"ბათუმის ანგელოზი" დავით ბაქრაძის ანგელოზისგან... - კვირის პალიტრა

"ბათუმის ანგელოზი" დავით ბაქრაძის ანგელოზისგან...

"ბათუმს ქათქათას,

ბათუმს თვალწარმტაცს...

ზურმუხტთ მშვენებას,

სიცოცხლის მზეს..."

სტატიის დაწერას პრეზიდენტ სააკაშვილზე არ ვაპირებ, არც "ბათუმის მშვენებად" ქცეულ ნიჟარაძეზე, არც ლევან ვარშალომიძესა და საერთოდ, არც ბათუმზე.

"ყველაზე ქართულსა და ქათქათა ედემში" შვიდსა და რვა აგვისტოს გრანდიოზული პროექტი - "ბათუმის ანგელოზი" გაიმართება. ეს მორიგი აქციაა ბათუმის გასაფეტიშებლად. გარდა "ედემის" პოპულარიზაციისა, ღონისძიებას სხვა მისიაც აქვს:

"აგვისტოს მოვლენების შემდეგ საქართველო არ დაცემულა, ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ არსებობას და არა მხოლოდ... ვაგრძელებთ კარგად ცხოვრებას", - მეუბნება ჩემი თანამოსაუბრე.

ყველას, ვინც მოირგებს მოსახლეობაში გავრცელებულ "სტიკერებსა" და ჩანთებს წარწერით Batumi's Angel - ორი დღით გახდება ბათუმის ანგელოზი.

რატომ ბათუმი? და მერე დანარჩენი სხვა?

"პრეზიდენტმა "ნანუკას შოუში" თქვა, ჯერ უნდა დაიწყო ზემოდან, რომ ხალხი ამ ყველაფერს წაჰყვეს. ვეთანხმები, თუ ქალაქი არ იქნება კარგად გაკეთებული, ხალხიც არ ჩამოვა.

ასეთივე პრინციპით ჩატარდა ქართული მოდის კვირეულიც - დავიწყეთ ძალიან მაღალი, ევროპული სტანდარტებით. შესაძლოა, ეს დონე ჯერ კიდევ ადრეა ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ თუ ასე არ მოხდება, ქართული მოდის ინდუსტრიაც ვერ განვითარდება".

და მაინც, იყო ქართული მოდის კვირეული მართლაც უმაღლესი, ევროპული დონის?

"სამწუხაროდ, თბილისში იმაზე დიდი ფართობი, რაც ერთი მოდური კვირისთვის აითვისეს, არ მოიძებნა. მოთხოვნა ძალიან დიდი იყო, ბევრს სურდა კვირეულზე დასწრება, მაგრამ ამის საშუალება არ გვქონდა. კიდევ ერთი მინუსიც - სკამები არ იყო დანომრილი... თუმცა, წვრილმანებს ნაკლები მნიშვნელობა აქვს. მთავარია, რომ მომდევნო ქართული მოდის კვირეულზე ყველაფერი "გამოსწორებული" იქნება".

ვინ დგას ამ ღონისძიებების უკან?

ქალი, რომლის პატრონაჟით ხდება ქართული მოდის აღმა თუ წინ სვლა. ქალი, რომელიც ორგანიზატორია "ბათუმის ანგელოზის".  ეს ქალი საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის ანგელოზი - მაკა მეტრეველი გახლავთ.

საინტერესო, თავმდაბალი, დახვეწილი, სადა...

ის მოდას წარმატებულად არგებს საკუთარი ცხოვრების სტილს - სპორტულ-კლასიკური - იდეალური ნაზავია მისთვის. რაც მთავარია, არ არის სახელობითი ტანსაცმლის მიმდევარი. თუმცა, აქვს ბრენდებიც... იმის ფარგლებში, რის საშუალებასაც ქმრისა და საკუთარი ხელფასი აძლევს, თავსაც და ოჯახსაც ანებივრებს.

საშუალება? ყველასთვის ნაცნობია პარლამენტის თავმჯდომარის შემოსავალი, მას ხომ დეკლარაცია შევსებული აქვს?!

"წარმოიდგინეთ, არ ვიცი რამდენი აქვს დათოს ხელფასი", - ამბობს მაკა.

როცა გაიცნო, მაშინ ალბათ ასეთი ხელფასი არ ექნებოდა, თანამდებობა ჰქონდა განსხვავებული - საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო პოლიტიკურ დეპარტამენტში მუშაობდა. სულ რაღაც 24 წლის იყო დათო მაშინ.

მაკა სამედიცინო უნივერსიტეტს ამთავრებდა. ერთმანეთი საერთო მეგობრების წრეში - ბათუ და რაჟდენ ქუთელიების მეშვეობით გაიცნეს... მერე დათო სახლში ურეკავდა. მაკა ზოგჯერ არ პასუხობდა.

მერე მეგობრული ურთიერთობა სასიყვარულოში გადაიზარდა. მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა მაშინ, როდესაც მაკა მთელი ძალისხმევით ცდილობდა, დათოსთან ერთად გაპარულიყო - ნიშნობის დამღლელი ცერემონიის თავიდან აცილების მიზნით. დათომ იუარა. მიუხედავად იმისა, რომ სულაც არ ეადვილებოდა მაკას მშობლებთან ხელის სათხოვნელად მისვლა და თქმა:

- გამარჯობა, მე ვარ დავით ბაქრაძე, ან - გამარჯობა, მე თქვენი შვილი მიყვარს და მინდა, მისი ხელი გთხოვოთ... ან სულაც, - იცით, მე არ მეხუმრება, სერიოზულად ვფიქრობ თქვენს ქალიშვილზე.

მაკას აღარც ახსოვს, როდის უთხრა დათომ პირადად, რომ არ ეხუმრებოდა. დათო სპეციალურად არ მომზადებულა ამისთვის...

ურთიერთობა კი საინტერესო ჰქონდათ, სასიამოვნო და ზოგჯერ სახალისოც - შეყვარებულობის პერიოდში დათო ჟენევაში სასწავლებლად გაემგზავრა. შეყვარებული მონატრებულს იქიდან ურეკავდა.

დიალოგი:

- ........

- .......

ჰო, სიჩუმისგან შედგებოდა. დავით ბაქრაძის მთელი დანაზოგი "დუმილის საუბრებმა" წაიღო.

ოფიციალურ მხარეს ვერ ასცდნენ - დათომ თავისი გაიტანა და...

ქორწილი ვიწრო წრეში აღნიშნეს. მერე იყო თაფლობის თვე - მადრიდსა და კანარის კუნძულებზე.

დათომ კარიერული წინსვლა დაიწყო, მაკამ კი...

ჯერ ერთი ანგელოზი გააჩინა. მერე სამსახური და... გახდა ექიმი-მაკა-ენდოკრინოლოგი. ხუთი წლის მერე მეორე ანგელოზი და... კვლავ KvirisPalitra.Geმაკა-ექიმი-ენდოკრინოლოგი.

შემდეგ ჯანდაცვის მენეჯმენტში კვალიფიკაციის ასამაღლებლად განვლილი კურსები და თბილისის მერიის ჯანდაცვის სამსახურში გატარებული წლები.

ამ დროს კი... დავით ბაქრაძე არითმეტიკული პროგრესიით "იზრდებოდა" - დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე. მერე იყო სამმართველოს უფროსი, შემდეგ უშიშროების საბჭოში გადაბარგდა. მერე მოხდა რევოლუცია და... ახლა - პარლამენტი, პარლამენტი, პარლამენტი!

მხოლოდ? სულაც არა! შეუძლია, დღის განმავლობაში რამდენჯერმე დარეკოს და მოიკითხოს მისი ანგელოზები, ცოლის ყოველ ზარს უპასუხოს ნებისმიერ დროს. სიტყვები - არ მცალია - მაკასთვის ქმრისგან არ არსებობს. პარლამენტის თავმჯდომარე ზედმიწევნით ყურადღებიანია.

სახლში დათოს ორი გოგონა-ანგელოზი ჰყავს - 11 და 6 წლის. საღამოობით, თუ იცის, რომ აყოვნებს შინ დაბრუნებას, რეკავს და ცოლს სთხოვს, მის მოსვლამდე არ დააძინოს ბავშვები. უფროსი კატო მაღალ დონეზე უკრავს ჯაზურ მუსიკას. აქვს კონცერტები, ასევე არაჩვეულებრივად მღერის. მუსიკალობით მამას ჰგავს - ისიც განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩევა ამ მხრივ. მეორე გოგონა უსასრულოდ პრანჭიაა - მაგალითად, ველოსიპედით სეირნობისას შეუძლია, ბისერებიანი ფეხსაცმელი მოიხდინოს.

პარლამენტის პირველი პირის შვილები საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. ეს მშობლების ერთობლივი გადაწყვეტილებაა - ახლა 53-ე სკოლაში დადიან და თავს ზუსტად ისეთებად გრძნობენ, როგორც სხვა დანარჩენი ბავშვები.

თუმცა, პროტოკოლი მაინც თავისას შვრება - მაშინ, როცა სხვისი შვილები ქუჩებსა თუ დერეფნებში თავისუფლად დასეირნობენ ან დაქრიან, ბაქრაძის შვილებს ფეხდაფეხ დაცვის წარმომადგენელი დაჰყვება ან დასდევს. ხშირად დაუწუწუნიათ შეწუხებულ გოგონებს ამის გამო, მაგრამ...

დაცვის თანხლება - თან ყველგან და ყოველთვის - არც მათი დედისთვისაა სასიამოვნო. პირველი, რაც მაკამ მათგან მოითხოვა - პიჯაკსა და ყურსასმენს დამშვიდობებოდნენ. ხშირად უფიქრია, რომ დაიღალა ამით, გაუპროტესტებია კიდეც... თუმცა, ზოგჯერ გაუცურებია პირადი დაცვა. ახლახან, კვირა დღეს სახლიდან მათ გარეშე, შეუმჩნევლად გაიპარა და თავი გადასარევად იგრძნო.

სახლში კი... შინ დაბრუნებულ ქმარს ვერასდროს ჰკითხავს, რა ხდება სამსახურში. დათოც იქაურს იქ ტოვებს, დაღლილი და დაცლილი კი სახლში სითბოს ელის. მაკაც ცდილობს, დადებითი, მშვიდი აურა შეუქმნას.

უთხოვია დახმარება პირადი საქმიანობისთვის? თუნდაც, ფეშენ-კვირეულის ორგანიზებისას?...

რომ ეთქვა - არაო, შესაძლოა, არც დამეჯერებინა. კი, უთხოვია, თუმცა მსგავს შემთხვევაში შესაფერ დროს სიფრთხილითა და დაკვირვებულად არჩევს.

დათო? ძალიან დადებითი ადამიანია, კეთილი... თუმცა, გახსნილი არ არის...

დათო კონსერვატორია, სამეგობრო წრე მისთვის ოჯახივით ძვირფასი და უცვლელია.

პირველი პირების ცოლები... ნაკლებად მეგობრობენ, თითქმის არც. ყველას თავისი საქმე აქვს და ზედმეტად მოუცლელია იმისთვის, რომ ერთად გაატარონ დრო. თუმცა, ოფიციალურ მიღებებზე ერთმანეთს თბილად ხვდებიან.

სანდრასაც იცნობს მაკა, კარგი ადამიანია, მაგრამ მას ყველაზე ნაკლებად სცალია მსგავსი ურთიერთობებისთვის..

მოდის კვირეულზე? რა თქმა უნდა, პირველი ლედი პირველად დაპატიჟა, პრეზიდენტიც კი, თუმცა... ვერ მივიდნენ.

პარლამენტის თავმჯდომარე და მისი ანგელოზი დასვენებასა და ერთად ყოფნას მხოლოდ მაშინ ახერხებენ, როცა დათოს შვებულება აქვს. ამ დროს საზღვარგარეთ მიემგზავრებიან.

მოგზაურობა მსგავსი შეგრძნებებით, როგორც მაშინ, პირველად, მადრიდსა და კანარის კუნძულებზე... ყოფილა, როგორ არა.  როცა მარტო მიემგზავრებიან, სწორედ რომ, "თაფლობის" განცდა აქვთ.

ქვეყნის ერთ-ერთი "პირველი ქმარი" ცოლს საჩუქრებით ანებივრებს - ქორწინების ათი წლის თავზე სამსახურიდან შინ ბილეთებით დაბრუნდა და მაკა ბრიუსელს აფრინა. ასევე შარშან -  საზღვარგარეთ გაატარებინა დაბადების დღე.

ეს ზაფხულიც უკვე გაწერილია.

ფორმულით: სამსახური + დასვენება.

მალე იტალიაში გაემგზავრებიან - ამავე ფორმულით.

ახლახან ოჯახმა თურქეთში დაისვენა.

- მაშინ, როდესაც ბათუმი კონკურენციას უწევს მეზობელი თურქეთის საკურორტო ქალაქებს, თქვენ?...

- ეს სამსახურებრივი მივლინება იყო პარალელურად.

კვლავ იგივე ფორმულა...

ახლა კი ბათუმის დროა.

ედემი.

წალკოტი.

და...

დაუვიწყარი "ბათუმის ანგელოზი" - დავით ბაქრაძის ანგელოზისგან...