ქართული მაყუჩიანი პისტოლეტი "მორიელი" - კვირის პალიტრა

ქართული მაყუჩიანი პისტოლეტი "მორიელი"

სტატიის ავტორს 25-წლიანი ჟურნალისტური საქმიანობის პერიოდში ასზე მეტი სხვადასხვა ტიპისა და დანიშნულების ცეცხლსასროლი იარაღი გამოუცდია, მაგრამ "მორიელმა" მაინც განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ამ სიაში.

არა იმიტომ, რომ ის ყველაზე უკეთესია, არამედ იმიტომ, რომ ის საქართველოშია აწყობილი, გამართულად ფუნქციონირებს და მისი გამოყენება შეიძლება ისეთი სპეციალური დავალებისთვის, რომლის ფარულად და უხმაუროდ შესრულებაა აუცილებელი.

"დელტას" დავალებით, ინჟინერ-კონსტრუქტორ გიორგი მამალაძის მიერ უმოკლეს დროში შექმნილი მაყუჩიანი ნახევრად ავტომატური პისტოლეტის, "მორიელის" გამოყენება შეიძლება მოწინააღმდეგის გუშაგის უხმაუროდ "მოსახსნელად" 10-15 მ სიშორიდან ან სულაც მნიშვნელოვანი მტრის სალიკვიდაციოდ.

იმის გამო, რომ შეიძლება "მორიელს" სპეციალური დავალების შესრულებამ მოუწიოს, ჩვენ მიერ ჩატარებული ტესტების მთავარი მიზანი გახლდათ, გაგვერკვია, რამდენად უხმაუროდ ისვრის ეს ქართული მაყუჩიანი პისტოლეტი.

თუ მხოლოდ ჰოლივუდის მძაფრსიუჟეტიან მხატვრულ ფილმებში "ისვრიან" მაყუჩიანი პისტოლეტები და ავტომატები უხმაუროდ? სინამდვილეში მაყუჩი მხოლოდ რამდენიმე დეციბელით ამცირებს გასროლის ხმას. მთავარია, ლულიდან ტყვიის გამოსვლის საწყისი სიჩქარე ჰაერში ბგერის გავრცელების სიჩქარეზე (331 მ/წმ ანუ 1 191 კმ/სთ დამოკიდებულია ჰაერის ტემპერატურასა და ატმოსფერულ წნევაზე) ნაკლებ მაჩვენებლამდე შემცირდეს.

უმაყუჩო პისტოლეტიდან 9 მმ ტყვიის გასროლისას წარმოქმნილი ხმაური დაახლოებით 110 დეციბელამდე აღწევს, ხოლო "მაკაროვის" მაყუჩიანი ვარიანტის - ПБ-ს შემთხვევაში ის 105 დეციბელამდე ეცემა.

ქართული "მორიელი" 9X17 მმ კალიბრის ვაზნების გამოყენებაზეა გათვლილი, რომლის ტყვიის საწყისი სიჩქარე ისედაც ბგერის სიჩქარეზე ნაკლებია. სწორედ ამან გააადვილა მაყუჩის გამოყენებით გასროლის ხმის შემცირება.

ტირში "მორიელის" ორ ათეულზე მეტი ტყვია ვისროლეთ. გასროლის ხმას მობილურ ტელეფონში ჩატვირთული სპეციალური აპლიკაციის გამოყენებით ვზომავდით. მართალია, ბგერის ხმის ძალა სპეციალური მიკროფონებით უფრო ზუსტად იზომება, მაგრამ პისტოლეტის ლულის ბოლოსთან მოთავსებულმა მობილურმა ტელეფონმაც მეტ-ნაკლებად ზუსტი მონაცემები გვიჩვენა.

მოხსნილი მაყუჩით "მორიელის" გასროლისას ხმამ 90 დეციბელამდე მიაღწია, ხოლო მაყუჩით 85 დეციბელამდე შემცირდა. ეს ექსპერიმენტი ათჯერ მაინც გავიმეორეთ და ყოველთვის ერთნაირი შედეგი მივიღეთ, ანუ მაყუჩმა გასროლა ხუთი დეციბელით შეამცირა, რაც სტანდარტული შედეგია.

პირადი შთაბეჭდილებით გეტყვით, რომ მაყუჩიანი "მორიელის" გასროლის ხმა მსროლელს მოგუდულად ესმის, ხოლო 10-15 მეტრში მყოფმა შეიძლება ვერ გაარჩიოს სროლის მიმართულება.

თუკი მოწინააღმდეგე მსროლელს ვერ აღმოაჩენს, ეს სპეცდანიშნულების რაზმის მებრძოლს საშუალებას მისცემს, ფარულად გაერიდოს სასროლ პოზიციას და სპეცდავალებაც წარმატებით შეასრულოს.

"მორიელის" ერგონომიკასა და ზოგიერთ დეტალს დახვეწა სჭირდება, თუმცა მისასალმებელია, რომ კონსტრუქტორმა ამ მაყუჩიანი პისტოლეტის ასაწყობად, ლულის ჩათვლით, მხოლოდ "დელტაში" დამზადებული დეტალები გამოიყენა.

"მორიელში" გამოყენებულია მაყუჩის პისტოლეტში ინტეგრირების სქემა, დაახლოებით ისეთივე, როგორიც აქვს "მაკაროვის" მაყუჩიან ვარიანტს, ПБ-ს. ფაქტობრივად, "მორიელს" ორი მაყუჩი აქვს - პირველი პისტოლეტის ლულაზეა ჩამოცმული, მეორე კი ლულის პირს ეხრახნება.

ძნელია თქმა, რამდენად დაინტერესდებიან ქართული სპეცსამსახურები მაყუჩიანი "მორიელით", მაგრამ ფაქტია, რომ "დელტას" ქართველ მეიარაღეებს აქვე დამზადებული დეტალებით შესძლებიათ ისეთი სპეცდანიშნულების ცეცხლსასროლი იარაღის აწყობა, რომლითაც შედარებით უხმაუროდ შეიძლება სპეცოპერაციის ჩატარება.