აფრიკელთა ტყვე ქართველი პილოტი ცოცხალია - კვირის პალიტრა

აფრიკელთა ტყვე ქართველი პილოტი ცოცხალია

თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკ სოსო ოსორაულის გამოხსნის პროცესში უცნაურობები ხდება...

აფრიკაში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ოთხი თვის წინ ტყვედ აყვანილი ქართველი, თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი სოსო ოსორაული დიდი ალბათობით ცოცხალია, თუმცა მაისის ბოლოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რატომღაც გაავრცელა ოსორაულის ახლობლებისთვის (და არა მარტო მათთვის) ძალზე შემაშფოთებელი ცნობა: "მივიღეთ ინფორმაცია, რომ კონგოში დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოხდა შეტაკება, რომელსაც მოჰყვა მსხვერპლი და სამწუხაროდ, შესაძლოა, იოსებ ოსორაულიც იყოს მათ რიცხვში."

"კვირის პალიტრამ" სცადა, კონგოში მყოფი ინფორმაციის წყაროს დახმარებით გაერკვია, რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს საგარეო საქმეთა სამინისტროს ეს შემაშფოთებელი განცხადება.

ჩვენ მიერ მიღებული ინფორმაციის თანახმად, სოსო ოსორაული ცოცხალია, მხოლოდ ერთი ბანაკიდან მეორეში გადაიყვანეს. მას ბანაკში თავისუფლად გადაადგილება შეუძლია. რაც ძალზე მნიშვნელოვანია, ოსორაული დიდი ხანია, აღარ არის კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ის ჯერ - რუანდაში, შემდეგ კი, სავარაუდოდ, უგანდაში გადაიყვანეს.

საქართველოს ხელისუფლებას არ მიუტოვებია თადარიგის ქართველი ოფიცერი, რომელიც საკუთარი ინიციატივით გაემგზავრა აფრიკაში. განვლილი ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები. თავდაპირველად მოთხოვნილი მილიონი დოლარი ტუტსის "23 მარტის მოძრაობის" ამბოხებულთა ლიდერებმა 150-200 ათასამდე შეამცირეს და სოსო უკვე სამშობლოში იქნებოდა, რომ არა ამბოხებულთა ლიდერებს შორის აზრთა სხვადასხვაობა. ზოგი მათგანი გამოსასყიდ თანხასთან ერთად, პოლიტიკურ მოთხოვნებსაც უყენებს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას ოსორაულის გათავისუფლების სანაცვლოდ, რისი შესრულება უფრო ძნელია, ვიდრე თანხის მოგროვება და გადახდა.

დაწვრილებით, თუ რა მოხდა ამა წლის 27 იანვარს კონგოში, როდესაც საქართველოს მოქალაქე ერთი მფრინავი ტყედ აიყვანეს, მეორე კი დაშავდა, თუმცა ტყვეობას გადაურჩა, დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია წაიკითხოს "კვირის პალიტრის" 6 თებერვლისა ("კონგოს ქართველი ტყვე") და 27 თებერვლის ("ტუტსის ტომი ქართველ ტყვეში მილიონ დოლარს ითხოვს!") სტატიებში.

ჩვენ კი დავძენთ: მიუხედავად იმისა, რომ სოსო ოსორაული პირადი ინიციატივით წავიდა აფრიკაში, თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის იმდენი აქვს გაღებული (თუნდაც აგვისტოს ომის დროს, როდესაც მისმა საშვეულმფრენო ესკადრილიამ საჰაერო დარტყმები მიაყენა შემოჭრილი მტრის საბრძოლო კოლონებს, რაც დიდი გმირობის ტოლფასი იყო, რადგან საჰაერო სივრცეს რუსული გამანადგურებლები და საზენიტო საშუალებები მთლიანად აკონტროლებდნენ), რომ უდავოდ იმსახურებს სამშობლოს დახმარებას ტყვეობიდან რაც შეიძლება მალე გამოსახსნელად.