საბჭოთა სახელმწიფო თავგანწირვით ფხეკდა ისტორიიდან ამ დღეების გმირებს - კვირის პალიტრა

საბჭოთა სახელმწიფო თავგანწირვით ფხეკდა ისტორიიდან ამ დღეების გმირებს

თურქეთის არმიის სარდალმა ქიზიმ ბეიმ მუსლიმანი ქართველობის გადაბირება მოინდომა და მემედ აბაშიძისგან პასუხიც მიიღო: - ჩვენ, ქართველები დედა საქართველოსთან ვართ მიერთებული, მაგაზე არც იოცნებოთო! გაცოფებულმა ქიზიმ ბეიმ შიმშილობითა და ომებით დასუსტებულ ბათუმს შეუტია და ყველა სტრატეგიული პუნქტი დაიკავა. თუმცა ხელი არ უხლია საქართველოს მთავრობისთვის, რომელიც პორტში გემ "ჟოზე მირიელაზე" იდგა და წასასვლელად ემზადებოდა... გამწარებულმა გენერალმა მაზნიაშვილმა გასაქცევად გამზადებულ მთავრობას სულ გამყიდველები ეძახა და "მკვდარი და ცოცხალი" დაახურა თავზე, - მხდალებო, ვირთხებო, გამყიდველებოო... სამი წელიწადი კბილით ეჭირა საქართველო და მზად იყო ბრძოლას გარიდებული მთავრობაც დაეგლიჯა. ჯარიც აღარ ჰყავდა - დაშლილი, ბრძოლაში სანახევროდ გაწყვეტილი, მშიერი გვარდია შინ მიეშურებოდა. ეს საბედისწერო წამი იყო და ის მოწამებრივმა კადრმა დააგვირგვინა - იმ დღეს ბათუმის სანაპიროდან დაინახეს, როგორ ჩამოვიდა "ჟოზე მირიელას" ტრაპიდან კაცი, რომელსაც ორი პატარა ხელში ჰყავდა აყვანილი. გვერდით კი ცოლი მოჰყვებოდა ბარგით. ის კაცი დამოუკიდებელი საქართველოს პირველი სამხედრო მინისტრი გრიგოლ ლორთქიფანიძე იყო...

გრიგოლ ლორთქიფანიძე (1881-1937)

პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია (1902), სწავლობდა ნოვოროსიის უნივერსიტეტში, ჯერ სამედიცინო, შემდეგ ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. რევოლუციურ საქმიანობაში მონაწილეობისათვის დააპატიმრეს, შემდეგ რუსეთში გადაასახლეს. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის დროს რუსეთში იმყოფებოდა. იყო ბელგოროდის ოლქის ერობის სახალხო გაზეთის რედაქტორი. 1918-1921 წლებში, სხვადასხვა დროს, საქართველოს სამხედრო და განათლების მინისტრისა და მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობები ეკავა. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დროს მოლაპარაკებას აწარმოებდა რევკომთან. 20-იან წლებში რუსეთში გადაასახლეს. გრ. ლორთქიფანიძე 1937 ჩეკას ჯურღმულებში დახვრიტეს.

KvirisPalitra.Ge...

ვლადიმერ ულიანოვს არც უფიქრია ქართველებისთვის რაიმე ეკითხა, ისე მიაჩუქა თურქეთს ყარსი და არტაანი, სამაგიეროდ, რევოლუციის მონაპოვრის შენარჩუნების გარანტია მიიღო. პატრონი აღარავინ იყო, ისევ თავზარდაცემული მუსლიმანი ქართველობა შეიკრიბა, პეტიცია შეადგინა და ბათუმი "ღვთისა და ქვეყნის წინაშე საქართველოსთან შეერთებულად" გამოაცხადა. პეტიციის ერთი ასლი საქართველოს "ჩემოდნებზე ჩამომსხდარ" მთავრობას გაუგზავნეს, მეორე - პარიზის კონფერენციას. მუსლიმან ქართველთა მცდელობამ ევროპა თანაგრძნობით კი განაწყო, მაგრამ რა? საქართველოს ვერც ყარსი დაუბრუნა და ვერც არტაანი, ბათუმიც ათასნაირი ჯურის ადამიანს დარჩა სათარეშოდ. ამასობაში თურქეთის არმიის სარდალმა ქიზიმ ბეიმ მუსლიმანი ქართველობის გადაბირება მოინდომა და მემედ აბაშიძისგან (დახვრიტეს 1937 წელს) პასუხიც მიიღო: - ჩვენ, ქართველები დედა საქართველოსთან ვართ მიერთებული, მაგაზე არც იოცნებოთო! გაცოფებულმა ქიზიმ ბეიმ შიმშილობითა და ომებით დასუსტებულ ბათუმს შეუტია და ყველა სტრატეგიული პუნქტი დაიკავა. თუმცა ხელი არ უხლია საქართველოს მთავრობისთვის, რომელიც პორტში გემ "ჟოზე მირიელაზე" იდგა და წასასვლელად ემზადებოდა...

ნოე ჟორდანიას სხვა ძალა აღარ ჰქონდა - ციხიდან ბოლშევიკი სერგო ქავთარაძის გამოშვება ბრძანა, გემზე აიყვანა და დაუბარა, - ახლა შენიანები მოდიან, ბათუმს თურქებს ნუ დაანებებთ, გენერალ მაზნიაშვილს დაგახმართო, მაგრამ გამწარებულმა მაზნიაშვილმა ნოე ჟორდანიასაც, კომისარ სერგო ქავთარაძესაც და გრიგოლ ლორთქიფანიძესაც სულ გამყიდველები ეძახა. სამი წელიწადი კბილით ეჭირა საქართველო და მზად იყო ბრძოლას გარიდებული მთავრობაც დაეგლიჯა. ჯარიც აღარ ჰყავდა - დაშლილი, ბრძოლაში სანახევროდ გაწყვეტილი, მშიერი გვარდია შინ მიეშურებოდა. ეს საბედისწერო წამი იყო და ის მოწამებრივმა კადრმა დააგვირგვინა - იმ დღეს ბათუმის სანაპიროდან დაინახეს, როგორ ჩამოვიდა "ჟოზე მირიელას" ტრაპიდან კაცი, რომელსაც ორი პატარა ხელში ჰყავდა აყვანილი. გვერდით კი ცოლი მოჰყვებოდა ბარგით. ის კაცი გრიგოლ ლორთქიფანიძე იყო...

შემდეგ ბათუმის რევკომის თავმჯდომარე სერგო ქავთარაძე ათეული წლები ჰყვებოდა, როგორ გადაარჩინა მე-11 წითელმა არმიამ ბათუმი. მაგრამ ერთხელ მანაც თქვა სიმართლე... ისეთ დროს, როცა ყველა მართალია - სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე. სიმართლე კი ასეთი იყო...

...

არავინ იცის, რა სიტყვით, საქმით და მაგალითით მოახერხა გრიგოლ ლორთქიფანიძემ მოსისხლე მტრების - გენერალ მაზნიაშვილისა და ბოლშევიკ ქავთარაძის ერთმანეთთან შერიგება ან ყოფილი ჯარისკაცების, სომხების, ინტელიგენციის, ქრისტიანების და მაჰმადიანების, ქალებისა და კაცების ერთ მუშტად შეკვრა, მაგრამ მას მხოლოდ ორი დღე დასჭირდა იმისთვის, რომ გაცოფებული გენერალი მაზნიაშვილი მოსისხლე მტრებთან, ბოლშევიკებთან გამოცხადებულიყო და ეპატაკა: - ბათუმში არც ერთი შეიარაღებული თურქი ასკერი აღარ არისო. ეს პატაკი მან 1921 წლის 20 მარტს ჩააბარა, მე-11 წითელი არმია კი, მხოლოდ 21 მარტს შევიდა ბათუმში. იმავე 20 მარტს თურქეთის პოლკოვნიკს, ქიზიმ ბეის, რომელსაც ბათუმის ფოსტა-ტელეგრაფის შენობაში ჰქონდა შტაბი, გენერალი ხელშეუხებლობას დაჰპირდა, თუ ქალაქს დაუყოვნებლივ დატოვებდა. ქიზიმ ბეიმ პასუხად საჭმელი მოითხოვა. ქართველებმა სურსათი კალათებში ჩააწყვეს, შენობის აივნებზე თოკებით ააწოდეს, ჭამა აცალეს, მერე ამალიანად წინ გაუშვეს და მთელი ქალაქის თვალწინ ჭოროხამდე მიაცილეს და... გზაც დაულოცეს.

საბჭოთა სახელმწიფო თავგანწირვით ფხეკდა ისტორიიდან ამ დღეების გმირებს, მაგრამ გმირთა სისხლი ცას შეჰღაღადებს, ბათუმისთვის ბრძოლის არქივი კი უცხოეთში გადახვეწილმა ქართველებმა შეინახეს...

"ჩვენი არსება ერთი წუთით ვერ შერიგებოდა იმ აზრს, რომ ქალაქი ბათუმი ან რომელიმე ნაწილი ჩამოეგლიჯებოდა საქართველოს. მოხდა საკვირველება - გუშინდელი უგზო-უკვლოდ დაყრილი არმია ლომ-გმირებად გადაიქცა თურქეთთან წინააღმდეგ ბრძოლაში. აქ უნდა გენახათ ქართველი ჯარისკაცი, რომ მისი პატივისცემით განმსჭვალულიყავით. ათი ოცს ჯობდა, ოცი - ორმოცს და ორმოცი კიდევ - ასს. თითქოს ქართველი აქ მრავალხანობით დაგუბებულ ბოღმას და ჯავრს თურქებზე ანთხევდა. და როდესაც მსხვერპლს აზიზიეს მოედანზე ვასაფლავებდით, მოვიდა მტრის ცხენოსანი რაზმის უფროსი და მითხრა: - მამაცი ჯარი გყოლიათ, რომელსაც ჩვენი ჯარისკაცი ვერ შეედრება. ასეთ თავგანწირულ ბრძოლას, როგორიც მე აქ ვნახე, ჩვენი ჯარი ვერ გაუძლებდაო", - წერს საფრანგეთში ლტოლვილი მთავრობის წევრი დავით საღირაშვილი მოგონებებში.

ამ ორ დღეში დახოცილი გმირები აზიზიეს მოედანზე დაკრძალეს (შემდგომში საბჭოთა მთავრობამ საფლავები გადაასწორა და ლენინის ძეგლი დადგა), გადარჩენილები და სისხლისგან დაცლილები კი სახლებში წალასლასდნენ.

გრიგოლ ლორთქიფანიძეს კი ბოლშევიკებისკენ აღარც გაუხედავს და ბრძოლიდან პირდაპირ ვანში, სოფელ ისრითში წავიდა... ვაზის გასაშენებლად. თავად მიხედეს, დაიჭირეს და ჯერ ვანის ციხეში ჩასვეს, შემდეგ - ქუთაისის, შემდეგ - მეტეხის, იქედან კი სუზდალის ციხისკენ გაუყენეს გზას. იქ დაწერა "ფიქრები საქართველოზე", რის გამოც 1937 წელს დახვრიტეს. თუმცა წერილები გადარჩა და მას გრიგოლ ლორთქიფანიძის ოჯახი მალავდა XX საუკუნის 90-იან წლებამდე. მისი წერილებიც ბრძოლის ველი იყო - სტალინისთვის ძეხორციელს არ გაუბედავს ის, რასაც გრიგოლ ლორთქიფანიძე უბედავდა:

"რომის ტრიუმფებში მონაწილეობდა საგანგებო მონა, რომელიც გამარჯვებულს შეახსენებდა შეცდომებს და ბედის ცვალებადობას... დღეს თქვენ ტრიუმფატორი ხართ, მაგრამ მე არ ვდგავარ რა ტრიუმფატორის ეტლის სატერფალზე, მაინც მივცემ ჩემს თავს უფლებას, რომ შევიტანო დისონანსი იმ ხოტბა-დიდების ქოროში, რომელიც თავს გახვევიათ...

ღრმად პატივცემულო იოსებ ბესარიონის ძევ...

საქართველოს ბედი უკუღმა შემობრუნდა. საბჭოთა-თურქეთის შეთანხმებისა და შინა გამიჯვნის შედეგად საბჭოთა საქართველოს თავისი ტერიტორიის სულ ცოტა მეხუთედი ჩამოეჭრა, აქედან უმეტესი ნაწილი თურქეთს ერგო... მან არდაგანისა და ართვინის ოლქებთან ერთად ახალციხის, მტკვრის ხეობისა და აჭარის კარის გასაღებიც, ფოცხოვის რაიონიც მიიღო. არათუ დაკმაყოფილდა აზერბაიჯანის პრეტენზიები ზაქათალის ოლქის ზოგიერთ ნაწილზე, არამედ მთელი ოლქი გადაელოცა აზერბაიჯანს. ამას ზედ დაერთო კახეთში ურიქთარის ველის ზოლი, ყარაიაზის ველის ნახევარზე მეტი დავით-გარეჯის რაიონითურთ. ეგებ შირაქის ველიც მიართვათ ხონჩით მის უდიდებულესობას აზერბაიჯანს ან პირდაპირ შეუერთოთ მას მთელ აღმოსავლეთ კახეთთან ერთად!

მოძმე აზერბაიჯანმა ზაქათალაში ფუძეებიდან აჰყარა ინგილო ქართველები და განა მხოლოდ აზერბაიჯანმა, ყველა საბჭოთა რესპუბლიკებიდან მთლიანად ან ნაწილობრივ გამორეკეს ქართველები. მაგალითად, ალაქირიდან (ჩრდილოეთ ოსეთი), სოჭის, ტუაფსეს რაიონებიდან და ასე შემდეგ. რევოლუციის შემდეგ არაერთ ქართველს არ მიეცა მოძმე საბჭოთა რესპუბლიკებში დასახლების საშუალება. თუმცა, დიდის რიხითა და ზარ-ზეიმით განაცხადეს, რომ უკვე გადაწყვეტილია სოჭის რაიონში პირველი ათი ათასი უმიწაწყლო ქართველის გლეხის ჩასახლების საკითხი. სამაგიეროდ, სხვა მიწებით მდიდარი რესპუბლიკებიდან ხალხის მცირემიწიან საქართველოში ჩამოსახლება დღემდე გრძელდება...

საბჭოების თავმჯდომარემ ბუდუ მდივანმა საბჭოების პირველ ყრილობაზე თქვენი თანდასწრებით ომახიანად განაცხადა, საბჭოთა საქართველოს საზღვრების აქტებს წაუკითხავად ვაწერდი ხელსო. ჰოდა ჩამოგვეჭრა ტერიტორია რაჭაში მამისონის უღელტეხილი, სამხრეთ ოსეთის მიწები... ასე უსწორდებით საქართველოს. მან საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ერთადერთმა მიიღო ევროპის სახელმწიფოთა სრული ფაქტობრივი და იურიდიული აღიარება, რადგანაც ის მეფის რუსეთის დამარცხებისა და რევოლუციის გამარჯვების ნიადაგზე აღმოცენებული სახელმწიფო იმპროვიზაცია კი არ გახლავთ, არამედ ერი (თუმცა ნაგვემ-ნაჩეხი), ვინც ათასწლეულებში გამოატარა თავისი რაობა, კულტურა და სახელმწიფოებრიობა".

აი, ამ წერილმა გაუწყვიტა მოთმინების ძაფი სტალინს და... უსაფლავოდ დატოვა გრიგოლ ლორთქიფანიძე, მაგრამ დარჩა ისევ ციხიდან გამოგზავნილი წერილი შვილებისთვის:

"თუ ვინიცობაა, არ ვეღირსო სამშობლო მიწის გულში ჩასვენებას, მე ავირჩევდი დავფლულიყავი არა იქ, სადაც მე დავიბადე, არცა ჩვენს ძვირფასსა და სანუკვარ ტფილისში, არამედ იმ მხარეში, სადაც დაიბადა და დაირწა ქართველი ხალხის კულტურის აკვანი... მესხეთის რომელიმე ნაწილში... სადაც მომავალში იქნება და უნდა იქნეს დიდი გზაჯვარედინი, როდესაც თავისუფალი, აღორძინებული, ფრთაგაშლილი ჩვენი სამშობლო გაიყვანს დიდ რკინიგზებს ქუთაისიდან არტაან-ერუშეთზე და ბათუმი-ქედა-ხულო-ბერნარამდე და ბორჯომ-ჯავახეთისკენ. ეცადეთ, რაც შეიძლება მეტი თანამგრძნობი იპოვოთ ამ საქმეში. თუ შესაძლებელი იქნება ჩემი წამოსვენება სამშობლოში, დამფალით დაახლოებით ახალციხის ან მის რაიონში, იმავე ბერნართან ახლოს..."