დედა გენაცვალოს, ჩემო ორმოცდახუთი წლის ბავშვო... - კვირის პალიტრა

დედა გენაცვალოს, ჩემო ორმოცდახუთი წლის ბავშვო...

მშობლის როლი ყველა ბავშვის ცხოვრებაში ძალიან დიდია განურჩევლად სქესისა, კანის ფერისა, ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა და ა.შ.  ეს ფრაზა ალბათ აბსოლუტურად ჭეშმარტი იქნებოდა, რომ არა ერთი პატარა ქვეყანა, რომელსაც ჩვენ საქართველოს სახელით ვიცნობთ. დამეთანხმებით, რომ ჩვენთან მშობლის როლი შვილის ცხოვრებაში უდავოდ განსაკუთრებულია.

 

მაგალითად: ფსიქოლოგები თანხმდებიან, რომ ექვს წლამდე, ან ცოტა მეტი ასაკის ბავშვებისთვის უფროსები (განსაკუთრებით, მშობლები), ყოვლისშემძლენი არიან. ასაკის მატებასთან ერთად ეს წარმოდგენა ნელ–ნელა ქრება. აი, ჩვენთან კი სულ სხვაგვარადაა საქმე. რაც უფრო იზრდება ბავშვი, მით უფრო აცნობიერებს მათ ყოვლისშემძლეობას და მშობლებიც გულმოდგინედ ცდილობენ, იმედები არ გაუცრუონ შვილს. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, გეტყვით, რომ ცამეტწლიანი (ცამეტი იმიტომ, რომ მანამდე, ანუ ექვს წლამდე, სამწუხაროდ, არაფერი მახსოვს) დაკვირვებების შედეგად მივხვდი, რომ ქართველ მშობელს, მშობლობის ფუნქციის გარდა, საჭიროებისამებრ, ნებისმიერი პროფესიის შეთავსება შეუძლია, თანაც დიდი წარმატებით. მოდი, ჩემთვის ყველაზე ახლოს მდგომით დავიწყებ:

მშობელი, როგორც ჟურნალისტი – მას (მათ) შეუძლია(თ) რეკორდულად მცირე დროში რეკორდულად ბევრი კითხვის დასმა: სად იყავი? ვისთან იყავი? რას აკეთებდი? რა ჭამე? და ა.შ. კითხვბის სიმწვავე, სიხშირე და რაოდენობა იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად დიდი ხანი გაატარა შვილმა სახლს გარეთ. აქ ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი რამ არის გასათვალისწინებელი: მშობელი ჟურნალისტის პროფესიას ითავსებს და ცდილობს ბოლომდე ამოწუროს რესპონდენტი. მაგრამ თუ მაინც გაჯიუტდი, საქმეში ერთვება მშობელი, როგორც ფსიქოლოგი. თუ შვილი დუმილის უფლებას იტოვებს, მშობელს შეუძლია ამოიცნოს თავისი პირმშოს სათქმელი. ამ დროს ასეთი მონოლოგი იმართება:

–  სად იყავი? – სეირნობდი...

–  ვისთან ერთად? – მეგობართან...

–  გოგოსთან თუ ბიჭთან? – ანუ გოგოსთან...

–  ვიცნობ? – რატომ არ ვიცნობ?

–  ჭამე რამე? და ა.შ.

მოდი, ბოლო კითხვაზე შევჩერდები. აქ კიდევ ერთ ფრიად მნიშვნელოვან პროფესიასთან გვაქვს საქმე. მშობელი, როგორც დიეტოლოგი – მითხარით, ვის შეუძლია, მშობელზე უკეთ განსაზღვროს, რა სჭირდება მის ორმოცდახუთი წლის ბავშვს საუზმედ: ფაფა, ჩაი, თუ კარაქიანი პური? ამ პუნქტს თან ერთი მცირე, მაგრამ საინტერესო ქვეპუნქტიც ახლავს. აქ თავს იჩენს მშობლის, როგორც სასწორის ფუნქცია. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მამიდაჩემს შეუძლია დღის ნებისმიერ მონაკვეთში ერთი შეხედვით დაადგინოს ჩემი სხეულის მასის ცვლილება გრამებში.

მაგრამ მშობელს არამარტო შვილის წონის, არამედ მისი შემოსავლისა და გასავალის ზედმიწევნით ზუსტად დათვლაც შეუძლია. დიახ, აქ სხვა არავინაა, თუ არა მშობელი, როგორც ეკონომისტი – ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ შვილი მუშაობს. ხოლო თუ უმუშევარია, საქმე გვაქვს მშობელთან, როგორც სპონსორთან –  აქაც, როგორც დიეტოლოგის შემთხვევაში, გვაქვს მცირე ქვეპუნქტი: მშობელი, როგორც სპონსორი, ოღონდ, ვთქვათ სატელეფონო კომპანიებისა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მამიდაჩემი დღის განმავლობაში ჩემთან დასარეკად, სულ მცირე, სამ ლარს ხარჯავს, ხოლო ჩემს ოცდაშვიდი წლის დეიდაშვილს დეიდაჩემი სამსახურში საათში ბარე სამჯერ ურეკავს, ეს ქვეპუნქტი ძალიან მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია.

დამეთანხმებით, არსებობენ დამჯერი ბავშვები, მაგრამ, ასევე გვხვდებიან ურჩებიც. ამ შემთხვევაში სხვა გზა არ არის, საქმეში უნდა ჩაერთოს მშობელი, როგორც პოლიციელი (ან, თუ გნებავთ, მოსამართლე, პროკურორი, კერძო დეტექტივი, აგენტი და ა.შ.) – მას შეუძლია ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ვადით, ნებისმიერ ფასად აღკვეთოს შვილის თავისუფლება; ცხელ კვალზე ამხილოს დანაშაულში; უტყუარ წყაროებზე დაყრდნობით გამოიძიოს შვილის ბრალეულობა ამა თუ იმ საკითხში (მშობლისთვის არასასურველ გოგოსთან (ბიჭთან) ურთიერთობა იქნება ეს, თუ უბრალოდ ”ცუდ წრეში ტრიალი“).

აღარაფერს ვამბობ მშობლების ისეთ უმნიშვნელოვანეს "პროფესიებზე", როგორებიცაა: მაჭანკალი, ფარული კამერა, უხილავი მიკროფონი, პირადი წერილების მკითხველი და ა.შ.  ისინი ისედაც ყველასათვის ძალიან ნაცნობი და, ცოტა არ იყოს, ბანალურიცაა. მხოლოდ ერთს დავძენ: გაგიკვირდებათ და თქვენს დედებს, მამებს, დეიდებს, მამიდებს, ბიძებს და სხვა ახლო ნათესავებს შეუძლიათ შეითავსონ ისეთი ”პროფესია”, როგორიც არის მშობელი, როგორც შვილი – გამომდინარე იქიდან, რომ ყველა მშობელს, თავის მხრივ ჰყავს მშობლები, რომლებიც ასევე ზედმიწევნით ესადაგებიან ჩემ მიერ ზემოთ ჩამოთვლილ ნებისმიერ პუნქტს.

ახლა კი, მეგობრებო, სანამ ჩემ თავზე არ გამომიცდია ქართველი მშობლების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ”პროფესია”, მშობელი, როგორც ღვთის რისხვა, ვარჩევ, დროზე დავსვა წერტილი და მოვშორდე აქაურობას. მით უმეტეს, უკვე სამჯერ მომიკაკუნეს კარზე, ძილის წინ ჩაი გიცივდებაო...

გიორგი გოგუა

გიორგი გოგუას ბლოგი