავლებელი გერმანიაში. 2015 წლამდე ქართული არმიის მაიორად მსახურობდა, შემდეგ ჩამოვიდა უკრაინაში და წავიდა პირდაპირ ბატალიონ "აიდარში". დაიღუპა სამხედრო დავალების შესრულებისას. დავითი 44 წლის იყო, დარჩა მეუღლე და ორი შვილი.

უკვე სათვალავი ამერია რამდენი ქართველი დაიღუპა რუსეთ-უკრაინის ომში. რამდენიმე ასეული ქართველი მოხალისე ახლაც იბრძვის უკრაინის დასაცავად, თუმცა პრეზიდენტის საზეიმო დაპირების მიუხედავად, დღემდე მათგან არავის მიუღია უკრაინის მოქალაქეობა. ყველაფრის მიუხედავად, ისინი განაგრძობენ ბრძოლას და სიკვდილს უკრაინისთვის, ისევე, როგორც 34 უკრაინელმა დადო თავი აფხაზეთში, არაერთი კი ბრძოლებისას დაიჭრა. უკრაინაში ბრძოლით ქართველები იხდიან ვალს უკარაინელი გმირების წინაშე და ასევე იბრძვიან საქართველოს თავისუფლებისთვის. ამასთანავე, უკრაინას მეორე სამშობლოდ მიიჩნევენ. შემთხვევითი არ არის უკრაინაში მებრძოლი უცხოელებიდან ყველაზე მეტი ქართველი რომ დაიღუპა".