რამდენად საშიში იყო "პითონები" თავისუფლების მოედანზე? - კვირის პალიტრა

რამდენად საშიში იყო "პითონები" თავისუფლების მოედანზე?

თავისუფლების დღის მოზეიმეები "სპაიდერის" საზენიტო "პითონებს" გარს ეხვეოდნენ, მაშინ, როდესაც ეს რაკეტები, სავარაუდოდ, საბრძოლო მუხტებით იყო აღჭურვილი...

26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის საზეიმოდ აღნიშვნისას თავდაცვის სამინისტრომ თბილისში, თავისუფლების მოედანზე, საბრძოლო ტექნიკის რამდენიმე სახეობა გამოფინა. ასეთი გამოფენა, სადაც ყველა მსურველს შეუძლია დაწვრილებით გაეცნოს ქართული არმიის ძირითად შეიარაღებას, უფრო მიმზიდველი და მოსახერხებელია, ვიდრე სამხედრო აღლუმზე ათიოდე წუთში ჩავლილი საბრძოლო მანქანები, რომლებთანაც მიახლოების საშუალება არ გაქვს.

თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ერთ მნიშვნელოვან ფაქტს გვინდა მივაქციოთ ყურადღება, რომელიც შეიძლება დიდი საფრთხე იყო თავისუფლების მოედანზე მოზეიმეებისთვის.

ყოფილი მერიის წინ წარმოდგენილი იყო ქართული არმიის საჰაერო თავდაცვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი ADMS, რომელიც "სპაიდერის" სახელითაც არის ცნობილი. რამდენიმე ასეთი კომპლექსი ქართულმა მხარემ ისრაელისგან 2008 წლის დასაწყისისთვის იყიდა და მათ აგვისტოს ომის დროს საქართველოს ცის დაცვამაც მოუწია და ერთი ან ორი რუსული თვითმფრინავიც ჩამოაგდეს თუ დააზიანეს.

საზენიტო "სპაიდერი" აგვისტოს ომის შემდგომაც რჩებოდა ქართული არმიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საიდუმლოდ, თუმცა უკვე რამდენიმე წელია, სხვადასხვა ღონისძიებაზე სახალხოდ გამოიფინება.

გამონაკლისი არც წლევანდელი 26 მაისი ყოფილა და ჩვენი შეშფოთებაც სწორედ "სპაიდერის" საზენიტო რაკეტებმა გამოიწვია.

მას ოთხი ცალი საზენიტო რაკეტა Python-4 აქვს. თითოული 103 კგ-ს იწონის და მაქსიმალურ 9 კმ მანძილსა და 4,5 კმ სიმაღლემდე შეუძლია საჰაერო სამიზნის დაზიანება, რისთვისაც 3 მ სიგრძის მართვადი რაკეტის შუა ნაწილში 7,5 კგ მასის საბრძოლო მუხტია განთავსებული.

შეშფოთების მიზეზი სწორედ ეს 7,5 კგ-იანი საბრძოლო მუხტები გახდა, რომლებიც, ჩვენი დაკვირვებით, მოხსნილი არ იყო და იდგა იმ ოთხივე საზენიტო რაკეტაზე, რომლებზეც ათობით ბავშვი დაძვრებოდა.

აღლუმებზე გამოყვანილ სარაკეტო დანადგარებს რაკეტების მაკეტები უმაგრდება, რომლებსაც არც სარაკეტო საწვავი აქვს (რაც არანაკლებ საშიშია აალებისა და აფეთქების შემთხვევაში) და მით უმეტეს - არც საბრძოლო ქობინები და მუხტები. მეტიც - აღლუმზე გამოსული სამხედროების საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან იღებენ ნემსას, რათა ავტომატის გასროლა შეუძლებელი იყოს.

თავისუფლების მოედანზე ბავშვებით დახუნძლულ "სპაიდერის" "პითონის" საზენიტო რაკეტებს ვერსად ვუპოვეთ წარწერა INERT, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ ისინი მაკეტები იყო და არა საბრძოლო რაკეტები. "პითონების" კორპუსებზე გამოსახული იყო რაკეტის ნომრები, რომელთა აფიშირება, ჩვენი აზრით, სულაც არ იყო საჭირო. აგვისტოს ომის დროს, მაგალითად, რუსულმა სამხედრო დაზვერვამ შეაგროვა ქართველი მეზენიტეების მიერ გაშვებული "პითონების" ფრაგმენტები და ზედ გამოსახული ნომრებით მოიპოვა საინტერესო ინფორმაცია - როდის იყო წარმოებული ისრაელში ეს საზენიტო რაკეტები და როდის გამოჩნდა ქართულ შეიარაღებაში.

საბრძოლო რაკეტებს და მათ შორის - "პითონებსაც" აქვთ დაცვის რამდენიმე დონე, რაც ართულებს რაკეტული ძრავის არასანქცირებულად ჩართვას და მით უმეტეს - საბრძოლო მუხტის დეტონაციას რაკეტის სტარტამდე, თუმცა უსაფრთხოების სრული გარანტია არ არსებობს. ოთხივე "პითონის" საზენიტო რაკეტის საბრძოლო მუხტების საერთო მასა კი 30 კგ-მდე აღწევდა...

ძალიან გაგვიხარდება, თუკი შევცდით და თავისუფლების მოედანზე გამოფენილი "სპაიდერის" "პითონებს" მოხსნილი ჰქონდა საბრძოლო მუხტები და ისინი საშიში არ იყო, მაგრამ თუ ჩვენი შეშფოთება საფუძველს მოკლებული არ იყო, მაშინ ვთხოვთ სამხედროებს, მომავალში უფრო წინდახედულად მოიქცნენ.

P.შ. მართლაც კარგი, ენერგიული ბავშვები გვეზრდებიან, ოღონდ ერთი რამ ვერ გაგვიგია - როგორ უნდა გამოიყვანო მწყობრიდან "გრადის" დასამიზნებელი მოწყობილობა და ისე დაამტვრიო ჯავშანმანქანის სახელურები, რომ კარები ვეღარ გააღო? თავისუფლების მოედანზე გამოფენილი ზოგიერთი ჯავშანტექნიკა დამთვალიერებელმა ბავშვებმა ისე დააზიანეს, რომ რემონტი სჭირდება, როგორც ომიდან დაბრუნებულს.