ბირმინგემის უნივერსიტეტში ქართული ენა რომ დაინერგოს... - კვირის პალიტრა

ბირმინგემის უნივერსიტეტში ქართული ენა რომ დაინერგოს...

ნინო ქემოკლიძე მსოფლიოს პრესტიჟულ უნივერსიტეტებში სწავლობდა. ედინბურგის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მეცნიერებათა მაგისტრი გახდა. ახლა სადოქტორო დისერტაციაზე მუშაობს... სწორედ ედინბურგში გადაწყვიტა საქართველოს ეთნოკონფლიქტებზე ემუშავა.

ედინბურგს მოჰყვა გამარჯვება ადამიანის უფლებათა დაცვისა და მმართველობის გრანტების პროგრამაში, რომელმაც საშუალება მისცა ერთი წლით გამგზავრებულიყო უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში. იქ სტაჟირება გაიარა უნგრეთის ჰელსინკის კომიტეტში. 2007 წლის ზაფხულში გახდა ოსლოს მშვიდობის პირველი სტიპენდიანტი.

ამ სტიპენდიით სასწავლებლად გაემგზავრა ჯერ ოსლოს საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტში ნორვეგიაში და შემდგომ ავსტრალიის ეროვნულ უნივერსიტეტში, ავსტრალიის დედაქალაქ კანბერაში. ეს იყო ნორვეგიისა და ავსტრალიის მთავრობების ერთობლივი სტიპენდია სამაგისტრო პროგრამისთვის რომელიც წელიწადში მხოლოდ ერთ სტუდენტს გადაეცემა მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან. ამან მაშინ ნორვეგიის ერთ-ერთი ცნობილი გაზეთიც კი აალაპარაკა და ნინო ქემოკლიძეზე სტატია დაიწერა.

პროგრამის დასრულების შემდეგ მიიღო მეორე მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში მშვიდობისა და კონფლიქტების სპეციალობით. ნინო ქემოკლიძე რამდენიმე თვით საქართველოში ჩამოვიდა, რომ  სადოქტორო თემისათვის ინტერვიუები აიღოს აფხაზეთის მოვლენების მონაწილეთაგან. მას შემთხვევით შევხვდი, მაგრამ როცა საუბარმა ძალიან საინტერესო თემებთან მიგვიყვანა, გადავწყვიტე "კვირის პალიტრის" მკითხველებისთვისაც გამეცნო.

– როცა საქართველოს კონფლიქტების თემაზე დავიწყე მუშაობა, ბირმინგემის უნივერსიტეტს დავუკავშირდი. იქ არის რუსეთის და აღმოსავლეთ ევროპის შესწავლის ცენტრი. გამომეხმაურნენ. თქვენ წარმოიდგინეთ, კარგ უნივერსიტეტებში და დეპარტამენტებშიც კი არიან პროფესორები, რომლებიც ამბობენ, ექსპერტები ვართო, ამ დროს ბევრი რამ მხოლოდ ზედაპირულად იციან. საქართველოში ერთი კვირით ჩამოდიან, რამდენიმე ინტერვიუს იღებენ და თავს ექსპერტად მიიჩნევენ... ასე რომ, მათი აზრი შეიძლება სრულიად მოკლებული იყოს რეალობას.

არიან ამ საკითხებში კარგად ჩახედული სპეციალისტებიც. მე რომ ვინმეს გვარი დამავიწყდეს, გამახსენებენ კიდეც. მაგრამ, სამწუხაროდ, ევროპელების ცნობიერება სხვაა. რომ ვამბობ, როგორ შეიძლება ისაუბრო აფხაზეთზე, სამხრეთ ოსეთზე, როგორც საქართველოსაგან გამოყოფილ ქვეყნებზე-მეთქი, უკვირთ... შიდა ქართლს სამხრეთ ოსეთს ვეძახი, რადგან ევროპაში ასე იცნობენ,  შიდა ქართლი მათთვის არაფერს ნიშნავს, შეცდომად თვლიან.

– კონკრეტულად მაინც რას ამბობენ საქართველოზე პირად საუბრებში?

– მაგალითად ხშირად მომისმენია ასეთი აზრი: კი ბატონო, ეს პრობლემები საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობაა, იმ პოლიტიკის  შექმნილია, მაგრამ საბჭოთა კავშირი თქვენი ისტორიაა და ამას უნდა შეეგუოთო... თუ აფხაზებსა და ოსებს თქვენთან ცხოვრება არ უნდათ, რატომ არ უშვებთო. ამას, ცხადია, ოფიციალურ შეხვედრებზე ვერ ამბობენ, მაგრამ პირად საუბრებში მეუბნებიან.

მაგისტრანტებს ვუკითხავ სალექციო კურსს, როგორც პროფესორის თანაშემწე... საკმაოდ განათლებულები არიან, მაგრამ იქაც კი დომინირებს აზრი:  ამ აფხაზებსა და ოსებს რას გადაეკიდეთო. ვცდილობ ავუხსნა, ვუამბობ ისტორიას, მომყავს არგუმენტები. მაინც ძნელად ესმით. აფხაზეთი თუ არის რატომ არ არის აფხაზებისო... როგორ აუხსნი, რომ ეს საქართველოს მთლიანი სხეულისთვის ხელის მოკვეთასავითა... რომ აქ არსებობს იმერეთიც, კახეთიც...

– ალბათ კოსოვოს პრეცედენტმაც იმოქმედა მათ ცნობიერებაზე.

– კოსოვომ მართლაც ცუდი პრეცედენტი შექმნა. ევროპაში გამოქვეყნდა კიდეც კოსოვოსა და სამაჩაბლოს შედარებითი დახასიათება...  მაგრამ თუ ჩაიხედავთ მეცნიერულ საფუძვლებში, იოლად იპოვით არგუმენტებს იმისათვის, რომ სამაჩაბლოს საქართველოდან გამოყოფა გაუმართლებლად აღიაროთ. თეორეტიკოსები, სესეციის, ანუ გამოყოფის თეორიაზე ვინც მუშაობს, ორ ჯგუფად იყოფიან: ერთი ლიბერალურად არის განწყობილი და მომხრეა, რომ ხალხის მოთხოვნის შემთხვევაში სახელმწიფო დაიშალოს, მეორე – არ ეთანხმება.

თუმცა ყველაზე ლიბერალურად განწყობილებიც კი აღიარებენ, რომ გამოყოფის მსურველს უნდა შეეძლოს ამ ტერიტორიის შენახვა უცხო სახელმწიფოს ჩარევის გარეშე. მოგეხსენებათ, საქართველოდან გამოყოფილ ტერიტორიებზე ეს ქვეპუნქტი უკვე ირღვევა... ბევრს ეგონა, რუსეთის ფაქტორი გაზვიადებული იყო ამ კონფლიქტებში, 2008 წლის აგვისტოს მერე თუკი ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, სიმართლეში დარწმუნდა.

– 2008 წლის ზაფხულში სად იყავით?

– ავსტრალიაში. თავიდან ყველგან იმას წერდნენ, რუსეთი რა დღეში აგდებს საქართველოსო... მერე მედიაში გაჩნდა ტალღა – საქართველო რა დღეში აგდებს ეთნიკურ უიმცირესობებსო. ასეთი ფაქტები მოჰყავდათ: ბოლო აღწერით (1989 წელს)  60% ოსი იყო სამხრეთ ოსეთში. მათ  აღარ უნდათ საქართველოს ფარგლებში ცხოვრებაო... გასაგებია, მაგრამ მათ რომ არ შეუძლიათ თავის რჩენა დამოუკიდებლად ამ ტერიტორიაზე, არ აქვთ არანაირი რესურსი და ვერც იარსებებენ, თუ არ შეუერთდნენ რუსეთის ფედერაციას?! აფხაზეთის მოსახლეობას რეფერენდუმით უნდათ დამოუკიდებლობაო. როცა 45% დევნილია, არ შეიძლება ამ შედეგებზე დაყრდნობა. ჯერ დევნილები დავაბრუნოთ, ამიტომაც არ აბრუნებენ, რომ შედეგის ეშინიათ...

– ძალიან რთული მდგომარეობა გვაქვს, ხან გგონია საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას და სასიკეთო საქმეს პირი არ უჩანს...

– სადაც აქამდე მოვსულვართ, ამის მერეც ვიარსებებთ... გლობალიზაციის მასშტაბები დიდია, მაგრამ ერის გადაშენებაზე საუბარი გადამეტებულად მეჩვენება. მსოფლიოში 11 ქვეყანაა, სადაც არ არის უცხო ეროვნებები, სომხეთი ამ თერთმეტ სახელმწიფოს შორისაა. საქართველო, რა თქმა უნდა, სიაში არ გახლავთ... მერე რა, მე ძალიან მიყვარს მეიდანი, სადაც ჩვენი ეკლესიაც დგას, სინაგოგაც მეჩეთიც... არ უნდა გავაპოლიტიკუროთ ეს საკითხი, პრობლემას სხვაგვარად შევხედოთ. იმაზე ვიზრუნოთ, რომ ჩვენი ეროვნული უმცირესობები ზოგჯერ ქართულად ვერ ლაპარაკობენ, ვასწავლოთ და მივცეთ გასაქანი.

გასულ წელს ბირმინგემში, კონფერენციაზე, ცნობილმა ბრიტანელმა ჟურნალისტმა ტომ დე უოლმა (იგი კავკასიის საკითხებზე მუშაობს) თქვა: "ჩემი არც თუ ისე ოპტიმისტური დასკვნა არის ის, რომ კავკასიაში ინტეგრაციის სურვილი უნდა მოდიოდეს ხალხისგან, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი განხორციელების ერთადერთი რეალური გზა – ევროკავშირი ძალიან შორს არის. ევროპულ ღირებულებებთან მიახლოებამ თეორიულად შეიძლება მოუტანოს კავკასიას საუკეთესო მომავალი და საბოლოოდ გადაჭრას მისი ეთნო-ტერიტორიული კონფლიქტები, მაგრამ იმისთვის, რომ ამ იდეამ იმუშაოს, ევროპელებს მეტად უნდა შესტკიოდეთ გული ამ რეგიონზე, კავკასიელებს კი უფრო მეტად უნდა აღელვებდეთ ერთად მუშაობის პერსპექტივა..."

ჩვენ სერიოზული შრომა გვჭირდება მიზნის მისაღწევად. აქვე ერთ ფაქტსაც გავიხსენებ: ინგლისში ჯორჯ ჰიუიტი ასწავლის ქართულს, ცნობილი პიროვნებაა და კეთილგანწყობილი არ არის საქართველოს მიმართ. მაგრამ ის ერთადერთი პედაგოგია... ამიტომაც  ძალიან უნდათ ბირმინგემის უნივერსიტეტში ქართული ენის დანერგვა. ადრე მაგისტრანტებს აძლევდნენ თემებს რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში. ახლა შემოიტანეს კავკასიის და ცენტრალური აზიის თემებიც. ყოველ წელს უნდა დაინერგოს სალექციო კურსი ენაში კავკასიიდან და ცენტრალური აზიიდან...

წელს ყაზახეთის საელჩოს დიდი აქტიურობით ყაზახური დაინერგა... ქართულის დანერგვა ვერ მოხერხდა დაფინანსების არქონის გამო.  არადა ძალიან მინდა, რომ ქართულს აქაც ასწავლიდნენ და მხოლოდ ჯორჯ ჰიუიტის ამარა არ ვიყოთ. იქნებ მობილიზება მოვახდინოთ და ვეცადოთ...

P.შ. ნინომ სხვა ამბებთან ერთად ერთი სასიამოვნო ამბავიც მიამბო: "ავსტრალიაში შევხვდი  ნორვეგიის საერთაშორისო დახმარების მინისტრს, ბატონ ერიკ სოლჰეიმს. მან სემინარზე აღნიშნა, რომ ნამყოფი იყო ჩვენს ქვეყანაში და საქართველოს პირველ ლედის ქალბატონ სანდრა რულოვსსაც შეხვედროდა. ბატონი ერიკი განსაკუთრებით დაინტერსებული იყო სამხრეთ ოსეთის კონფლიქტით. სიტყვის დამთავრების ბოლოს მთელი დამსწრე დიპლომატიური და აკადემიური საზოგადოების წინაშე თქვა, რომ ნორვეგია და ავსტრალია ორივე არაჩვეულებრივი სილამაზის ქვეყნებია, მაგრამ საქართველოს მაინც ვერ შეედრებაო. ძალიან მესიამოვნა მისი სიტყვები და მთელი საღამო ამაყად ვეცნობოდი ყველას, როგორც ყველაზე ლამაზი ქვეყნის შვილი".

ძალები აუცილებლად უნდა მოვიკრიბოთ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქვეყნის გადასარჩენად...