ნეტავ, ვისი ბრალია? - კვირის პალიტრა

ნეტავ, ვისი ბრალია?

ჩვენ, ქართველები, ბუნებით მაქსიმალისტები ვართ: არასოდეს გვაკმაყოფილებს უკვე არსებული და ყოველთვის გაუმჯობესებისკენ მივილტვით. ალბათ ამიტომაც უკვე ჩვევად გადაგვექცა ყველასი და ყველაფრის კრიტიკა. გვიყვარს საზოგადო მნიშვნელობის თემებზე საუბარი, განვიხილავთ ქვეყნის ჭირ-ვარამს, პრობლემას პრობლემაზე ვამატებთ და ყოველ წამს ვიმეორებთ: "გვეშველება რამე?". დიახ, ჩვენ გვანაღვლებს ჩვენი სამშობლოს დღევანდელი მდგომარეობა, მაგრამ...

ნეტავ, ვისი ბრალია?

ქუჩაში და ტრანსპორტშიც კი არასოდეს გვტოვებს ფიქრი და წუხილი იმის შესახებ, რომ ევროკავშირში ვერა და ვერ შევდივართ: ერთმანეთს ვუზიარებთ ევროინტეგრაციის გეგმის საკუთარ ვარიანტებს, გვაწუხებს, რომ საქართველოში არადა არ გამოჩნდა ადამიანი, რომელიც სწორად წარმართავს ქვეყნის მამოძრავებელი მანქანის საჭეს. ჰოდა, ამ ფიქრებით აფორიაქებულნი პირდაპირ ქუჩაში ვყრით ნებისმიერ ნაგავს, რომელიც ხელში მოგვხვდება, ან ცხელ გულზე ჯავრს ტრანსპორტის სავარძლებსა თუ მინებზე ვიყრით. აბა, ამდენს ვმსჯელობთ, ვკამათობთ, მაგრამ მაინც ვერ ვუახლოვდებით ევროპას!

ნეტავ, ვისი ბრალია?

დიდი სჯა-ბაასის შემდეგ, რა თქმა უნდა, გადავწვდებით ძლიერთ, ამა ქვეყნისა: ვაკრიტიკებთ მათ თვიანთი უნიათობის გამო, თვლყურს ვადენებთ მათს თითოეულ ნაბიჯს. ვამბობთ, რომ არ ვერევით პოლიტიკაში, მხოლოდ განვიხილავთ მას: პოლიტიკა ხომ პოლიტიკოსების საქმეა! იმ პოლიტიკოსებისა, რომლებიც სწორედ ჩვენი მეშვეობით მოხვდნენ იქ, „ზევით, როცა მორიგ არჩევნებზე ჩვენი მოქალაქეობრივი ვალი შევასრულეთ. არჩევნებიდან არჩევნებამდე კი ვთვლით, რომ დანარჩენი უკვე ჩვენი საქმე აღარ არის. პროგრესი კი, რატომღაც ჯერ ძალიან შორსაა:

ნეტავ, რისი ბრალია?

თუმცა არც მთლად ეგრეა საქმე, რომ სულ უმოქმედოდ ვიყოთ და კრიტიკის გარდა არაფერს ვაკეთებდეთ: რაღაც პერიოდის შემდეგ ვხვდებით, რომ უბრალო სჯა-ბაასი ბევრს არაფერს მოგვიტანს და საქმეზე გადავდივართ. საქმე კი ისევ და ისევ ქუჩის მშვიდობიანი დემონსტრაციებია, წელიწადში ერთხელ მაინც დედაქალაქის ცენტრში "კემპინგს" ვაწყობთ. აბა, სხვანაირად როგორ შეიძლება? უსაქმურობა ადამიანის პირველი მტერია, აქციებზე კი კარგად ვერთობით და დროსაც შესანიშნავად ვკლავთ. ვითხოვთ ვადამდელ ცვლილებებს: აბა, პროგრესს ვერ ვხედავთ და... შემდეგ კი, უშედეგოდ გარჯილები ისევ შინ  ვბრუნდებით და ვაგრძელებთ სჯა-ბაასს საქართველოს ბედის ბორბლის შესახებ, რომელიც ისევ უკუღმა ტრიალებს და...

ნეტავ, ვისი ბრალია?

ეჰ, სადღაა ძველი დრო: მაშინ ხომ ყველაფერი კარგად იყო: ხალხს სამსახური ჰქონდა, პურის ფულს ყოველთვის შოულობდა და თუ წყნარად იქნებოდა, არც იმის შიში ჰქონდა, რომ მის ცხოვრებისეულ იდილიას რამე დაემუქრებოდა. "შიში შეიქმს სიყვარულსაო," იმ პერიოდზეა ნათქვამი: ყველას ყველასი ეშინოდა, ამიტომაც ზედმეტი სიტყვა არავის წამოსცდებოდა, ჰოდა ყველაფერი კარგად იყო. დღეს კი რა ხდება? ღამით ვერ დაგიძინია იმაზე ფიქრით, რომ გუშინ, ვიღაც ვიგინდარამ, რომელსაც ავტობუსში ამაყად განუცხადე, ამ მთავრობას მე მგზავრობაში ფულს არ ვუხდიო, მთელი ხუთი ლარით დაგაჯარიმა! აბა ეს ცხოვრებაა? ვინ მიგვიყვანა ამ მდგომარეობამდე?

ნეტავ, ვისი ბრალია?

KvirisPalitra.Geამ ყველაფრის შემდეგ კი, იმედს ნელნელა ვკარგავთ, გვეშველება რამე?.. უკვე სჯა-ბაასიც გვეზარება: მაინც არავინ გვისმენს და რა აზრი აქვს?! შინიდან გამოსულს ნაგვსი საშინელი სუნი გაწუხებს: "ო, ამათ ხომ დასუფთავებაც ვერ ისწავლეს!". ავდივართ ტრანსპორტში და წყევლა–კრულვას არ ვაკლებთ მათ, ვინც ასე ვანდალურად „დაარბია“ იქაურობა... ხელფასი კი ისევ დაგვაკლეს: ბიუჯეტში ფული არ არისო – ნეტავ, ვისი ბრალია?

გიორგი გოგუა

გიორგი გოგუას ბლოგი