"კავკასიის არწივი" სამი ქვეყნის სპეცრაზმელების შესრულებით - კვირის პალიტრა

"კავკასიის არწივი" სამი ქვეყნის სპეცრაზმელების შესრულებით

ვაზიანის პოლიგონზე საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფებმა ერთობლივი საველე სწავლება ჩაატარეს

საქართველომ უმასპინძლა ერთობლივ სამხედრო სწავლებას - "კავკასიის არწივი 2017", რომელშიც ქართულ სპეცდანიშნულების დანაყოფებთან ერთად თურქი და აზერბაიჯანელი კოლეგებიც მონაწილეობდნენ.

ტაქტიკური, საცეცხლე, საინჟინრო და სხვა საბრძოლო ამოცანების შესრულება, მათ შორის - დასახლებულ პუნქტებში მოქმედების დახვეწა სპეციალური ოპერაციების ძალების ყოველდღიური საქმიანობაა, ოღონდ ქართველი სპეცრაზმელებისგან განსხვავებით, მათი თურქი კოლეგები ამ საქმეში გამოცდილებას სირიის საზღვართან და ქურთებთან ბრძოლებში იღებენ, ისევე როგორც აზერბაიჯანელი სპეცრაზმელები - მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში.

სპეცდანიშნულების ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, განსაკუთრებით - საქართველოსნაირი ქვეყნებისთვის, რომლებსაც მცირერიცხოვანი არმიები ჰყავს და მრავალრიცხოვანი და ძლიერი სავარაუდო მოწინააღმდეგის შეჩერება ერთიანი ფრონტის ხაზით არ შეუძლია.

როდესაც ბრძოლა ასიმეტრიულ ხასიათს იღებს, თავისი სიტყვა სწორედ სპეციალური ოპერაციების ძალებმა უნდა თქვან. მათ შეუძლიათ, პარტიზანული ბრძოლის ტაქტიკით მოწინააღმდეგეს ზუსტი, მტკივნეული დარტყმები მიაყენონ და სწრაფად შეიცვალონ პოზიცია, რათა საპასუხო გამანადგურებელი დარტყმა აიცილონ. ამის განსახორციელებლად კი სათანადო მობილურობაა საჭირო, რაც საჰაერო თუ საზღვაო დესანტირებითა და მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტით (მათ შორის ჯავშანმანქანებით) არის შესაძლებელი.

ვაზიანის პოლიგონზე საველე სწავლებისას ტაქტიკური საჰაერო დესანტის გადასასხმელად თურქეთის არმიის კუთვნილი "შავი ქორები" გამოიყენეს, რამაც დაამტკიცა, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმების მიერ დასახული საბრძოლო ამოცანის შესასრულებლად შვეულმფრენებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

სწორედ საშვეულმფრენო პარკის სიმცირე და სიძველეა ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალებს ძალზე გაურთულებს საჭირო შემთხვევაში დასახული საბრძოლო ამოცანის ოპერატიულად და წარმატებით შესრულებას.

საბჭოთა წარმოების, სხვადასხვა მოდიფიკაციის Vბ-8 ტიპის შვეულმფრენები, რომლებიც ტაქტიკური საჰაერო დესანტის გადასასხმელად შეიძლება იქნეს გამოყენებული, თავდაცვის სამინისტროს აღარ ჰყავს (არადა, მათი რაოდენობა ათიოდე წლის წინ ორ ათეულს აჭარბებდა), ხოლო უკვე მოძველებული და ამასთანავე, გასარემონტებელი რამდენიმე "იროკეზი" ვერაფერი ნუგეშია. თავის დროზე შეძენილი (ესპანეთშიც კი) სამი ორძრავიანი "იროკეზი" საფრენოსნო რესურსის გასახანგრძლივებელ სამუშაოებს უკვე წლობით ელოდება ანგარში. 2018 წლისთვის ამერიკულ მხარეს ჩვენთვის 18,5 მლნ ლარის საერთო ღირებულების ორი მოდერნიზებული "იროკეზი" უნდა გადმოეცა, მაგრამ ამ საჩუქარს ტყუილად დაველოდებით, რადგან ქართული მხარის თხოვნით, ეს თანხა შვეულმფრენების ნაცვლად, უცხოელი სამხედრო მრჩევლების კონსულტაციების ასანაზღაურებლად დაიხარჯება...

საქართველოსნაირი მთაგორიანი რელიეფის ქვეყნებისთვის გამართული შვეულმფრენების პარკი სასიცოცხლოდ აუცილებელია და არა მარტო - სპეცდანიშნულების რაზმების მოწინააღმდეგის ტაქტიკურ ზურგში გადასასროლად.

"კავკასიური არწივი 2017"-ს უდავოდ დიდი ინტერესით აკვირდებოდნენ როგორც მოსკოვში, ისე, განსაკუთრებით - ერევანში. ცხადია, სომხეთის ხელისუფლება ეჭვით უყურებდა როგორც სამი ქვეყნის - საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრების ამასწინანდელ შეხვედრას ბათუმში, ისე - ვაზიანში ჩატარებულ სპეცრაზმების ერთობლივ სწავლებას. გასაგები მიზეზების გამო, სომხეთი ყოველთვის მტკივნეულად აღიქვამს საქართველოს სამხედრო-პოლიტიკურ დაახლოებას თურქეთთან და განსაკუთრებით - აზერბაიჯანთან. მეზობლებთან მეგობრული ურთიერთობების გასაგრძელებლად საქართველოს მოუწევს ბალანსის შენარჩუნება აზერბაიჯანსა და სომხეთთან პოლიტიკურ და სამხედრო სფეროებში თანამშრომლობის დროს.