უჰ, აუჰ და ა-უუუ, ანუ მიშა ევროპაში
24-11-2010
უჰ! - ღრმად ამოვისუნთქე, როდესაც ქართულმა არხებმა პირველად მახარეს სააკაშვილისა და ობამას შეხვედრის ამბავი. კი ვიფიქრე, ახლა რამდენიმე დღე ქართული ტელევიზიები თავებს გადაგვჭამენ ამ თემაზე საუბრით და მათი პათოსი იქნება: არის ასრულდა ოცნება–მეთქი, მაგრამ ეს დისკომფორტი რა მოსატანია იმ შვებასთან, რაც ამ შეხვედრამ მომგვარა.

უკვე სერიოზულად ვნერვიულობდი ჩვენი პრეზიდენტის გამო. როგორი გადასატანია, როდესაც ჩვენი ყველაზე დიდი მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტი არ გხვდება. მეშინოდა ჩვენს პრეზიდენტს ნერვიულობის ნიადაგზე რამე არ დამართნოდა. მერე რა, რომ ეს შეხევდრა არ შედგა თეთრ სახლში, მერე რა, რომ შეხვედრის შემდეგ ობამას სააკაშვილთან ერთად პრესკონფერენცია არ გაუმართავს და ერთობლივი განცხადებები არ გაუკეთებიათ. დასაწყისისთვის ესეც კარგია. ახლა ოპოზიციაზე უნდა ვინერვიულო, რომელსაც ამერიკამ სალაპარკო თემა მოუკლა, მაგრამ არა უშავს გადაიტანენ როგორმე. მით უმეტეს თემა იმდენია, რამდენიც გინდა. ჩვენი ტელევიზიები კი უჩვეულოდ მალე მორჩნენ სიმღერას "არის ასრულდა ოცნება". თურმე რატომ? სააკაშვილს წინ უფრო დიდი ტრიუმფი ელოდა.

ობამას შეხვედრა დასრულებული არ იყო, როდესაც გვახარეს, რომ სააკაშვილი ევროპარლამენტის წინაშე მოხსენებით წარსდგება უკვე მეორედ და რაც მთავარია, ასეთი პატივი ისტორიაში მხოლოდ დალაი ლამას და საქართველოს პრეზიდენტს ერგოთო. თავიდან ვიფიქრე, ეს რომელიმე ქართველი ჟურნალისტის იმპროვიზაციაა–მეთქი, მაგრამ როდესაც ყველა ნაციონალურმა არხმა სამი დღის განმავლობაში ერთი და იგივე იძახა: დალაი ლამა და სააკაშვილი, დალაი ლამა და სააკაშვილიო, მივხვდი, ვინ მისცა სახელისუფლებო არხის ჟურნალისტს იმპროვიზაციის უფლება. თან შემეშინდა, ნეტა რას უნდა ნიშნავდეს დალაი ლამას და სააკაშვილის ასე ხშირად ერთ კონტექსტში ხსნება–მეთქი. ღმერთს შევევედრე: ღმერთო, ქართულ ტელევიზიებს იმ მდგომარეობამდე მაინც ნუ მიიყვან, რომ ერთ დღეს გვითხრან: სააკაშვილი დავით აღმაშენებლის სულის რეინკარნაციააო?

აუჰ! - გამიხარდა, როდესაც სააკაშვილი ევროპარლამენტში გაკეთებული მოხსენება მოვისმინე. მართალია, სააკაშვილი ხშირად ლაპარაკობს სწორად, მაგრამ ასევე ხშირად მრუდედ მოქმედებს, მაგრამ რაც აქვს ვერ წაართმევ. სააკაშვილის ორატორულ შესაძლებლობებში ეჭვი არასდროს მეპარებოდა. ორატორული ნიჭი უმთავრესია, რისი წყალობითაც მან წარმატებას მიაღწია. მას შეუძლია კარგად და დამაჯერებლად ლაპარაკი. რაც მთავარია, მას შეუძლია აქცენტების სწორად დასმა. ვინც პრეზიდენტთან ერთად ევროპარლამენტში გამოსვლის ტექსტზე იმუშავა, კარგად უმუშავია. თითქმის ყველა სიტყვა აწონილი და გათვლილი იყო. რუსეთისთვის დიალოგის შეთავაზების მომენტიც კარგად იყო არჩეული. მართალია, რამდენიმე მამალი ტყუილიც გამოურია, (მაგალითად, რეგიონებისთვის ძალაუფლების გადაცემა, "კაგებეს" გაუქმება და ა.შ.).

მართალია, აღმოჩნდა, რომ მას დეცენტრალიზაცია პარლამენტის ქუთაისში გადატანა ჰგონია, მაგრამ რა მოსატანია ეს ყველაფერი შვიდგზის აპლოდისმენტებთან, რაც ევროპარლამენტარებისგან დაიმსახურა. ჩვენი პრეზიდენტი ისე აქო ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, ერჟი ბუზეკმა, რომ ლექსიც კი დავწერე: „ვოვა დაკბინეს ბუზებმა, მიშა შეაქო ბუზეკმა“. მართალია, მაშინვე გამახსენდა ერთი ქართული გამოთქმა: „გარეთ მტერს უბრმავებს თვალს, შიგნით მოყვარესო“, მაგრამ მერე ისიც გავიხსენე, რომ ევროპა ჩვენი მტერი არ არის და ეს აზრი უკუვაგდე. მართალია, ევროპა ბოლომდე მოყვრადაც ვერ გვექცა, მართალია, სარკოზიმ ლისაბონის სამიტის შემდეგ ეიფორიაში ჩავარდნილ ქართველებს ცივი წყალი გადაგვასხა, როდესაც განაცხადა, რომ ნატოში ქართული პრობლემების იმპორტი არ გვჭირდება და ვიდრე ეს ქვეყანა ტერიტორიულ პრობლემებს არ მოაგვარებს, აქ ვერ შემოვუშვებთო, მაგრამ მაინც იმედიანად ვიყავი. რა ვიცოდი, სარკოზისგან ეს ბოლო კვანტი თუ არ იქნებოდა. 

ა-უუუ! - შემოვირტყი თავზე ხელი, როდესაც პორტუგალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ წავიკითხე. არა რა, არ შეუძლიათ ამათ წარმატების შერგება. უკვე აღარ ვიცი, რა დავწერო. ან როგორ გინდა დაწერო ქართული დიპლომატიის ოქროს კვირაზე, როდესაც უცხოური პრესა წერს, რომ ლისაბონში ქართულ დელეგაციას 80 (!) მსუბუქი ყოფაქცევის ქალი დაუქირავებია, სასტუმროში აუყვანია და მერე ისე უხმაურიათ, (სიტყვაში "უხმაურიათ" ასო "უ" რომ ამომეგდო უფრო ადექვატური ვიქნებოდი, მაგრამ ზრდილობას რა ვუყო?!), რომ თვით სარკოზი შეუწუხებიათ. ამ უკანასკნელს კი პოლიცია გამოუძახებია - მიშველეთ, დამატ...ეს თავზე მთელი პორტუგალიაო. (ჯანდაბას ზრდილობა!).

აღარ ვიცი სარკოზიზე გავბრაზდე, თუ პორტუგალიურ პრესაზე. ქართულ დელეგაციაზე გაბრაზებას რომ აზრი არ აქვს, ზუსტად ვიცი. ან რაზე უნდა გაუბრაზდე: ქალებში გასეირნება რომ ვერ მოიშალეს, თუ ქალებში ჩუმად გასეირნება რომ ვერ ისწავლეს? ეს სულაც არ არის მცირე პრობლემა. ამ სკანდალის მერე ბევრი ჩვენს დელეგაციას სწორედ ამას საყვედურობდა, რით ვერ მოახერხეს ისე გასეირნება, მსოფლიოს რომ არ გაეგოო (ჩემი ერთი კოლეგა და მეგობარი კი მთელი დღე კითხულობდა: ნეტა რამდენი კაცი იყო ქართულ დელეგაციაში, 80 ქალი რომ დაიქირავესო). მე სულ სხვა რამ მაინტერესებს: ქალების მომსახურება მივლინების ხარჯში შეიყვანეს თუ არა. თუ ეს ასეა, გამოდის, ქალები ბიუჯეტის ხარჯზე დაუქირავებიათ. მოკლედ, ჩვენი ფულით უგულავიათ!..

სარკოზის რაც შეეხება, საბოლოოდ დავრწმუნდი, მლაშე ბედის კაცია, ეჭვი მაქვს ეწყინა, ისიც რომ არ დაპატიჟეს.
საქართველოში რა ხდება ამ დროს? ქრისტიან–დემოკრატები ამ ფაქტის სასწრაფოდ გამოძიებას ითხოვენ, ხელისუფლება კი ამ ინფორმაციის გავრცელებაში რუსეთის სპეცსამსახურებს ადანაშაულებს. მოდი ახლა შენ და გაბრაზდი ამათზე.
მე კიდევ ერთი სადარდებელი დამემატა: დავით აღმაშენებელს ვინ ჩივის, უკვე სერიოზულად ვფიქრობ, ქართულმა არხება ერთ დღეს არ გამოგვიცხადონ: სააკაშვილი კაზანოვას სულის რეინკარნაციაოო. მერე გვიტირეთ ყველანი. პორტუგალიას ვინ ჩივის... 

P. S. ლექსის ახალი ვარიანტი: მიშა დაკბინეს ბუზებმა, ვიდრე შეაქო ბუზეკმა (იმედია, ხვდებით სიტყვაში "ბუზები" ასო "უ"-ს მაგივრად რაც უნდა იყოს.)
klodeli
28 ნოემბერი 2010 15:49
მე მომწონს სტატია.ასეთ ბინძურ სკანდალზე,თუ შეძლებ და ხუმრობის ტონით დაწერ მხოლოდ(?),სულ მცირე,ძალიან კორექტული უნდა იყო.
Tazo
27 ნოემბერი 2010 23:31
ბატონო მერაბ მადლობელი ვართ რომ გამოგვეხმაურეთ.ეს იმას ნიშნავს, რომ მკითხველის აზრი თქვენთვის სულერთი არ არის.კარგი იქნებოოდა სხვებიც თქვენ მოგბაძავდნენ.
სხვა სიახლეები

”სამწუხაროდ, ტირაჟის დიდი ნაწილი გადამყიდველებმა შეიძინეს”

დაწვრილებით...
ითანამშრომლე ქვეყნის ყველაზე რეიტინგულ გაზეთთან!
დაწვრილებით...
”კვირის პალიტრა” ოქროს იუბილეს ზეიმობს!
დაწვრილებით...
სავარაუდოდ, "კვირის პალიტრის" შემდეგ ნომერში გამოქვეყნდება ინტერვიუ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრთან, დავით სერგეენკოსთან. თქვენ რას ჰკითხავდით მინისტრს? გთხოვთ, მოგვწეროთ თქვენი მოსაზრებები. მინისტრი განსაკუთრებულ ყურადღებას თქვენთვის საინტერესო თემებს დაუთმობს.
დაწვრილებით...
"ჩემი მიზანი კომპანიის დაბრუნება კი არა, სამართლიანობის აღდგენაა" - აცხადებს "კავკასუს ონლაინის" დამფუძნებელი და კომპანიის საკონტროლო პაკეტის ყოფილი მფლობელი მამია სანადირაძე, რომელიც ლონდონიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა.
დაწვრილებით...
პირველმა ემოციებმა გაიარა და აღმოჩნდა, რომ სანამ "ქართული ოცნების" მხარდამჭერები ზეიმში ათენებდნენ, "ნაციონალები" და ცესკო კალკულატორებით ხელში "შრომობდნენ".
დილას კი, ცესკოს შეფმა ხარატიშვილმა განაცხადა, ჩვენ საიტს "ცუდმა ბიჭებმა" შეუტიეს და ზოგიერთი მონაცემის გამოქვეყნება იმიტომ ყოვნდებაო...
დაწვრილებით...

ფეისბუქზე უცხოეთში მყოფ მეგობარს ვესაუბრებოდი და, - 15 წუთში დავბრუნდები, ორიოდე აბზაცი მაქვს დასაწერი-მეთქი. - იცოდე, "ძალიან მაგარი" რამე დაწერეო! ყველა მეგობარზე მეტად მიყვარს ის მეგობარი, მაგრამ "ძალიან მაგარი" როგორ დავწერო?! თვითონაც იცის, ძნელია ასე წერა - ეიფორიაში, ჩართული ტელევიზორიდან გადმოფრქვეული მასობრივი აღტყინების შთაბეჭდილების ქვეშ...

 

 

დაწვრილებით...
ვალდემარ შმიდტი გერმანელი მოგზაურია. 26 წლის ახალგაზრდამ სპეციალურად სამოგზაუროდ მინივენი იყიდა და რამდენიმე ქვეყნის მოვლის შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა. მას შემდეგ ვალე, როგორც მას ქართველი მეგობრები ეძახიან, ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობს, მუშაობს და დროდადრო სხვადასხვა ქვეყნის სანახავადაც იცლის.
დაწვრილებით...
რა მოსწონთ თქვენს მეგობრებს