სამუზეუმო ექსპონატი მანქანა, ანუ "სა გიყიდიენ, თვალები არ გქონდა?!" - კვირის პალიტრა

სამუზეუმო ექსპონატი მანქანა, ანუ "სა გიყიდიენ, თვალები არ გქონდა?!"

ზაფხულის დადგომისთანავე ჩემმა მოგზაურობის მოყვარულმა მეგობარმა დევიდმა დასავლეთ საქართველოში მოგზაურობა შემომთავაზა. შვედი მეგობარი ჩამომდის და მინდა, საქართველო დავათვალიერებინოო, მითხრა. დევიდ დუმონტი ჩემი გერმანელი მეგობარია, რომელიც უკვე თითქმის 2 წელია, სოფელ გრემში, საქველმოქმედო კავშირში "თემი" მოხალისედ ჩამოვიდა. მართალია, თავდაპირველად 1 წელი აპირებდა საქართველოში დარჩენას, მაგრამ როგორც ამბობს, ჩვენმა ქვეყანამ ისე მოაჯადოვა, 2 წელია, აქ არის.

როცა მოგზაურობა შემომთავაზა, პირველად ის ვკითხე, რა ტრანსპორტით ვაპირებდით მოგზაურობას. დევიდს ძველი "ჟიგული" ჰყავს, რომელიც თითქმის 2 წლის წინ კახელებმა მამასისხლად მიჰყიდეს, მის "ლონდრეს" კი (ეს სახელი მანქანას "თემში" მცხოვრებმა ბავშვებმა შეარქვეს) ამ ბოლო დროს უცნაური სიჯიუტე დასჩემდა, ხანდახან შუა ქუჩაშიც "მისდის გული". მოკლედ, გაირკვა, რომ დევიდი ჩემთან და კიდევ 2 მეგობართან ერთად "ლონდრეთი" აპირებდა ჯერ ვარძიის დალაშქვრას, შემდეგ კი გოდერძის უღელტეხილის გადავლას და მაღალმთიანი აჭარის დათვალიერებას. ღამით კარვებში დავიძინებთო, - დააყოლა საუბრის დასასრულს. სიმართლე გითხრათ, მის წინადადებაზე ბევრი არ მიფიქრია, არც მანქანის გაუმართაობას შევუშინებივარ და მოგზაურობაზე თანხმობა განვუცხადე.

გამგზავრება შაბათ დღეს დავგეგმეთ და შევთანხმდით, რომ დევიდი სახლში მომაკითხავდა, მაგრამ სანამ მოაღწევდა, ჩემი სახლიდან ორასიოდე მეტრის მოშორებით შუქნიშანთან მოულოდნელად დამუხრუჭებულ ტოიოტას დაეჯახა და ბამპერსა და საბურავის დამცველში, რომელიც ოდნავ იყო გაფხაჭნილი, მძღოლმა ათასი ლარი მოსთხოვა. მძღოლი დაზიანებული ნაწილების შეკეთებაზე ვერ დავიყოლიეთ, ახლის ყიდვას ითხოვდა. როგორც ჩანს, ჩემი გერმანელი მეგობარი მილიონერი ეგონა, ხელის მოთბობა გადაწყვიტა და დევიდმაც დაზარალებულ მძღოლს ფული ხელში ჩაუთვალა. ავარიის ადგილზე მოსულმა პატრულის თანამშრომლებმა ჩვენი მანქანა კარგა ხანს ათვალიერეს და ბოლოს გაკვირვებულებმა მკითხეს, გაფიცებ, სად იშოვა ამ გერმანელმა ეს მანქანაო? კახეთში-მეთქი, გავუღიმე... მიუხედავად ამ შემთხვევისა, მოგზაურობის შეწყვეტა აზრადაც არ მოგვსვლია. დევიდმა მე, ნინიკო და მიკე მანქანაში შეგვყარა და დასავლეთისკენ დავიძარით.

გზაზე შემხვედრ მძღოლებს ჩვენი მანქანის დანახვისას უცნაური რეაქცია ჰქონდათ. ჯერ დაგვისიგნალებდნენ, ფანჯრიდან თავს გადმოყოფდნენ, გაოცებულები გვათვალიერებდნენ, მერე გაოცების ნიშნად ხელებს გაასავსავებდნენ და გზას აგრძელებდნენ. - ამათ ჰგონიათ, "ლონდრეს" როგორი გარეგნობაც აქვს, ისევე დადის, ჩემმა მანქანამ ამ ბოლო დროს აურია, თორემ ხომ გახსოვს, ჩიტივით რომ დაფრინავდა? - სიცილით მეკითხებოდა დევიდი. მართლაც, ჩემმა მეგობარმა წლობით კუნძებზე შეყენებული "ჟიგული" "საიქიოდან მოაბრუნა". მისი ყიდვის დღიდან 2 თვე მანქანიდან არ გამომძვრალა. მაზუთისგან გაშავებული ხელებიც დიდხანს ვერ გაითეთრა.

პატარა ავარიამ დიდი დრო დაგვაკარგვინა და უკვე ღამე იყო, ნინოწმინდაში რომ ჩავედით. ქალაქის გარშემო ტყე ვერ ვიპოვეთ, სადაც კარვებს გავშლიდით და დევიდი მაღაზიაში შევიდა, - გამყიდველს ვკითხავ, აქ სადმე სასტუმრო თუ იქნებაო. მე ამ ქალაქში ადრეც ვიყავი და კარგად ვიცოდი, ქართულად იშვიათად თუ ლაპარაკობს ვინმე. მართლაც, ცოტა ხანში უკან გამობრუნდა, გამყიდველმა ქართული არ იცის და წადი, იქნებ რუსულად გითხრას რამეო. რუსულმა გაჭრა, იმ ქალმა სასტუმროს გზა მიგვასწავლა და იქ დავბინავდით. დილით კი ვარძიისკენ გავეშურეთ.

ულამაზესმა ადგილმა ჩვენი შვედი სტუმარი ისე აღაფრთოვანა, ერთ ადგილზე ვერ ვაჩერებდით. ვარძიაში ერთ-ერთ ექსკურსიას შევუერთდით, პატარებს თავისივე მასწავლებელი უწევდა გიდობას, მე კი მის ნათქვამს მეგობრებს ვუთარგმნიდი. თაკარა მზეში დაღლილ ბავშვებს მოსმენის თავიც არ ჰქონდათ და როცა მასწავლებელმა თქვა, ვარძიაში სულ 365 სენაკიაო, ერთმა შეშინებულმა იკითხა, მასწ, ყველა უნდა ვნახოთ დღესვეო? ექსკურსიის შემდეგ პარკინგის ადგილზე დავბრუნდით, სადაც "ლონდრე" გველოდებოდა და დევიდი ერთი შეხედვით მიხვდა, რომ რაღაც უჭირდა. მოკლედ, მანქანას რაღაც გაუფუჭდა და უახლოეს ქალაქამდე ძლივს მივაღწიეთ. შეკეთების შემდეგ კი ახალციხისკენ გავწიეთ. ახალციხეში რომ გაიგეს, ბათუმში გოდერძის უღელტეხილით ვაპირებდით წასვლას, გვირჩიეს, ამ მანქანით იმ უღელტეხილს ვერ გადაივლით, დატოვეთ და ბათუმში სხვა გზით წადითო. რა თქმა უნდა, მანქანა არ დაგვიტოვებია, უღელტეხილს რომ შევუდექით, მე და მიკე მანქანის სახურავზე მოვთავსდით, საიდანაც არაჩვეულებრივი ხედი იშლებოდა და მთელი გზა ასე გავიარეთ.

"ლონდრემ" უღელტეხილზე "გმირულად" იარა, მიუხედავად იმისა, რომ რადიატორში წყალი ყოველ 10 წუთში დუღდებოდა და მის გასაგრილებლად გუბის წყალს ვიყენებდით. უღელტეხილზე, სოფელ პერევალში რომ მივედით, აჭარლების გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა: ძველი "ჟიგული", რომელსაც ცალი კარი წითელი აქვს, მანქანაში ჩამოკიდებული აიპადი, რომელიც გზას გვიჩვენებდა, მანქანის სახურავზე დალაგებული ლეიბები და მასზე დასკუპებული 2 კაცის დანახვისას სიცილს ვერ იკავებდნენ. სოფლის თავში პოლიციელმაც შეგვამჩნია და სახურავიდან ჩამოსვლამ მოგვიწია, დარჩენილი გზა მშვიდად ვიმგზავრეთ.

ბათუმში "ლონდრეს" კიდევ ერთხელ დასჭირდა შეკეთება და როცა პროფილაქტიკაში მივედით, ხელოსანი ჯერ კუნძზე ჩამოჯდა და რამდენიმე წუთი იცინა, მერე მანქანას გარშემო შემოუარა და - აგი დადისო? - გვკითხა. ძლივს დავაჯერეთ, რომ ამ მანქანით დევიდი კახეთიდან ჩამოვიდა და რაც მთავარია, გოდერძის უღელტეხილი გადაიარა.

- რაია, ჭოვ, ამფერი მანქანა მისდღემჩი არ მინახავს, სა გიყიდიენ, თვალები არ გქონდა? საიდან ჩამოი შენ? გერმანიიდან? ჭოვ, გერმანიიდან ჩამობლაყუნდი და ამფერი მანქანა იყიდე აქანა? ამით მოი კახეთიდან, თან? შენ წინა კვირას წამოხვიდოდი, აბა, გუშინ-გუშინწინ რომ წამოსულიყაი, ჯერ თბილისს ვერ გამოცდებოდი. ივლის, ალბათ, შენი მანქანა პანაშვიდიდან გამოქცეულივით...

როგორც იქნა, ჩვენი მძღოლი მანქანის შეკეთებაზე დავიყოლიეთ და როგორც კი მანქანის დასაქოქად წინა სავარძელზე დაჯდა:

- ჭოვ, აი "ვიკლუჩატელი" რა ჯანდაბად დუუყენებიათ, სადაა "ზამოკი"? მისთვის კიდევ ერთი სიურპრიზი "ლონდრეს" დაქოქვის მექანიზმი იყო. მაშინ, როცა დევიდს დაქოქვისას მესამედ გაუტყდა გასაღები, ე. წ. "ზამოკი" მთლიანად მოაძრო და ჩვეულებრივი დენის ჩამრთველი დააყენა. მოკლედ, მანქანა "ანთებისას იქოქება". ჩვენმა მანქანამ ბათუმელებიც გადარია, სადაც გავჩერდებოდით, ყველა სამუზეუმო ექსპონატივით ათვალიერებდა და ხუმარა აჭარლები დევიდს "ლონდრეს" "ცე კლასის მერსედესში" უცვლიდნენ.

მოგზაურობის დასასრულს ქუთაისში გამოვიარეთ, შემდეგ კი თბილისისკენ გამოვეშურეთ, მაგრამ ჩვენმა "რაშმა" არც ამჯერად უღალატა ჩვევას და რიკოთის უღელტეხილზე გაფუჭდა. ამჯერად ღვედი გაწყდა და დასახმარებლად მოსულმა პატრულის თანამშრომლებმა დევიდი 20 კილომეტრის მოშორებით მდებარე სოფელში გააყოლეს გამვლელ მძღოლს ღვედის საყიდლად. სანამ ჩემი მეგობარი დაბრუნდებოდა, მათაც გულიანად იხალისეს მანქანაზე.

თბილისში გვიან ღამით დავბრუნდით და ამჯერად "ლონდრემ" ჩემი უბნელები გააოცა. სახლში დაბრუნებულმა ჩვენს მოგზაურობაზე ბევრი ვიფიქრე. მიუხედავად იმისა, რომ მანქანის შეკეთებამ დიდი დრო დაგვაკარგვინა, მივხვდი, ასე მოგზაურობა გაცილებით საინტერესოა. დიახ, "ნაფრონტალი" და წითელკარიანი მანქანით დასავლეთი საქართველო ხალისიანად შემოვიარეთ.

ელენე ბასილიძე (სპეციალურად საიტისთვის)